Facebook Twitter

¹ას-389-705-09 23 ივნისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ კ. ნ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 22 სექტემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე კ. ნ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 14 000 ლარის ოდენობით ჯარიმის, ზინის სახით 2 618.17 ლარისა და 14 000 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნების საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

2005 წლის 30 მარტს კ. ნ-ძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 აპრილის ¹2358 ბრძანებით კ. ნ-ძე 2005 წლის 30 მარტიდან გაწვეულ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად;

2005 წლის 5 სექტემბერს კ. ნ-ძემ თავისი პატაკით, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, ითხოვა შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლება;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3052 ბრძანების საფუძველზე ამავე სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის I მექანიზირებული ასეულის II მექანიზირებული ოცეულის ჯგუფი «ალფას» მძღოლ-მექანიკოსი (შტატი ¹8/592-01), კაპრალი კ. ნ-ძე კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში;

სამხედრო ნაწილის მეთაურისა და საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კ. ნ-ძემ 2005 წლის 1 აპრილიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 2 006.17 ლარი;

სამხედრო ნაწილის ოფიცრის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, კ. ნ-ძეზე დახარჯულმა კვების ხარჯმა სამსახურის გავლის პერიოდში შეადგინა 612 ლარი;

მოპასუხის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადაა 7 თვე და 22 დღე.

სამხედრო მოსამსახურესთან დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც, მოცემულ შემთხვევაში 14 000 ლარს შეადგენდა. კონტრაქტის 7.4 მუხლით სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მათ დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. რამდენადაც კ. ნ-ძეს თანხა უნდა გადაეხადა კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2005 წლის 2 დეკემბრამდე, რაც არ გადაუხდია, კონტრაქტის 7.4 მუხლიდან გამომდინარე, მას უნდა დაკისრებოდა 0.2%-ის ოდენობის პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 2005 წლის 2 დეკემბრიდან მოთხოვნილი თანხის გადახდამდე.

რაც Aშეეხებოდა ზიანის სახით გადასახდელ 2 618.17 ლარს, ეს იყო თანხა, რაც დაიხარჯა სამხედრო მოსამსახურის _ კ. ნ-ძის მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება სამინისტროს მოუწია მის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნის გამო, ვინაიდან ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დასახელებულ მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 394.1, 407-ე, 414-ე მუხლებზე და მათზე დაყრდნობით ითხოვდა მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურებას (ს.ფ. 1-12).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 612 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 59-63).

დასახელებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ს.ფ. 73-84).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ს.ფ. 90-94).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი კ. ნ-ძისათვის 14 000 ლარის ოდენობით ჯარიმის თანხისა და 14 000 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას (ს.ფ. 126-132).

ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამ ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მისი ვადაზე ადრე შეწყვეტას უნდა მოეცვა სამართალდარღვევის შემადგენლობის ყველა ის ელემენტი, როგორიც იყო მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ნ-ძემ ბრალეულად დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, რაც სათანადოდ დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ანუ სახეზე იყო სამართალდარღვევის შემადგენლობის ელემენტები: მართლსაწინააღმდეგობა და ბრალი.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე არ იყო ზიანი, რაც გამოიწვევდა კ. ნ-ძის ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, შესაბამისად, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თავდაცვის სამინისტროს მტკიცება იმის თაობაზე, რომ კ. ნ-ძის მიერ მათზე მიყენებული ზიანი უნდა განსაზღვრულიყო 2 006.17 ლარით, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა წარმოადგენდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის დამატებით დახარჯულ თანხას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის აღნიშნული მოსაზრება არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ნ-ძის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 7 თვესა და 22 დღეს, რის სანაცვლოდაც მან მიიღო ანაზღაურება 2 618.17 ლარის ოდენობით. მოპასუხე ამ დროის განმავლობაში დასაქმებული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ასრულებდა სამუშაოს, რისთვისაც დამსაქმებლის მიერ ხელფასის სახით გადახდილ იქნა 2 618.17 ლარი. სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის სახით აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს, ისე მოქმედ შრომის კანონმდებლობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომის კონტრაქტის შესაბამისი მუხლებით ასევე დასტურდებოდა, რომ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის დადებიდან უზრუნველყოფილი იყო ხელფასით. სამხედრო მოსამსახურისათვის ხელფასის სახით მიცემული თანხა კი არ შეიძლებოდა განხილულიყო როგორც ზიანი, რადგან აღნიშნული თანხა წარმოადგენდა გაწეული შრომის კომპენსაციას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ ამტკიცებდა, თუ რა თანხა იქნა დახარჯული კ. ნ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის, კონტრაქტის დარღვევის შემდეგ მოამზადა თუ არა ახალი სამხედრო მოსამსახურე, რა თანხა დაიხარჯა მის მომზადებაში და საერთოდ, კონტრაქტის დარღვევით მიიღო თუ არა თავდაცვის სამინისტრომ მატერიალური (ქონებრივი) ზიანი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 135-144).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივებით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით საქმე გადასცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ე.ი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციით საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად გაეუქმებინა სამტრედიის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, რამდენადაც მოვალისათვის წინასწარ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, კერძოდ, კ. ნ-ძე გაცნობილი იყო კონტრაქტის 8.2 და 8.3 მუხლების შინაარსს, რომლებიც კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში პირდაპირ მიუთითებენ სავარაუდო ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე.

საგულისხმოა, რომ კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ იქნა მიღწეული დასახული მიზანი. კონტრაქტის დარღვევით ზიანი მიადგა არა მარტო თავდაცვის სამინისტროს, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს, რადგან კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო მიიღებდა ჩამოყალიბებულ სამხედრო მოსამსახურეს.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ, ხოლო შეიარაღებული ძალების ყოველგვარი უზრუნველყოფისათვის გამოიყოფა შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებები. მაშინ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე ვადაზე ადრე შეწყვეტს კონტრაქტს, აუცილებელია მოხდეს გათავისუფლებული ადგილის შევსება. ყოველივე ამას დამატებითი თანხები ესაჭიროება, თუნდაც ეს იყოს ხელფასი და სხვა სახის დანამატი.

ამდენად, ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა საქართველოს კანონმდებლობით ახალი ხარჯების, მათ შორის, ხელფასის გაცემასთანაა დაკავშირებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანი და მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა (ს.ფ. 149-158).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია კ. ნ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და კ. ნ-ძეს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3052 ბრძანებით სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის პირველი მექანიზირებული ასეულის მეორე მექანიზირებული ოცეულის ჯგუფი «ალფას» მძღოლ-მექანიკოსი, კაპრალი კ. ნ-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.

ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი («ადმინისტრაციული ხელშეკრულება») სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის, «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება;

საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.