Facebook Twitter

ას-391-707-09 24 სექტემბერი, 2009წელი

ქ. თბილისი თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ბ. თ-ავა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 22 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე ბ. თ-ავას მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 14 000 ლარის ოდენობით ჯარიმის, ზიანის სახით 3720,21 ლარის, სანივთე დავალიანების 370,80 აშშ დოლარისა და 14 000 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

სასარჩელო განცხადებიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა შემდეგი:

ბ. თ-ავა 2005 წლის პირველი მარტიდან დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის სადაზვერვო ოცეულის პირველი სადაზვერვო ოცეულის პირველი სადაზვერვო ათეულის მეთაურად, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის დღიდან იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრის ¹3194 ბრძანებით ბ. თ-ავა 2005 წლის პირველი ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;

სამხედრო მოსამსახურესთან დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ვალდებულება აანაზღაუროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც მოსარჩელის მითითებით შეადგენს 14000 ლარს;

მოპასუხის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადამ შეადგინა რვა თვე.

კონტრაქტის 7.4 მუხლით სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. რამდენადაც ბ. თ-ავას თანხა უნდა გადაეხადა კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, რაც არ გადაუხდია, კონტრაქტის 7.4 მუხლიდან გამომდინარე, მას უნდა გადაეხადა 0.2%-ის ოდენობის პირგასამტეხლო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ბ. თ-ავას მიმართ ზიანის – 3720,21 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სადავოდ არ გაუხდია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. თ-ავას შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ადმინისტრაციული ორგანო _ თავდაცვის სამინისტრო ფიზიკური პირისაგან _ სამხედრო მოსამსახურისაგან ითხოვდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე შესამოწმებელი იყო სასარჩელო მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა, რაც სამოქალაქო საქმეთა პალატის კომპეტენციას წარმოადგენდა. ასეთ დასკვნას განაპირობებდა სასამართლო წესით (დავის წარმოების გზით) დასაცავი უფლების მატერიალური შინაარსი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და უფლებები, რომელთა დასაცავადაც აღიძრა სარჩელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო ხასიათის იყო, რის შესაბამისადაც არ არსებობდა ამ ნაწილში დავის გადაწყვეტისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენების საჭიროება.

საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლებს, რომელთა განმარტების შედეგადაც ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა განსახილველად ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუქვემდებარა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. თ-ავამ ბრალეულად დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ანუ სახეზე იყო სამართალდარღვევის ისეთი შემადგენელი ელემენტები, როგორებიცაა მართლსაწინააღმდეგობა და ბრალი.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ზიანი, რაც გამოიწვევდა ბ. თ-ავას ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. შესაბამისად, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზიანი წარმოადგენდა სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს, თუ არ იქნებოდა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლებოდა დამდგარიყო. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თავდაცვის სამინისტროს მტკიცება იმის თაობაზე, რომ ბ. თ-ავას მიერ მათზე მიყენებული ზიანი უნდა განსაზღვრულიყო 3720,21 ლარით, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა წარმოადგენდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის დამატებით დახარჯულ თანხას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის აღნიშნული მოსაზრება არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეში არსებული მასალებით კი დასტურდებოდა საპირისპირო.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. თ-ავას სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 8 თვეს, რის სანაცვლოდაც მან მიიღო ანაზღაურება 3720,21 ლარის ოდენობით. მოპასუხე ამ დროის განმავლობაში დასაქმებული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ასრულებდა სამუშაოს, რისთვისაც დამსაქმებლის მიერ ხელფასის სახით გადახდილ იქნა 3720,21 ლარი ანუ მხარეს ხელფასის სახით გადახდილი 3720,21 ლარის შესაბამისი სამუშაო 8 თვის განმავლობაში უკვე შესრულებული ჰქონდა და ზიანის სახით აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს, ისე მოქმედ შრომით კანონმდებლობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომის კონტრაქტის შესაბამისი მუხლებით ასევე დასტურდებოდა, რომ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის დადებიდან უზრუნველყოფილი იყო ხელფასით. სამხედრო მოსამსახურისათვის ხელფასის სახით მიცემული თანხა კი არ შეიძლებოდა განხილულიყო როგორც ზიანი, რადგან აღნიშნული თანხა წარმოადგენდა გაწეული შრომის კომპენსაციას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ ამტკიცებდა, თუ რა თანხა იქნა დახარჯული ბ. თ-ავას, როგორც სამხედრო მოსამსახურის მომზადებაში, კონტრაქტის დარღვევის შემდეგ მოამზადა თუ არა ახალი სამხედრო მოსამსახურე, რა თანხა დაიხარჯა მის მომზადებაში და საერთოდ, კონტრაქტის დარღვევით მიიღო თუ არა თავდაცვის სამინისტრომ მატერიალური (ქონებრივი) ზიანი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის (ხელშეკრულების) პირობების დარღვევის გამო წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო კოდექსი, მოქმედი კანონმდებლობა.

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბ. თ-ავასგან 3720,21 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება. მოთხოვნილი ზიანის შინაარსზე მიუთითებს კონტრაქტის 8.2, 8.3 და 8.4 მუხლები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე.

საგულისხმოა, რომ კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ იქნა მიღწეული დასახელებული ინტერესი და მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ფაქტობრივად უშედეგოდ დაიხარჯა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია ბ. თ-ავას, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და ბ. თ-ავას შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრის ¹3194 ბრძანებით სამინისტროს მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის სადაზვერვო ოცეულის პირველი სადაზვერვო ოცეულის პირველი სადაზვერვო ათეულის მეთაური, ბ. თ-ავა 2005 წლის პირველი ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.

ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება;

საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.