ას-392-743-07 19 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “ .. ..” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ...” (მოპასუხე)
დავის საგანი – სახელშეკრულებო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „.. ..“ დირექტორმა ნ. შ-მ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შპს „მ...ს“ მიმართ სახელშეკრულებო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2002 წლის 1 ნოემბერს მას და მოპასუხეს შორის დაიდო ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა შორის ანგარიშსწორების ტარიფები. აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა 2003 წლის 1 სექტემბრამდე, ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებამდე. 2003 წლის მაისიდან შპს „მ...მა“ თვითნებურად შეამცირა ტარიფის ოდენობა და ახორციელებდა თანხების ნაწილობრივ გადახდას, რის გამოც 2003 წლის მაისიდან 1 სექტემბრამდე მოპასუხის გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 16185 ლარი. ხელშეკრულების 5,6 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,25 პროცენტი. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის დავალიანებამ 2003 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პირგასამტეხლოს გათვალისწინებით სარჩელის აღძვრის მომენტში შეადგინა 35 404 ლარი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოპასუხეს 2003 წლის 1 მაისის მდგომარეობით გააჩნდა დავალიანება მის მიმართ 2 283 ლარი. 2002 წლის 23 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ასევე, 2003 წლის 1 სექტემბერს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 3570 ლარი (ძირითადი თანხის 1943 ლარის და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით). მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისთვის 41 257 ლარის დაკისრება. შემდგომ, მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 53 474 ლარის დაკისრება;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „.. ..“ სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „მ...ს“ დაეკისრა 2002 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ძირითადი დავალიანების 16 185.71 ლარის და მასზე დარიცხული საურავის - 33178.79 ლარის, სულ 49 364,5 ლარის გადახდა, ასევე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების გადახდა 283 ლარის ოდენობით. შპს „მ...ს“ შპს „ .. ..“ სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების გადახდა 1 826.62 ლარის ოდენობით, ხოლო 2002 წლის 23 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი დავალიანება - 2000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გაგაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ .. ..“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „მ...ს“ შპს „ .. ..“ სასარგებლოდ დაეკისრა 32 469 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ სარჩელის აღძრის მომენტისათვის, 2002 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოსარჩელის ძირითადი დავალიანება მოპასუხის მიმართ შეადგენს 16 185.17 ლარს, ხოლო უკვე არსებული დავალიანება - 283 ლარს; 2002 წლის 23 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ძირითადი დავალიანება შეადგენს 2000 ლარს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი დავალიანების გადახდის შესახებ საფუძვლიანია და ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლს. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საფუძვლიანია მოპასუხის შესაგებელი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ. სააპელაციო პალატამ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,25 პროცენტის ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირითადი დავალიანების თანხისა და გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, ამიტომ უნდა შემცირდეს 0,1 პროცენტამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „.. ..“ დირექტორმა ნ. შ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3 და მე-11 მუხლების მოთხოვნები. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, გაურკვეველია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინებით შპს „ .. ..“ დირექტორ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შპს “მ...მა” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ .. ..“ დირექტორ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს „ .. ..“ დირექტორ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ .. ..“ დირექტორ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1050 ლარისა და 25 თეთრის) 70% _ 736 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.