საქმე №482აგ-15 6 მაისი, 2016 წელი
გ-ი თ., 482აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 20 ნოემბრიდან.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით თ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე, 27 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 18 მარტიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. გ-მა, რომელმაც სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ თ. გ-ს ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია); განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – მსჯავრდებული თ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გადასინჯვას, ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულიად კანონიერად გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულ თ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
3. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. გ-სთვის სასჯელის უცვლელად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხე ლმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე