¹ას-394-643-08 27 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ა-იძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – რ. ფ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გენერალური პროკურატურა, აჭარის ა/რ პროკურატურა (მოსარჩელე)
დავის საგანი – ქონების დაუსაბუთებლად ცნობა და სახელმწიფოსათვის გადაცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 7 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა გიორგი პაპუაშვილმა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ სარჩელით მიმართა. მოსარჩელემ განმარტა, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ა. ა-ძის, ი. გ-ძის, რ. ბ-ძის, თ. კ-ძისა და ი. ა-ძის მიმართ. საქმის წარმოების დროს გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც საფუძველს იძლეოდა ვარაუდისათვის, რომ ნ. ა-იძეს, რომელიც ა. ა-ძის ახლო ნათესავი იყო, მფლობელობაში ჰქონდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შპს “ა-ში” ნ. ა-იძის კუთვნილი წილის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, მისი ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ა-იძეს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა შპს “ბ-ში” 30%-იანი წილი, რომლის ღირებულებაც გადაწყვეტილების მიღების დროისათვის 181 274 ლარს შეადგენდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ა-იძის წარმომადგენელმა ა. უ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ წილი შპს “ბ-ში” გააჩნდა არა ნ. ა-იძეს, არამედ შპს “გ-ის”, რომლის ერთადერთი პარტნიორი მოპასუხე იყო. სასამართლო გადაწყვეტილებით კი არ ირკვევა კონკრეტულად რომელი წილის ჩამორთმევაზეა საუბარი. გარდა ამისა, მართალია ნ. ა-იძე ა. ა-ძის და იყო, მაგრამ მათ კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა. სასამართლომ ასევე არ შეაფასა მტკიცებულებები, რომლებიც ნ. ა-იძის შემოსავალს ასახავდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. ა-იძის წარმომადგენელ ანზორ უსტიაიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აჭარია ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელხლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. საკსაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლოს უნდა ემსჯელა შპს “გ-ის” საქმეში სათანადო სტატუსით ჩაბმაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს “გ-ი” საქმეზე თანამოპასუხედ იქნა ჩაბმული.
იმავე სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით შპს “გ-ი” მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ა-იძეს ჩამოერთვა შპს “გ-ში” 100%-იანი წილი და სახელმწიფოს გადაეცა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ა-იძეს არ ჰქონდა კანონიერი გზით მოპოვებული შემოსავალი სადავო 100%-იანი წილის შესაძენად.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ა-იძის წარმომადგენელმა ა. უ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის თანხმობის გარეშე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ გამოიკვლია საქმის გარემოებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ. ა-იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დავის საგანი კი არ შეცვალა, არამედ დააზუსტა თავისი მოთხოვნა, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ა-იძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა სადავო წილის მის მიერ კანონიერად მიღებული შემოსავლებით შეძენის ფაქტს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ა-იძის წარმომადგენელმა რ. ფ-აძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. ა-იძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპეალციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელხალა განსახილველად იმავე პალატას დაუბრუნდა.
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეს დავის საგანი არ შეუცვლია, გარდა ამისა, გასაჩივრებული განჩინებით არ ირკვეოდა სასამართლოს სადავო ქონება უკანონოდ მიჩნდა თუ დაუსაბუთებლად, არ გამოუკვლევია იყო თუ არა დაკავშირებული სადავო ქონების შეძენის ფაქტი კასატორის ახლო ნათესავის, ა. ა-ძის თანამდებობაზე ყოფნასთან და არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლოს უნდა შეემოწმებინა სარჩელის დასაშვებობის საკითხი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214 მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქმე განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. ა-იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დავის საგანი არ შეუცვლია, მან ერთი ნივთის, ანუ შპს “ბ-ში” ნ. ა-იძის წილის ნაცვლად, მეორე ნივთის _ შპს “გ-ში” მოპასუხის წილის სახელმწიფოსათვის მიკუთვნება მოითხოვა, აღნიშნული კი მოპასუხის თანხმობას არ საჭიროებდა. სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელზე ვერ გავრცელდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3562 მუხლის მოთხოვნები, აღნიშნული სარჩელი 2004 წელს იყო შეტანილი და იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დასაშვები იყო. სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა თუ რა საშუალებებით მოიპოვა ნ. ა-იძემ სადავო წილი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი კანონიერად მიღებული შემოსავლებით შეძენის ფაქტს ვერ ადასტურებდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ა-იძის წარმომადგენელმა რ. ფ-აძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასებები მისცა საკასაციო სასამართლოს მითითებებს, არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3562 მუხლი და დასაშვებად მიიჩნია პროკურატურის სარჩელი, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი დასაშვებობის წინაპირობები დაცული იყო, გარდა ამისა სასამართლომ არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი გამოიყენა, არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც კანონიერი შემოსავლების მიღების ფაქტს ადასტურებდა, ასევე არ გამოიყენა იმავე კოდექსის 3563 მუხლის მე-5 ნაწილი. კასატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის “ნ”, “ს” და “ტ” ქვეპუნქტები, ასევე 3563 მუხლის მე-3 ნაწილი და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სდავო ქონება უკანონო შემოსავლებით იყო შეძენილი, მით უფრო, რომ მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პლატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-იძის წარმომადგენელ რ. ფ-აძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ნ. ა-იძის წარმომადგენელ რ. ფ-აძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3562-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, მაგრამ 2004 წლის 7 სექტემბერს, სარჩელის შეტანის დროს, სახეზე იყო სარჩელის დასაშვებობის პირობა - სისხლის სამართლის საქმის წარმოება ბრალდებული თანამდებობის პირის მიმართ. სარჩელის შეტანის პერიოდისათვის აღნიშნული წესი დაცული იყო, ამიტომ კანონში დღეს განხორციელებული ცვლილება ვერ გავრცელდება 2004 წელს შეტანილ სარჩელზე დაუშვებლად ცნობის თვალსაზრისით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილი. პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია სადავო სამართლებრივი ურთიერთობა, მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ კანონის დარღვევით მოხდა დავის საგნისა და საფუძვლის შეცვლა, ვინაიდან დავის საგანს მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და საფუძველს ის გარემოებები, რომ მოპასუხე ნ. ა-იძე წარმოადგენდა ასლან აბაშიძის დას, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად საკუთრების უფლებით ფლობდა წილს საწარმოში, იღებდა შესაბამის შემოსავალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ სასამართლომ, მოცემული კატეგორიის დავათა განხილვისას, ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ქონება, რომელსაც მოსარჩელე ედავება მოპასუხეს უკანონოა თუ დაუსაბუთებელი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული ტერმინები სხვადასხვა შინაარსს შეიცავენ, რასაც სხვადასხვა შედეგები მოჰყვება საპროცესო და მატერიალური სამართლებრივი თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო არის არა ის, თუ რა საშუალებით შეიძინა მოპასუხემ შპს „გ-ში“ საწესდებო კაპიტალის სახით აუდიტის დასკვნით შეფასებული 5000 ლარად ღირებული ავტომანქანა, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ტ“ პუნქტიდან გამომდინარე, რამდენად დასაბუთებულია მოპასუხის წილი შპს „გ-ში“.
წილის დასაბუთებულობაზეა საუბარი განჩინების აღწერილობით ნაწილში და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც, შესაბამისად, გაუმართლებელია სასამართლოს მიერ მხოლოდ საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონების დასაბუთებულობაზე მსჯელობა.
საწარმოში საწესდებო კაპიტალი სხვა ფუნქციებთან ერთად ასრულებს პარტნიორთა წილის განსაზღვრის ფუნქციას. საზოგადოებაში პირის წილად მიიჩნევა უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, რომელიც პირს აქვს შპს-ის წევრობიდან გამომდინარე.
კორპორაციის რეგისტრაციის შემდეგ საწესდებო კაპიტალი ექცევა ბრუნვაში, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო იძენს გარკვეულ ქონებას, მართალია, ფორმალურად იზრდება საწარმოს ქონება, მაგრამ ამ დროს იზრდება პარტნიორის ქონებაც, რადგან მას ეძლევა ადრინდელთან შედარებით მეტი სარგებლის მიღების უფლება დივიდენდის ან მოგების სახით.
როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, შპს „ბ-ში“ არსებული წილის მესაკუთრე არის „გ-ი“, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეს ნ. ა-იძე წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ფორმალურ ხასიათს იძენს საწრმოს მეშვეობით წილის ქონა სხვა საწარმოში, როდესაც საწარმოს 100%-იანი დამფუძნებელი არის ერთი პირი და მეორე საწარმოში არსებული წილის შესაბამის მოგებას მთლიანად პირველი საწარმოს დამფუძნებელი იღებს.
როდესაც სადაო ხდება შპს “ს-ში” ნ. ა-იძის „გ-ის“ მეშვეობით არსებულ წილის დასაბუთებულობა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს წილის ყველა ელემენტზე და არა მხოლოდ საწესდებო კაპიტალში შესატანზე.
მოცემული კანონიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებითი და არა ფორმალური მხარე. ამდენად, ქონება, საიდანაც შემოსავალს იღებს მხოლოდ და მხოლოდ ნ. ა-იძე და მისი ერთადერთი განმკარგველი მხოლოდ ნ. ა-იძეა, დაუსაბუთებლობის შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს ჩამორთმევას.
დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ნ. ა-იძეს შეიძლება ჩამოერთვას შპს „გ-ში“ არსებული წილი, ხოლო თუ აღნიშნული წილი სხვა ქონებასაც მოიცავს, ამ შემთხვევაში ნ. ა-იძეს შეიძლება ჩამოერთვას შპს “ს-ში” შპს „გ-ის“ სახელზე არსებული წილიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ზემომითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა გაარკვიოს მოსარჩელის მოთხოვნა, განსაზღვროს მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირები. თუ დაზუსტებული მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე მხარეებს ესაჭიროებათ ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლომ მათ ამის შესაძლებლობა უნდა მისცეს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს წილის ყველა ელემენტზე და არა მხოლოდ საწესდებო კაპიტალში შესატანზე, ამ მიმართულებით გამოიკვლიოს მტკიცებულებები და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-იძის წარმომადგენელ რ. ფ-აძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.