Facebook Twitter

¹ას-394-710-09 20 ოქტომბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ დ. დ-ძე, წარმომადგენელი ლ. ა-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს “თელასი”, წარმომადგენელი გ. წ-ელი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ დარიცხული თანხის გადახდისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. დ-ძემ მოპასუხე სს “თელასის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დარიცხული თანხის _ 1235 ლარის გადახდისგან გათავისუფლება და ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ დ. დ-ძე არის სს “თელასის” აბონენტი. 2007 წლის 10 მაისს სს “თელასის” თანამშრომლებმა მოსარჩელის ბინაში გამორთეს ელექტროენერგია. დენის გათიშვის შემდეგ მოსარჩელის მეუღლემ ელექტროენერგიის ხაზი გადმოიყვანა მეზობლიდან, რის გამოც სს “თელასის” წარმომადგენლების მოსვლის დროს ბინაში იყო ელექტროენერგია. სს “თელასის” მიერ შედგა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს 1235 ლარი დაერიცხა. მოსარჩელის მოსაზრებით, სს “თელასის” აქტში მითითებული მონაცემები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. იგი არ დასწრებია არალეგალური ხაზის აღმოჩენისა და მისი ჩაჭრის ფაქტს, აქტს ხელი მოაწერეს მხოლოდ სს “თელასის” თანამშრომლებმა, შესაბამისად, აქტი უკანონო იყო (ტომი I, ს.ფ. 1-7).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით დ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 10 მაისს სს “თელასის” თანამშრომლებმა შეადგინეს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა სს “თელასის” აბონენტის _ დ. დ-ძის მიერ ელექტროენერგიის არალეგალურად მოხმარების ფაქტი და აბონენტს გამოერთო ელექტროენერგია. აბონენტი აქტის შედგენას არ დასწრებია და შესაბამისად, მასზე ხელი არ მოუწერია. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო აქტი უკანონოა მასზე მხოლოდ სს “თელასის” თანამშრომლების ხელმოწერის გამო, ვინაიდან აქტზე აბონენტის ხელმოწერის არარსებობა არ განაპირობებდა შემოწმების აქტის უკანონობას და შესაბამისად, მის საფუძველზე დარიცხული თანხის გადახდისგან გათავისუფლებას (ტომი I, ს.ფ. 62-66).

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 92-102).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით დ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. დ-ძის მიერ მეზობლისგან ელექტროენერგიის გადმოყვანის ფაქტის აღიარება ადასტურებდა მის მიერ აღურიცხავი ელექტროენერგიის მოხმარებას და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნის კანონიერებას (ტომი II, ს.ფ. 70-73).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებზე არ იყო დაბარებული კანონით დადგენილი წესით, ასევე, არსებობს მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, როლებიც წინააღმდეგობაშია სს “თელასის” მიერ შედგენილი აქტისა და ოქმის მონაცემებთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ტომი II, ს.ფ. 112-132).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

პროცესის მონაწილე მხარეები, ერთი მხრივ, სს “თელასი” (წარმომადგენელი გ. წ-ელი), ხოლო, მეორე მხრივ, დ. დ-ძე, მორიგდნენ შემდეგზე:

სს “თელასის” მიერ 2007 წლის მაისის თვეში შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹154831 აქტის საფუძველზე დარიცხული 1227.87 ლარიდან სს “თელასი” თანახმაა, დ. დ-ძეს გადასახდელად დარჩეს 400 (ოთხასი) ლარი. აღნიშნული თანხა დ. დ-ძის მიერ დაფარულ იქნება ნაწილ-ნაწილ, მორიგების აქტის დამტკიცების შემდგომ 8 (რვა) თვის განმავლობაში, თანხის სააბონენტო ბარათზე ¹1078014 შეტანით;

მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ მხარეები უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ ყოველგვარ პრეტენზიაზე. ერთ-ერთი მხარის მიერ მორიგების პირობების დრღვევის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს, გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს _ დ. დ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

სს “თელასის” მიერ 2007 წლის მაისის თვეში შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹154831 აქტის საფუძველზე დარიცხული 1227,87 ლარიდან სს “თელასი” თანახმაა, დ. დ-ძეს გადასახდელად დარჩეს 400 (ოთხასი) ლარი. აღნიშნული თანხა დ. დ-ძის მიერ დაფარული იქნება ნაწილ-ნაწილ, მორიგების აქტის დამტკიცების შემდგომ 8 (რვა) თვის განმავლობაში, თანხის სააბონენტო ბარათზე ¹1078014 შეტანით.

მორიგების აქტის დამტკიცების შემთხვევაში მხარეები უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე.

ერთ-ერთი მხარის მიერ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს უფლება აქვს, გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

4. დ. დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.