საქმე №460აგ-15 6 მაისი, 2016 წელი
ლ-ე გ., 460აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით გ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 8-8 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განაჩენით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ლ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის საბოლოო ზომად – 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ. ლ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ლ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ მუხლით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კვლავ გაუნახევრდა და ამ მუხლით საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ გ. ლ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით, 3 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 26 ოქტომბრიდან.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განაჩენში 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ძირითად სასჯელებში შევიდა ცვლილება: საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის გამოყენებით შემცირებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 4 წელი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 2 თვე, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 4 თვე და გ. ლ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 3 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
9. 2015 წლის 6 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ლ-მ, რომელმაც სსკ–ის 260–ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ლ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 3 იანვრის განაჩენებში შევიდა ცვლილება:
· მსჯავრდებულ გ. ლ-ს ქმედება სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონების საფუძველზე ორჯერ გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ამ მუხლით მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით ამ მუხლით დანიშნული სასჯელიდან, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, აღებულია თავისუფლების აღკვეთა 4 თვით, რაც დარჩა უცვლელად.
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
11. კასატორი – მსჯავრდებული გ. ლ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უდანაშაულოდ იხდის სასჯელს და ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამატებული სასჯელის – 4 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხსნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით გ. ლ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით - 8 წლიდან - 6 წლამდე, ახალი რედაქციის სანქციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
4. პალატა მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, შესაბამისად ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისთვის სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისას უსამართლოა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან კვლავ 4 თვის დამატება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე