Facebook Twitter

საქმე №496აგ-15 თბილისი

რ-ი ო., 496აგ-15 11 მაისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. რ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ო. რ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ო. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 თვე, 28 დღე და საბოლოოდ ო. რ-ს განესაზღვრა 1 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 11 თვისა და 28 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით ო. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე, 59-ე მუხლების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. რ-ს განესაზღვრა - 13 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 6 დეკემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ო. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განაჩენზე.

5. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ო. რ-ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელებისაგან, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 6 დეკემბრიდან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ო. რ-ს საკასაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

7. 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ო. რ-მა და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება შეიცვალა: მსჯავრდებულ ო. რ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ ო. რ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 6 დეკემბრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. რ-მა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ო. რ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლითა და 6 თვით, 10 წლიდან და 6 თვიდან - 8 წლამდე, რაც ახალი რედაქციის სანქციის ფარგლებშია, რომელიც ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე და შეამციროს მისი ზომა.

5. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

6. რაც შეეხება მსჯავრდებულ ო. რ-ს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნას (ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების - ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრისა და ამ საფუძვლით განაჩენის გადასინჯის შესახებ), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნით (შუამდგომლობით) მას არ მიუმართავს განსჯადი - სააპელაციო სასამართლოსათვის და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ საკითხზე, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს ეს მოთხოვნა.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე