ას-395-745-07 19 სექტემბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო. კ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – მ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ხ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ვ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ო. კ-ის მიმართ და მოითხოვა სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ მასთან შეთანხმების, შესაბამისი ნებართვისა და პროექტების გარეშე ჩაატარა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება. ამასთან, მოპასუხის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ხ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო.ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო. ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. კ-ს დაევალა დაბა წყნეთში, ... ქუჩა ¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის სარდაფისა და ეზოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო. ხ-ი წარმოადგენს დაბა წყნეთში, ... ქუჩის ¹36 კოტეჯის მე-2 სართულის 87,07 კვ.მ.-ის მესაკუთრეს, ხოლო ამავე კოტეჯის პირველ სართულს ფლობს ო. კ-ე, რომელსაც ეს ფართი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობით გადაეცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით კოტეჯი განთავსებულია დაუზუსტებელი მონაცემებით 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ო.კ-მ ჩაატარა კოტეჯის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მიაერთა სარდაფი, ქვის ღობით გაყო საერთო ეზო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე.
სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ო.ხ-ი არის სადავო ქონების თანამესაკუთრე და მას აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება. ამ უფლების ხელყოფის გამო მას მოესპო საერთო საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, რის გამოც მისი მოთხოვნა საფუძვლიანია. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 208-ე, 219-ე, 240-ე, 170 და 172-ე მუხლები.
სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, სარდაფისა და ეზოს გაყოფის სამუშაოთა წარმოებაზე არსებობდა შეთანხმება, ვინაიდან საქმის მასალებში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 183-184-ე მუხლებით დადგენილი წესით შედგენილი შეთანხმება.
სასამართლომ ასევე არ მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, ვინაიდან, ჩათვალა, რომ სადავო ურთიერთობებზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა და მხარის მიერ სარჩელი ამ ვადაშია აღძრული. ამასთან, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე 2000 წლიდან სისტემატურად მიმართავდა სახელმწიფო ორგანოებს თავისი უფლების დასაცავად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის მტკიცებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი და უნდა გამოეყენებინა 160-ე მუხლი. არასწორად განმარტა და გამოიყენა სკ-ის 183-185-ე მუხლები, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც შეეხება საზიარო საგნის მართვის საკითხებს; არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება. კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს საერთო საკუთრების ქონებით სარგებლობის შესახებ გარიგების გაფორმებას წერილობითი ფორმით.
კასატორს მიაჩნია, რომ სკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, შესაძლებელია სხვაგვარად გამოიყენონ საერთო საკუთრებაში შემავალი შენობის ნაწილები, გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე კი, თითქოსდა დაუშვებელია საერთო საკუთრებით სარგებლობის სხვა წესის არსებობა, გარდა ზოგადი წესისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის საზიარო უფლებების შესახებ მუხლები. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მითითებული ნორმის თანახმად, საზიარო უფლებების მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის საზიარო უფლებების შესახებ თავის წესები. ამასთანავე, ეს მუხლი შეიცავს დათქმას, რომ კანონმა შესაძლებელია ამ თავისაგან განსხვავებული წესები გაითვალისწინოს. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ნორმები საზიარო უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეებს აქვთ საზიარო უფლებები, თუმცა სამოქალაქო კოდექსი მრავალბინიან სახლებში საკუთრების რეგულირების განსხვავებულ წესს ადგენს, რის გამოც მრავალბინიან სახლებში მესაკუთრეთა საზიარო უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობების რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს 208-232-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო. ხ-ი წარმოადგენს დაბა წყნეთში, ... ქუჩის ¹36 კოტეჯის მე-2 სართულის 87,07 კვ.მ-ის მესაკუთრეს, ხოლო ამავე კოტეჯის პირველ სართულს ფლობს ო. კ-ე. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ო. კ-მ ჩაატარა კოტეჯის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მიაერთა სარდაფი, ქვის ღობით გაყო საერთო ეზო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის და სათანადო ნებართვის გარეშე. სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ო.ხ-ი არის სადავო ქონების თანამესაკუთრე და მას აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება. ამ უფლების ხელყოფის გამო მას მოესპო საერთო საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
მრავალბინიანი სახლში საკუთრების მომწესრიგებელი ნორმების (სკ-ის 208-ე-232-ე მუხლების) თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. ყოველი ბინის მესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება. შეთანხმებები, რომლებითაც ბინის მესაკუთრენი ერთმანეთთან ურთიერთობებს ამ კოდექსის ნორმებისაგან განსხვავებულად აწესრიგებენ _ ძალაშია შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ (სკ-ის 215-ე მუხლი).
მრავალბინიან სახლებში საერთო საკუთრებიდან ფართის გამოყოფის შესაძლებლობას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლი ისეთი ფართის მიერთების, გადაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც წარმოადგენს 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფართის შემადგენელ ნაწილს. ამასთან, აქვეა დათქმა, რომ ამით არ უნდა შეილახოს საერთო საკუთრების რეჟიმი ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ანდა არ შეიცვალოს შენობის გარეგნული სახე.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო. ხ-ი არის სადავო ქონების თანამესაკუთრე და მას აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება. ასევე დადგენილია, რომ ო. კ-მ დაარღვია საერთო საკუთრების რეჟიმი, ჩაატარა კოტეჯის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მიაერთა სარდაფი, ქვის ღობით გაყო საერთო ეზო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე ანუ მოპასუხეს არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული ქმედებების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ქმედებებით მოპასუხემ ხელყო მოსარჩელის უფლება, ამ უფლების ხელყოფის გამო მას მოესპო საერთო საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ, სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ჯერ ერთი, დადგენილია, რომ მოსარჩელე 2000 წლიდან სისტემატურად მიმართავდა სახელმწიფო ორგანოებს თავისი უფლების დასაცავად. მეორეც, მოსარჩელეს არ დაუკარგავს საკუთრების უფლება, იგი დღესაც სადავო ქონების თანამესაკუთრედ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ამ უფლების რეალიზაცია შეუძლია ნებისმიერ დროს, კერძოდ, მას შეუძლია კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საერთო საკუთრებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ უფლების ხელყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.