ას-396-746-07 13 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ო. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე –თ. ყ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 13 იანვარს თ. ყ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოვალე ო. ა-ის მიმართ, გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2005 წლის 26 აგვისტოს მასსა და ო. ა-ს შორის ერთი თვის ვადით, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან ასესხა 8000 აშშ დოლარი ო. ა-ს, თვეში 2% სარგებლის დარიცხვით. ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07% ოდენობით.
თ. ყ-მა აღნიშნა, რომ მოვალემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა ვალდებულება თანხის დაბრუნების თაობაზე, რის გამოც მოითხოვა მის სასარგებლდოდ ო. ა-ზე ძირითადი თანხის 8000 აშშ დოლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის თანხის 2%-ის, რაც შეადგენს 640 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს სახით 504 აშშ დოლარის, სულ 9282 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2006 წლის 31 იანვარს, მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება თ. ყ-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ და ო. ა-ს დაეკისრა თ. ყ-ის სასარგებლოდ ძირითადი თანხის 8000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, სესხის სარგებლის 2%-ის 640 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, ხელშეკრულებით გათვა.წინებული პირგასამტეხლოს 0.07% 504 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, სახელმწიფო ბაჟის 138 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, სულ 9.282 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
2006 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ო. ა-ს მიერ წარდგენილ იქნა შესაგებელი გადახდის ბრძანების წინააღმდეგ. იგი მიუთითებდა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იქნა მოტყუებით, კერძოდ: იგი მუშაობდა ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე არსებულ ავტომანქანების სადგომზე ...ად. 2005 წლის 11 აგვისტოს ავტოსადგომიდან დაიკარგა „მერსედესის“ მოდელის მიკროავტობუსი, რომლის მფლობელსაც მოსარჩელე წარმოადგენდა ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 8000 აშშ დოლარს. თ. ყ-ი თანხის გადახდას მოითხოვდა, როგორც ავტოსადგომის ფაქტობრივი მეპატრონისაგან ი. ხ-საგან, რომელსაც ავტოსადგომი თავის სიდედრზე ე. ქ-ზე ჰქონდა გაფორმებული, ასევე მისგან და მასთან ერთად ცვლაში მყოფ ზ. წ-საგან.
ვინაიდან, ზ. წ-ს ქონება არ გააჩნდა, ხოლო ი. ხ-ი ავტოსადგომის ოფიციალური მეპატრონე არ იყო, ზ. წ-მა და ი. ხ-მა, ო. ა-ს შესთავაზეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, იმ პირობით, რომ თანხას ვადაში გადაიხდიდნენ. თუმცა, ზ. წ-მა და ი. ხ-მა, თ. ყ-ს თანხა არ გადაუხადეს. მოპასუხემ განმარტა, რომ ყოველივე ეს ნიშნავდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას მოტყუებით და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადახდის ბრძანება და დადგინდა დავალიანების გადახდის შესახებ აღძრული მოთხოვნის განხილვა საერთო სასარჩელო წესით.
2006 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დაკმაყოფილდა თ. ყ-ის სარჩელი და მოსარჩელის სასარგებლოდ, ო. ა-ს დაეკისრა, ძირითადი თანხის 8000 აშშ დოლარის, ოთხი თვის პროცენტის 640 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 90 დღეზე 504 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო. ა-მა. აპელანტმა მოითხოვა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი.
გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება თ. ყ-ის სასარგებლოდ ო. ა-სათვის პირგასამტეხლოს 504 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
არ დაკმაყოფილდა თ. ყ-ის სარჩელი მის სასარგებლოდ ო. ა-სათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 2005 წლის 26 აგვისტოს თ. ყ-სა და ო. ა-ს შორის, სანოტარო ფორმით, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა ერთი თვე. სესხის ოდენობათ შეადგენდა 8000 აშშ დოლარს, თვეში 2% პროცენტის სარგებლის დარიცხვით. ამასთან, მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოთხოვნის უზრუნველდსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ო. ა-ის საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისი, ...3, მე-3ა მ\რ, კორპუსი ¹322, ბინა ¹.... სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული გარიგების ბათილობის ფაქტობრივი გარემოებები (მოტყუება ან იძულება). მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიკროავტობუსის დაკარგვის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ქურდობის ფაქტსა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას შორის არის ორი კვირის შუალედი, არ ადასტურებს არც ამ ფაქტებს შორის კავშირს და არც ო. ა-ზე განხორციელებულ იძულებას ან მოტყუებას გარიგების დადებისას. ხოლო ო. ა-ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად სასამართლომ ვერ იმსჯელა გარიგების ბათილობაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულებით განსაზღვრული 2% შეადგენს 640 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა შეადგენს 504 აშშ დოლარს, რაც გულისხმობს იმას, რომ პირგასამტეხლო უფრო ნაკლების მოთხოვნის საშუალებას აძლევს მოსარჩელეს, ვიდრე ვადის გადაცილების გამო კანონით გათვა.წინებული პროცენტის გადახდის მოთხოვნა. ამ ნაწილში თ. ყ-ის სარჩელი ო. ა-სათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო თ. ყ-ის სასარგებლოდ ო. ა-სათვის ფულადი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 2%-ის 640 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა.
კასატორის განმარტებით 2005 წლის 12 აგვისტოს გამთენიისას თბილისში, ვარკეთილის ... მე-2 მ\რ, კორპუსი ¹10-თან მდებარე ავტოსადგომიდან გაურკვეველ ვითარებაში და დაუდგენელ პირთა მიერ მოპარულ იქნა თ. ყ-ის კუთვნილი მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით „...“. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2005 წლის 12 ოქტომბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე (სისხლის სამართლის საქმე ¹...). შესაბამისი ცნობა და სხვა მასალები სისხლის სამართლის საქმიდან ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს I განყოფილებიდან მოპოვებული სრულად წარედგინა სასამართლოს, რაც ცალსახად ადასტურებს ამ გარემოებას.
აღნიშნული ცნობა და სისხლის სამართლის საქმის მასალები ადასტურებენ, რომ ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ სახელმწიფო ნომერი „...“ ქურდობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია თ. ყ-ი, ხოლო ო. ა-ი დაკითხული არის მოწმის სახით. ავტომანქანის დაკარგვის შემდგომ, თ. ყ-ს გაუჩნდა პრეტენზიები და ითხოვდა ავტომანქანის ღირებულების 8000 აშშ დოლარით ანაზღაურებას ავტოსადგომის ფაქტიური მეპატრონის ი. ხ-სგან და ასევე მისგან ცვლაში მომუშავე ზ. წ-საგან
გათვალისწინებით იმისა, რომ წამალაშვილს არ ერიცხებოდა უძრავი ქონება, მოითხოვდნენ ვითომდა სესხად მიღებული 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თ. ყ-ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინაბ ამასთან ავტოსადგომის ფაქტიური მეპატრონე და გამგებელი ი. ხ-ი ცდილობდა რა რომ აერიდებინა ქონებრივი პასუხისმგებლობა ინდ. მეწარმე ე. ქ-სათვის იძლეოდა დაპირებებს, რომ როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასესხები თანხის დაბრუნების ვადა დადგებოდა ის დაეხმარებოდა თანხის გასტუმრებაში. ამ საფუძველზე ი. ხ-მა 2005 წლის 15 აგვისტოს წერილობითი ფორმით აღუთქვა კასატორის ძმას ნ. ა-ს, რომ უზრუნველყოფდა შესაბამისი ანაზღაურების ხელფასით და დაუთმობდა ბაზრობის 10%-იან წილს.
კასატორის განმარტებით შემოთავაზებაზე უარის შემდგომ განხორციელდა მიზანმიმართული იძულება, რათა თ. ყ-თან გაეფორმებინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თ. ყ-ი მას ანუ იმ ავტოსადგომის დარაჯს, საიდანაც 2005 წლის 12 აგვისტოს მოიპარეს მისი კუთვნილი ავტომანქანა მიკროავტობუსი, რამოდენიმე დღის შემდეგ 26 აგვისტოს სესხად აძლევდეს 8000 აშშ დოლარს (ავტომანქანის ღირებულების ფარგლებში) და ეს იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთმანეთს 2005 წლის 12 აგვისტომდე არც კი იცნობდნენ, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, საიდანაც გამომდინარეც თ. ყ-ი ითხოვს კასატორისათვის თანხის დაკისრებას, ნოტარიუსის მიერ აღნიშნულია, რომ თანხის გადაცემა მის სანოტარო ბიუროში არ შემდგარა და რომ მხარეთა განცხადებით თანხა ო. ა-ს მიღებული აქვს სანოტარო ბიუროში მოსვლამდეო. არავითარი თანხა თ. ყ-საგან მას არ მიუღია და საერთოდ გამორიცხული იყო მისი მიღება, ხოლო ზემოხსენებული ხელშეკრულება გაფორმებულია ზეწოლისა და იძულების შედეგად, რომელსაც ახორციელებდნენ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ი. ხ-ი, თ. ყ-ი და მათი ახლობლები. თ. ყ-ს როგორც დაზარალებულს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილის დაკარგვიდან გასულია თითქმის ორი წელიწადი ინდ. მეწარმე „ე. ქ-სათვის“ ანუ იმ სუბიექტისთვის ვინც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ავტოსადგომზე და შესაბამისად არის კიდეც მსგავს შემთხვევებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის მატარებელი, Gარ მოუთხოვია რატომღაც ზიანის ანაზღაურება ავტომანქანის ღირებულების ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ მცდარია სასამართ-ლოს დასკვნა კონკრეტულ შემთხვევაში, რომ სესხის ურთიერთობა ქმნიდა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წინაპირობას: რამეთუ რეალურად არავითარ სასესხო ურთიერთობას მასსა და თ. ყ-ს შორის ადგილი არ ჰქონია, ამ ხელშეკრულების გაფორმებით მოხდა თ. ყ-სათვის ქონებრივი გარანტიის მიცემა დაკარგული ავტომობილის სანაცვლოდ, რასაც საფუძვლად ედო მისი იძულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და 2007 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.