Facebook Twitter

¹ას-397-713-09 20 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორები: 1. მ. ბ-ძე (შეგებებული სარჩელის ავტორი)

2. ე. მ-ოვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. მ-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ძის მიმართ მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების მიღების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის ბოლოს ე.მ-ოვმა მოპასუხისაგან 8000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა “მერსედეს ბენცი”, სახელმწიფო ნომრით “BშB-915”, რომლის ღირებულებაც უნდა გადაეხადა ეტაპობრივად. 2006 წელს მოპასუხეს გადაუხადა 6000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 2000 აშშ დოლარის მიღებაზე მ.ბ-ძე უარს აცხადებს. ამდენად, მოპასუხის მიმართ მისი ვალდებულება 2000 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით უნდა შეწყდეს დეპონირების გზით და მოპასუხეს დაეკისროს ავტომანქანის აღრიცხვიდან მოხსნა, რათა მოსარჩელემ მოახდინოს სადავო ნივთის თავის სახელზე აღრიცხვა.

მ. ბ-ძემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. მ-ოვის უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ავტომანქანის გამოთხოვა, ასევე ზიანის _ 2005 წლის დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვიურად 500 ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: 2005 წლის დეკემბერში მხარეები აპირებდნენ მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, რის საფუძველზეც მ. ბ-ძემ მოწინააღმდეგე მხარეს მფლობელობაში გადასცა კუთვნილი ავტომანქანა იმ პირობით, რომ დეკემბრის ბოლომდე ე.მ-ოვი გადაიხდიდა 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს 2005 წლის კურსის შესაბამისად. მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია, რის გამოც მ.ბ-ძე უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, რადგან მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა. სადავო ნივთის ე.მ-ოვის მფლობელობაში უსასყიდლოდ გადაცემით მხარემ ვერ მიიღო მისი გაქირავების შემთხვევაში მისაღები ქირა, რაც ყოველთვიურად 500 ლარს წარმოადგენდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. მ-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. ბ-ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1994 წელს გამოშვებული სახელმწიფო ¹BშB-915 “მერსედეს ბენცის” მარკის ავტომანქანა გამოთხოვილ იქნა ე. მ-ოვის მფლობელობიდან, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნას უარი ეთქვა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. ბ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ამასთან, მხარემ შეამცირა მოთხოვნის ოდენობა და მოითხოვა ზიანის _ 10000 ლარის მოწინააღმდეგისათვის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მ.ბ-ძის შეგებებული სარჩელი 2880 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ე.მ-ოვს მ.ბ-ძის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 115 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის დეკემბერში მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ ე. მ-ოვი შეიძენდა მ. ბ-ძის კუთვნილ “მერსედეს ბენცის” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით “BშB -915”. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით. ავტომანქანა მყიდველს გადაეცა მფლობელობაში. ე.მ-ოვი ავტომანქანით სარგებლობდა 18 თვის განმავლობაში, 2005 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ივლისამდე. მართალია, ე.მ-ოვი მიუთითებს, რომ თანხის ნაწილი _ 6000 აშშ დოლარი მ.ბ-ძეს გადაუხადა, თუმცა აპელანტმა აღნიშნული მითითება უარყო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე.მ-ოვმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა. მ.ბ-ძემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე. პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი ე. მ-ოვის მფლობელობიდან ავტომანქანის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. სამოქალაქო კოდექსის 505-ე, 507-ე მუხლებისა და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატამ ჩათვალა, რომ მხარეებს შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულების პირობა, რაც მის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობაში გამოიხატა, გამყიდველმა უარი თქვა ხელშეკრულებაზე, ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ნასყიდობის საგანი მას უნდა დაუბრუნდეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თანხის ანაზღაურების თაობაზე მ.ბ-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხების გადაწყვეტისათვის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისადმი სამართლის ნორმის შეფარდება სასამართლოს პრეროგატივაა და იგი შეზღუდული არ არის მხოლოდ მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 414-ე მუხლით და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში კრედიტორ მ. ბ-ძის ინტერესი ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მიმართ იყო თანხის _ 8000 აშშ დოლარის დადგენილ ვადაში მიღება, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში მისაღები თანხის სარგებლის სახით, შესაბამისად, ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, უნდა განისაზღვროს 8000 აშშ დოლარის 2%-ით _ 160 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გონივრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან, აღნიშნული კი 18 თვის მანძილზე, ავტომანქანის დაბრუნებამდე პერიოდში, 2880 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ტოლია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ე. მ-ოვმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ირკვევა, თუ რის გამოც გამოიყენა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 506-507-ე მუხლები. თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობა გადახდის განვადებით და აღნიშნული გარიგების წერილობით გაფორმების დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა, სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ასეთ დროს მყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტის გარეშე. ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 407-ე, 411-ე და 414-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუღებელი შემოსავლის პროცენტის დაკისრება, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მიუღებელი შემოსავლის დანაკარგს უკავშირდება. ამასთან, სააპელაციო სასამართლო გასცდა მ. ბ-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით: სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა კასატორის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სპეციალისტმა დაადგინა, რომ მ. ბ-ძის კუთვნილი ავტომანქანის მახასიათებლების მქონე ავტომობილით სარგებლობისათვის საზღაური, საქართველოში არსებული ფასების შესაბამისად, შეადგენდა 600 ლარს. სასამართლომ ასევე დაადგინა ის გარემოებაც, რომ ე. მ-ოვი კასატორის კუთვნილი ავტომანქანით 2005 წლის დეკემბრიდან 2007 წლის აგვისტომდე სარგებლობდა ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უდავოა, რომ ე. მ-ოვმა უსაფუძვლოდ მიიღო კასატორის საკუთრებაში არსებული ქონებრივი სიკეთე. სწორედ აღნიშნულს ეფუძნება მ.ბ-ძის მოთხოვნა ე.მ-ოვისათვის, სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 991-ე მუხლებიდან გამომდინარე, 2005 წლის დეკემბრიდან 2007 წლის აგვისტომდე ავტომანქანით სარგებლობისათვის ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრების შესახებ, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 10000 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან გამომდინარე ნორმების გამოყენებაზე მხარეს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ სარგებლობის უფლება ქონებას არ წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, პირი უსაფუძვლოდ გამდიდრდება მაშინ, როდესაც მის ხელში ქონება უსაფუძვლოდ აღმოჩნდება. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სადავო შემთხვევაში სწორედ ანალოგიური სიტუაცია არსებობდა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, მას საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის დეკემბერში მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ ე. მ-ოვი შეიძენდა მ. ბ-ძის კუთვნილ “მერსედეს ბენცის” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით “BშB -915”. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით. ავტომანქანა მყიდველს გადაეცა მფლობელობაში. ე.მ-ოვი ავტომანქანით სარგებლობდა 18 თვის განმავლობაში, 2005 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ივლისამდე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ბ-ძის შეგებებული სარჩელი ე. მ-ოვის უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის _ ავტომანქანის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ოვისა და მ. ბ-ძის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმეზე გამოსარკვევი და დასადგენია ფაქტობრივი გარემოებანი, რომელთა გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი შეფასების კანონიერებაზე მსჯელობა, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებულია ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით და მყიდველის _ ე.მ-ოვის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობით დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ბ-ძისთვის მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს ავტომანქანის დაბრუნებამდე პერიოდში გადასახდელი თანხის პროცენტით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია, თუ რა ვადით მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გადახდის განვადება. შესაბამისად, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული სააპელაციო პალატის მითითება მისაღები თანხის 18-თვიან ვადით პროცენტის ანაზღაურებაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისათვის სამართლის ნორმის შეფარდება სასამართლოს პრეროგატივაა და იგი შეზღუდული არ არის მხოლოდ მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ სამართლებრივი შეფასების შეცვლამ არ უნდა მოიცვას მხარის მიერ მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მ.ბ-ძე შეგებებული სარჩელით მოითხოვდა თანხის დაკისრებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მოპასუხე 18 თვის განმავლობაში არამართლზომიერად სარგებლობდა მისი ავტომანქანით.

ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოერკვია, თუ რა პერიოდის განმავლობაში ფლობდა არამართლზომიერად მოპასუხე ავტომანქანას. ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ ე.მ-ოვი სარჩელში უთითებს ორი წლით განვადების ნასყიდობაზე, ხოლო მ.ბ-ძე შეგებებულ სარჩელში უთითებს, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა გადასცა ე.მ-ოვს მფლობელობაში იმ პირობით, რომ დეკემბრის ბოლომდე მოპასუხეს უნდა გადაეხადა 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უნდა გამოარკვიოს:

_ რა ვადაში უნდა გადაეხადა მყიდველს ნასყიდობის საგნის თანხა;

_ განვადებით ნასყიდობის დადგენის შემთხვევაში დროის რა შუალედებში უნდა მომხდარიყო გადახდა და ხელშეკრულების მოშლამდე რა თანხის გადახდის ვადა გადააცილა მოვალემ;

_ ამ გარემოებათა გამორკვევის შემდეგ სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს, რა დროიდან იმყოფებოდა ნივთი მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში.

აღნიშნული ფაქტების დადგენა შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს, იმსჯელოს ავტომანქანის ე.მ-ოვის მფლობელობაში ყოფნით რა ოდენობის და რა სახის ზიანი მიადგა მ.ბ-ძეს; რამდენად მოსალოდნელი იყო მ.ბ-ძისათვის მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ავტომანქანის გაქირავებით სარგებლის მიღება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. მ-ოვისა და მ. ბ-ძის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.