ას-397-747-07 28 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ა-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. კ-ს მიმართ და მიუთითა, რომ 2004 წლის 24 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. 2005 წლის 16 თებერვალს მათ შეეძინათ შვილი – ლ. კ-ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-სა და ლ. კ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით ლ. კ-ს დაეკისრა 2005 წლის 15 ივლისიდან ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 120 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
2006 წლის 14 აპრილს, ალიმენტის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ა-მ და აღნიშნა, რომ სასამართლომ მოპასუხე ლ. კ-ს, შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა დააკისრა მისი ხელფასის – 667 ლარის გათვალისწინებით. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მოპასუხის ხელფასის ოდენობა გაიზარდა და ამჯერად იგი შეადგენს 1030 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ა-მ მოითხოვა მოპასუხე ლ. კ-სათვის შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის – 120 ლარის გაზრდა 400 ლარამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ლ. კ-ს შვილის – 2005 წლის 16 თებერვალს დაბადებული ლ. კ-ს სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაეზარდა თვეში 30 ლარის ოდენობით და იგი 2006 წლის 14 აპრილიდან განისაზღვრა თვეში 150 ლარით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. კ-ს არასრულწლოვანი შვილის – 2005 წლის 16 თებერვალს დაბადებული ლ. კ-ს სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 120 ლარის ოდენობა, გაეზარდა 130 ლარით და ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა 2006 წლის 14 აპრილიდან ყოველთვიურად 250 ლარით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე ლ. კ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30Mმაისის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2007 წლის 17 სექტემბერის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ლ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით ლ. კ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 86-87).
მოცემულ შემთხვევაში კასატორს განჩინების ასლი გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა იგი კასატორს პირადად არ ჩაჰბარებია, განჩინების ასლი ჩაჰბარდა შ. ყ-ს 2007 წლის 16 ივნისს (ს.ფ. 89).
2007 წლის 17 სექტემბრის, 15 ოქტომბრისა და 12 ნოემბრის განჩინებებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოძახებული მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლიარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება.
მოცემული განჩინებები კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და მის სამუშაო ადგილზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინების ასლი კასატორის მამას – რ. კ-ს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 20 ნოემბერს, (ს.ფ. 100); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.