Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-398-646-08 21 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე

კასატორი _ შპს ,,ს-ი” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ნ. კ-შვილი, ა. კ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. წ-შვილი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ. გ-აძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,ს-ის” ფილიალის ¹113-ე (ყოფილი ¹2678) ავტოკოლონამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს. წ-შვილის მიმართ საიჯარო გადასახადის _ 744 აშშ დოლარისა და ავტომობილის დარჩენილი ღირებულების _ 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი 5904 ლარის გადახდევინების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1993 წლის 15 მაისს ,,ს-ის” ¹2678 ავტოკოლონის მძღოლ ს. წ-შვილს იჯარით გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი მოპასუხის სახელზე გაპიროვნებული “კამაზ-53212” მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით “...”. მოპასუხეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია და არც ავტომანქანა მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით შპს ,,ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. წ-შვილს იჯარით 3 თვის ვადით გადაეცა “კამაზ-53212” მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით “...”, რომელიც მას საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია. პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, 1993 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 212-ე მუხლი, ხოლო 1998 წლის ვალდებულების აღიარების ხელწერილიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის _ 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ურთიერთობისას მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად სავსებით მართებულად ჩათვალა, ვინაიდან მხარეს არ მიუთითებია ისეთ გარემობებზე, რომლებიც, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 82-ე და 83-ე მუხლების მიხედვით, შეიძლება ჩათვლილიყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების ან შეწყვეტის კანონით დადგენილ საფუძვლად და მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასეთად მიჩნევის შემთხვევაშიც, აღნიშნული ზემოხსენებული ვადის შეწყვეტას ან შეჩერებას ვერ გამოიწვევდა, რადგან, მითითებული მტკიცებულებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის დარღვევით, წარმოდგენილ იქნა არა დედნის, არამედ ასლების სახით. სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სასარჩელო ხანდამულობის ვადა შეჩერდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ 1998 წელს ვალდებულების აღიარების გამო, ვინაიდან, ფაქტობრივად, ს.წამალაშვილს სადავო ვალდებულება არ უღიარებია, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი წარდგენილ იქნა ასლის სახით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული დოკუმენტის დედნის სახითაც წარმოდგენისა და, შესაბამისად, სადავო ხანდაზმულობის ვადის 1998 წლიდან ათვლის შემთხვევაშიც მოსარჩელის მიერ 2006 წლის 18 აგვისტოს აღძრული მოთხოვნა მაინც ხანდაზმული იქნებოდა, რადგან გასული იყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სახელშეკრულებო ურთიერთობებზე დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს ,,ს-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევისას არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ორგანიზაციის უფროსმა კ.კაჭარავამ 1996 წლის 1 მაისს ¹7 წერილით მიმართა საქართველოს შსს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარ სამმართველოს უფროს ა.ჟვანიას (აღნიშნული მიმართვა საქმეში წარმოდგენილია დედნის სახით), სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით, რომელიც გადიოდა 1996 წლის 15 აგვისტოს. ასევე, 1998 წელს კასატორმა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ზარალის ანაზღაურების თაობაზე. ამავე წლის 18 მარტს მოსამართლე ვ.კირვალიძემ სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განჩინებით გადაუგზავნა მცხეთის რაიონულ პროკურატურას ს.წამალაშვილის ქმედებაში შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის მოტივით. საქმეში არსებული მცხეთის საგამოძიებო განყოფილების უფროსის 2005 წლის 7 აპრილის ცნობის დედნით ირკვევა, რომ მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოდან გადმოგზავნილი მასალები გადაუგზავნა მცხეთის საგამოძიებო განყოფილებას. 1998 წლიდან 2005 წლამდე აღნიშნული მასალები იმყოფებოდა სამართალდამცავი ორგანოების სხვადასხვა სტრუქტურებში ისე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, რა დროსაც სადავო ხანდაზმულობის ვადა შეჩერებული იყო. აღნიშნულისათვის სასამართლოს შეფასება არ მიუცია. სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა გრძელდება 2005 წლის 7 აპრილიდან და სადავო სარჩელი შეტანილ იქნა 2006 წლის 18 აგვისტოს განმეორებით, ვინაიდან პირველი 1998 წელს შეტანილი სასარჩელო განცხადება, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, სამართალდამცავ ორგანოებში დაიკარგა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. მოპასუხე ს. წ-შვილი კისრულობს ვალდებულებას, 10 (ათი) თვის განმავლობაში გადაიხადოს სადავო თანხიდან შეთანხმებით მიღწეული თანხა _ 1000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდით შპს ,,ს-ის” სასარგებლოდ;

2. პირობის დარღვევის შემთხვევაში ხელწერილის დადების დღიდან ორი წლის შემდეგ ს.წ-შვილმა უნდა გადაიხადოს სადავო თანხა _ 2500 აშშ დოლარი სრულად.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზ. ა-ის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახით 2008 წლის 23 მაისს გადახდილი 300 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 257-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება შპს ,,ს-ის” ფილიალის ¹113 ავტოკოლონასა და ს. წ-შვილს შორის შემდეგი პირობებით:

1. მოპასუხე ს. წ-შვილი კისრულობს ვალდებულებას, 10 (ათი) თვის განმავლობაში გადაიხადოს სადავო თანხიდან შეთანხმებით მიღწეული თანხა _ 1000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდით შპს ,,ს-ის” სასარგებლოდ;

2. პირობის დარღვევის შემთხვევაში ხელწერილის დადების დღიდან ორი წლის შემდეგ ს.წ-შვილმა უნდა გადაიხადოს სადავო თანხა _ 2500 აშშ დოლარი სრულად.

დაუბრუნდეს შპს ,,ს-ს” ზ. ა-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახით 2008 წლის 23 მაისს გადახდილი 300 ლარი.

გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ,,ს-ის” ფილიალის ¹113 ავტოკოლონას სარჩელის გამო ს. წ-შვილის მიმართ თანხის გადახდევინების თაობაზე.

განემარტოთ მხარეებს, რომ ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.