ას-399-715-09 13 ოქტომბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე) _ შპს “ბ. ო. ტ. ლ.”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) _ სს “..... ბანკი”
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ შპს “უ. ს. ცენტრი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 9 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “..... ბანკმა” მოპასუხე შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” მიმართ. მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა: 2002 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკიდან მის მიერ სესხის სახით აღებული თანხის, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დღემდე დარიცხული პროცენტის და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს, აგრეთვე სს “.... ბანკთან” 2002 წლის 30 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, მთლიანობაში 1 357 179 აშშ დოლარის, ასევე წარმომადგენლის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2002 წლის 15 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹454 სს “....” ბანკსა და შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” შორის, რომლის თანახმად, ბანკმა მოპასუხე ორგანიზაციას მისცა სესხი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წელი, ხოლო წლიური პროცენტად _ 14%.
ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება ¹454-ა, რომლითაც საკრედიტო უზრუნველყოფის საშუალებად განისაზღვრა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” წილი შპს “უ. ს. ცენტრის” საწესდებო კაპიტალში.
ძირითადი ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის თანახმად, კრედიტისა და კუთვნილი საპროცენტო სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო დაუფარავი კრედიტის თანხის თვიური 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2002 წლის 30 სექტემბერს შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-სა” და სს “... ბანკს” შორის დაიდო კიდევ ერთი საკრედიტო ხელშეკრულება ¹2002, რომლის შესაბამისად მოპასუხემ სესხის სახით აიღო 1 000 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით.
მოსარჩელის მითითებით, 2002 წლის 15 აგვისტოს ¹454 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბანკო დავალიანება დარიცხული პროცენტებით შეადგენდა 527 931 აშშ დოლარს, ხოლო 2002 წლის 30 სექტემბრის ¹561 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს გააჩნდა 82 527 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება. სარჩელის აღძვრის დროისათვის აღნიშნული თანხები ჯამი შეადგენდა 610 458 აშშ დოლარს (ტომი I, ს.ფ. 1, 171-174, 175-180).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 21-22).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს “უ. ს. ცენტრი” განსახილველ საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (ტომი I, ს.ფ. 31).
2007 წლის 8 ივნისს იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-მ”, რომელმაც მოითხოვა სს “.... ბანკთან” დადებული 2002 წლის 15 აგვისტოს ¹454 საკრედიტო და ¹454-ა გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებების შესრულებულად აღიარება.
შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, სადავო 2002 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი იყო მიზნობრივი ხასიათის, რომელიც ბანკმა გასცა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.” სასარგებლოდ შპს “უ. ს. ცენტრში” 39.462%-იანი წილის შესაძენად. შპს “უ. ს. ცენტრის” 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს “.... ბანკი”, რომლისგანაც უნდა შეძენილიყო აღნიშნული წილი. აქედან გამომდინარე, სესხის გამცემიც და წილის გასხვისების სანაცვლოდ ანაზღაურების მიმღებიც იყო სს “... ბანკი”. პრაქტიკულად, სესხად გაცემული 500 000 აშშ დოლარი მოპასუხეს არ მიუღია, იგი დარჩა მოსარჩელესთან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეგებებულმა მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ურთიერთგასაქვითი მოთხოვნები, ერთი მხრივ, ბანკი ვალდებული იყო, შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-თვის” გადაეცა 500 000 აშშ დოლარი, ხოლო შპს “ ბ. ო. ტ. ლ.”, თავის მხრივ, მოვალე იყო, იგივე თანხა დაებრუნებინა ბანკისათვის.
შეგებებული მოსარჩელის მოსაზრებით, ბანკსა და ტერმინალს შორის 2002 წლის 15 აგვისტოს დადებული ¹454 საკრედიტო ხელშეკრულება იყო ბათილი. ამის დასასაბუთებლად შეგებებულმა მოსარჩელემ მიუთითა “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტზე. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, კომერციულ ბანკს არა აქვს უფლება, რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სესხის გაცემის ან რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება. აქედან გამომდინარე, სს “..... ბანკს” არ ჰქონდა ისეთი ხელშეკრულების დადების უფლება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ისევ ბანკის საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვა.
შეგებებულის მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულების ბათილობის შედეგად აღდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა. რამდენადაც მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა რეალურად არ მიუღია, შესაბამისად, მას არც თანხის დაბრუნების ვალდებულება გააჩნდა. რაც შეეხებოდა საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული წილის დაბრუნების საკითხს, აღნიშნული წილი შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” საკუთრებაში არ იმყოფებოდა (ტომი I, ს.ფ. 101-105).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სს “.... ბანკის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 357 179 აშშ დოლარის გადახდა, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი, სს “.... ბანკის” მოთხოვნა წარმომადგენლის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 15 აგვისტოს და 2002 წლის 30 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო ¹454 და ¹561 სესხის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით სს “.... ბანკმა” მოპასუხეზე გასცა კრედიტი 500 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები წარმოადგენდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებს, რომლითაც კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად საბანკო დაწესებულება მსესხებელს აძლევს სასყიდლიან კრედიტს. ამდენად, ხელშეკრულების დადება დასტურდება მსესხებლისათვის თანხის გადაცემით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის შესაგებელში მითითება იმის შესახებ, რომ მას 2002 წლის 15 აგვისტოს ¹454 ხელშეკრულების საფუძველზე ბანკისაგან აღებული აქვს 500 000 აშშ დოლარი, უნდა შეფასებულიყო როგორც მოპასუხის აღიარება, რომლითაც დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ თანხის მიღების თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა სს “.... ბანკის” მიერ საქმეში წარდგენილ მოპასუხის მიმართვის ასლზე ბანკისადმი, რომლითაც იგი ითხოვდა სესხის სახით 500 000 აშშ დოლარის მიღებას, აგრეთვე 2002 წლის 15 აგვისტოს ¹466 საგადასახადო დავალების ასლზე, რომლითაც მოპასუხემ მესამე პირს გადაურიცხა მითითებული თანხა და აღნიშნა, რომ დასახელებული მტკიცებულებების ანალიზიც ადასტურებდა მოპასუხის მიერ ამ თანხის მიღებას.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო იმ დროიდან, როდესაც შეგებებულმა მოსარჩელემ შეიტყო, რომ ბანკმა მას მოთხოვნილი თანხა არ გადაურიცხა. რამდენადაც 2002 წლიდან შეგებებული სარჩელის შეტანამდე გასული იყო 3 წელი, მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 405-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას; ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ; ამასთან, დამატებითი ვადის დაწესება აუცილებელი არ არის იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.
რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2002 წლის 15 აგვისტოს ¹454 ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს უნაღდო წესით გადასცა 500 000 აშშ დოლარი, ხოლო 2002 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებით გადასცა 1 000 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემდეგ გადასახდელი ჰქონდა 1 357 179 აშშ დოლარი, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულება შესრულებას ექვემდებარებოდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის მთავარ სხდომაზე გაზრდის თაობაზე, ვინაიდან 2007 წლის 20 ივნისის დაზუსტებულ სარჩელში, რომელიც სასამართლოში წარდგენილ იქნა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების დავალება, კერძოდ, ამ უკანასკნელისათვის ბანკიდან სესხის სახით აღებული თანხის, მასზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე დარიცხული პროცენტისა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც არ წარმოადგენდა მკაცრად განსაზღვრულ თანხას და გამოთვლილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, შესაბამისი დროის მონაკვეთის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, რამდენადაც წარდგენილი 2008 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებიდან არ ირკვეოდა, გასწია თუ არა მოსარჩელემ ხარჯი ადვოკატის მომსახურებისათვის (ტომი I, ს.ფ. 183-192).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” მიერ კრედიტის მიღების დამადასტურებლად სასამართლომ მიიჩნია 2002 წლის 15 აგვისტოს კრედიტის აღების თხოვნით ბანკისადმი მიმართვის ასლი. ამგვარი მიმართვა მხარის მიერ სესხის მიღების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ უნდა მიჩნეულიყო.
აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მისი აზრით, მოწინააღმდეგე მხარე ასეთ მტკიცებულებას ვერც წარადგენდა, რადგან შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია.
სასარჩელო მოთხოვნის საბოლოოდ ფორმულირება, კერძოდ, მოთხოვნილი თანხის 1 357 179 აშშ დოლარით განსაზღვრა მოხდა სასამართლოს ძირითად სხდომაზე, რისი უფლებაც, აპელანტის აზრით, მოსარჩელეს არ გააჩნდა. აღნიშნულის შედეგად დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.
2002 წლის 30 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით აპელანტმა მიუთითა სს “... ბანკის” სალიკვიდაციო კომისიის დასკვნაზე მსესხებლის დავალიანების შესახებ. ამ დასკვნის მიხედვით, კლიენტის _ “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” მიერ გადახდილია ძირითადი თანხა _ 1 000 000 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი _ 77 760 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, აპელანტისათვის გაუგებარია, რითი იხელმძღვანელა სასამართლომ მისთვის 82 527 აშშ დოლარის დაკისრებისას და საერთოდ, რა სახის დავალიანებას წარმოადგენდა ეს თანხა (ტომი I, ს.ფ. 200-209).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება შეიცვალა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” სს “.... ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 1 075 196.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” 2002 წლის 15 აგვისტოს მიმართვაზე სს “.... ბანკისადმი”, რომლითაც მან მოითხოვა პარტნიორული წილის გამოსყიდვის მიზნით 500 000 აშშ დოლარი (მოთხოვნაში მითითებულია, რომ მას თან ერთვოდა 2002 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულება ¹454), აგრეთვე, ს.ფ. 128-ზე არსებულ ამონაწერზე ანგარიშსწორების ანგარიშიდან და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზემოაღნიშნული მიმართვის საფუძველზე სს “.... ბანკმა” შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” სავალუტო ანგარიშზე ¹.... ჩაურიცხა 500 000 აშშ დოლარი.
აპელანტისათვის დასახელებული თანხის გადარიცხვის ფაქტის დამადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” წარმომადგენლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზეY(შეპასუხებაზე), სადაც მოპასუხე მიუთითებდა, რომ მან სს “.... ბანკიდან” აიღო სესხი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით და სესხის დაფარვის ვადა იწურებოდა 2017 წელს.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილი იყო ვალდებულებითი სამართლის საფუძველზე, კერძოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, 316-ე, 361-ე, 405-ე, 625-ე (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციით) მუხლებზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-თვის” დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის სისწორე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უნდა შემცირებულიყო, კერძოდ, განახევრებულიყო სასამართლოს მიერ დადგენილი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 199 455.5 აშშ დოლარის, ხოლო მთლიანობაში _ 1 075 196.5 (494.444+381.297+199.455.5) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სს “... ბანკი” სარჩელით ითხოვდა 610 458 აშშ დოლარის გადახდას, თანხის ოდენობის გაზრდა კი მოხდა ძირითად სხდომაზე და სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა გაზრდილი მოთხოვნა 1 357 179 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი. საქმეზე დგინდებოდა, რომ სს “.... ბანკმა” დაზუსტებული სარჩელით სასამართლოს მიმართა 2007 წლის 20 ივნისს და მოითხოვა სესხის სახით აღებული თანხის, დარიცხული პროცენტისა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს განსაზღვრა და დაკისრება სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის. აღნიშნულმა თანხამ (მოსარჩელის გამოთვლით) დაზუსტებული სარჩელის შეტანის დროს შეადგინა 979 631.34 აშშ დოლარი, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის _ 1 357 179 აშშ დოლარი. ამ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია სს “.... ბანკის” სალიკვიდაციო კომისიის დასკვნას მსესხებლის დავალიანების შესახებ, რომლის მიხედვით დგინდებოდა, რომ შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” გადახდილი ჰქონდა ძირითადი თანხა 1 000 000 აშშ დოლარი და პროცენტის სახით 77 760 აშშ დოლარი. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ამონაწერით ანგარიშსწორების ანგარიშიდან ვერ დგინდებოდა, 2002 წლის 1 ოქტომბრისთვის რა თანხა დარჩა გადასახდელი მოპასუხეს 666.66 აშშ დოლარის სახით, რომელმაც 2003 წლის 30 დეკემბრისათვის შეადგინა 160.287.33 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2002 წლის 30 სექტემბრის ¹577 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 82.527 აშშ დოლარის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი II, ს.ფ. 79-87).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის 1 075 196.5 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა.
კასატორის ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საბანკო კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. შესაბამისად, სახეზე უნდა იყოს კრედიტის გადაცემის და მსესხებლის მიერ ამ თანხის მიღების ფაქტი. თავისთავად საკრედიტო ხელშეკრულების არსებობა არაფერს ნიშნავს, თუ ამ ხელშეკრულების საფუძველზე არ მომხდარა მსესხებლისათვის თანხის გადაცემა. ბანკის მიერ თანხის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო სათანადო პირის მიერ ხელმოწერილი და ბანკის ბეჭდით დამოწმებული საგადასახადო დავალების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებით ნამდვილად გადაურიცხა 500 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს. შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” მიმართვა კრედიტის მიღების მოთხოვნით არ წარმოადგენს იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მხარემ სესხი ნამდვილად მიიღო.
კასატორისათვის გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც სს “.... ბანკი” საუბრობს 2002 წლის ნოემბრამდე მოპასუხის მიერ თანხის გადახდაზე, რატომ არ წარუდგინა მან სასამართლოს კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. აქვე კასატორი დასძენს, რომ მოსარჩელე ასეთ დოკუმენტს იმ მარტივი მიზეზით ვერ წარადგენდა, რომ შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” არანაირი თანხა არ მიუღია.
კასატორის აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორების ანგარიშით, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა, არ დასტურდება საზღვაო ბანკის მიერ შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-სათვის” თანხის მიცემის ფაქტი. ამ დოკუმენტში მითითებულია, რომ 2002 წლის 15 აგვისტოს მოპასუხეს ანგარიშზე ედო თანხა 500 000 აშშ დოლარის ოდენობით და არა ის, რომ მან ეს თანხა საზღვაო ბანკისგან მიიღო. გარდა ამისა, დასაწყისში მითითებულია, რომ მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს ამონაწერს ანგარიშიდან ...., მაშინ როდესაც ანგარიშის ნომერი ყველა დანარჩენ შემთხვევაში განსხვავებულია.
კასატორის აზრით, ზემომითითებული დოკუმენტის სიყალბეში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ თავისთავად ამონაწერი წარმოადგენს ფიზიკური თუ იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე ყველა თანხის მოძრაობის ამსახველ დოკუმენტს. ამონაწერი არ შეიძლება არსებობდეს ამონარიდის სახით და ასახავდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ საბანკო ოპერაციას.
2002 წლის 30 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ერთ მილიონ დოლარზე. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მიეთითა სავალუტო ანგარიში ¹...., ანუ იმ ანგარიშის ნომერი, რომლის ამონაწერიც წარადგინა მხარემ და რომელიც მოიცავს პერიოდს _ 2002 წლის აგვისტოდან 2005 წლის 27 იანვრამდე. კასატორის მოსაზრებით, ეს ამონაწერი ნამდვილი რომ იყოს, მასში აუცილებლად უნდა ეპოვა ასახვა 1 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის მოძრაობას (2002 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა), რომ აღარაფერი ითქვას სხვა საკრედიტო თანხებზე, რომლებიც 2002 წელს საზღვაო ბანკმა გასცა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ზე” (ტომი II, ს.ფ. 96-106).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას.
საქმეზე დადგენილია, რომ 2002 წლის 15 აგვისტოს სს “.... ბანკსა” და შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” შორის დაიდო ¹454 საკრედიტო ხელშეკრულება 500 000 აშშ დოლარის სესხის გაცემის შესახებ. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წელი, ხოლო წლიურ პროცენტად _ 14%. ამავე ხელშეკრულების თანახმად, კრედიტისა და კუთვნილი საპროცენტო სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო კრედიტის თანხის თვიური 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია (ტომი I, ს.ფ. 5).
საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-სა” და სს “... ბანკს” შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება ¹454-ა, რომლითაც საკრედიტო უზრუნველყოფის საშუალებად განისაზღვრა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” სადამფუძნებლო წილი შპს “უ. ს. ცენტრის” საწესდებო კაპიტალში (ტომი I, ს.ფ. 7).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია 2002 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობა. კასატორი სადავოდ ხდის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის _ 500 000 აშშ დოლარის მიღებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აქედან გამომდინარე, სს “.... ბანკმა” უნდა დაადასტუროს, რომ 2002 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” მიღებული აქვს, ხოლო ამ უკანასკნელმა შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს თანხის მიუღებლობა და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში სს “.... ბანკის” მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, ს.ფ. 127-ზე (ტომი I) განთავსებული დოკუმენტით დასტურდება, რომ შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-მ” 2002 წლი 15 აგვისტოს მიმართა სს “.... ბანკს” პარტნიორული წილის გამოსყიდვის მიზნით 500 000 აშშ დოლარის მიღების მოთხოვნით. მოთხოვნაში მითითებულია, რომ მას თან ერთვის საკრედიტო ხელშეკრულება ¹454. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილია საგადასახადო დავალების ასლი, ასევე ამონაწერი ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რომლის თანახმად, სს “.... ბანკმა” ამავე დღეს _ 2002 წლის 15 აგვისტოს შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” სავალუტო ანგარიშზე ჩარიცხა 500 000 აშშ დოლარი (ტომი I, ს.ფ. 128, ტომი II, ს.ფ. 53,54).
შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ რაიმე სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მტკიცების ტვირთის შეფასების საფუძველზე სწორად დაადგინა 2002 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის მოპასუხის მიერ მიღება და შესაბამისად, ეს უკანასკნელი სწორად ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 405-ე, 625-ე მუხლებზე და სწორად განმარტა, რომ სს “.... ბანკი” დასახელებული ხელშეკრულებით დადგენილი უფლება-მოვალეობების ფარგლებში უფლებამოსილია, მოსთხოვოს შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ ბ. ო. ტ. ლ.-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.