ას-399-749-07 14 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ უკანონო ნაგებობის დანგრევა, მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ის მიმართ უკანონო ნაგებობის დანგრევის, მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, თ.კ-ს დაევალა ნ.გ-ს საკუთრებაში არსებული მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთზე უკანონოდ აშენებული ნაგებობის დანგრევა, მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და მოპასუხის მხრიდან აღიკვეთა მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელშეშლა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. კ-მა, თუმცა ამავე სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივრის ავტორმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. კ-ს სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, მოსარჩელემ კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სავსებით სწორად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 230-ე მუხლით და მისი გადასინჯვისას მართებულად მიიჩნია, რომ 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თ. კ-მა ვერ დაასაბუთა სადავო სასამართლო სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელ ნ. კ-ის გამოუცხადებლობის მიზეზი მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსათვის მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ვინაიდან ამ უკანასკნელს მინდობილობა გაუფორმდა 2006 წლის 7 ივნისს და ამავე წლის 25 აპრილს იგი მოპასუხის ინტერესებს არ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ 2006 წლის 25 აპრილს ნ. კ-ა მოპასუხის უფლებებს არ იცავდა, ვინაიდან საქმის მასალებში იქნა წარმოდგენილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზით საქმეს არ დაერთო 2006 წლის 31 მარტს გაფორმებული მინდობილობა, რომლითაც კასატორმა ნ. კ-ს ანდო თავისი უფლებების სასამართლოში დაცვა. რაც შეეხება ნ. კ-ს საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობას, აღნიშნულის მიზეზი სასამართლოსათვის ცნობილი იყო, კერძოდ, ნ. კ-ს ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი დედა, რომლის მომვლელს დააგვიანდა მასთან მისვლა და ამით შეაფერხა წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადება. ასევე კანონშეუსაბამოა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებდნენ წარმოდგენილ მოთხოვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით თ. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ თ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. კ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.