Facebook Twitter

ას-400-716-09 29 დეკემბერი, 2009წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – თ. ა-შვილი, თ. ჯ-შვილი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და

ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ზ-შვილმა, ნ. ბ-შვილმა, მ. მ-შვილმა, ვ. პ-შვილმა, თ. ა-შვილმა, თ. ჯ-შვილმა, მ. ი-ძემ და მ. ნ-შვილმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლის დირექტორ მ. ლ-შვილის მიმართ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ ქ.დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლაში მასწავლებლად, მათ ადმინისტრაციის მხრიდან არასდროს მიუღიათ შენიშვნა თუ საყვედური, ეს ადამიანები დიდი პასუხისმგებლობითა და სრული პროფესიონალიზმით ახორციელებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. მას შემდეგ, რაც დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლაში დირექტორად აირჩიეს მ. ლ-შვილი, სკოლაში შეიქმნა დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია, რაც დამთავრდა საბოლოოდ ექვსი პედაგოგის, მ. მ-შვილის, ნ. ბ-შვილის (პოპიაშვილი), ვ. პ-შვილის, მ. ზ-შვილის, თ. (თ.) ჯ-შვილის, თ. ა-შვილის, ლაბორანტ მ. ნ-შვილისა და სასწავლო რეჟიმის კოორდინატორის - მ. ი-ძის სამსახურიდან განთავისუფლებით. ეს ადამიანები სამსახურიდან გათავისუფლდნენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ არიან დირექტორის გუნდში და ვერ მოიქცია თავისი გავლენის ქვეშ. დირექტორის მიერ განთავისუფლების შესახებ ბრძანებების გამოცემა არ ეფუძნება მოსარჩელეების მხრიდან კანონის დარღვევის ან შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს, ბათილად იქნეს ცნობილი ქ.დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 02.09.08 ¹36, ¹37, ¹39, ¹40, ¹42, ¹43 03.09.08 ¹45,¹46 ბრძანებები, მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამსახურში და მიეცათ იძულებითი განაცდური სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებული დავალიანების ოდენობით.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-შვილის, ნ. ბ-შვილის (პოპიაშვილის), მ. მ-შვილის, ვ. პ-შვილის, თ. ა-შვილის, თ. (თ.) ჯ-შვილის, მ. ი-ძის, მ. ნ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 2 სექტემებრის ¹36, ¹37, ¹39, ¹40, ¹42, ¹43, ასევე 2008 წლის 3 სექტემბრის ¹45, ¹46 ბრძანებები, მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამსახურში და მიეცათ იძულებითი განაცდური სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებული დავალიანების ოდენობით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლამ.

თბილისის სააპელაციო საასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ზ-შვილის, ნ. ბ-შვილის (პოპიაშვილის), მ. მ-შვილის, ვ. პ-შვილის, თ. ა-შვილის, თ. (თ.) ჯ-შვილის, მ. ი-ძის, მ. ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვეულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. პალატამ განმარტა საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ და მიუთითა, რომ აღნიშნული კანონი არ უნდა იქნეს მიჩნეული „სხვა სპეციალურ კანონად“ იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი მართვისა და დაფინანსების პრინციპებს და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს, ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს. აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი არ წარმოადგენს სპეციალურ კანონს შრომით და მის თანამდევ ურთიერთობების შესახებ და, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ დასახელებული კანონის გამოყენება არასწორია.

სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ სკოლის დირექტორი მასწავლებლის სამუშაოდან განთავისუფლებისას შეზღუდულია ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი საფუძვლებით და მას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში უფლება არ აქვს, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელთან. ნორმის ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანებითა და 2008 წლის 8 აპრილის ¹313 ბრძანებით „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“, რადგან, მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, დასახელებული ბრძანებები, არის თუ არა ხარვეზიანი და მისი ნორმები შეიცავენ თუ არა რომელიმე მხარის უფლებების დამცავ დებულებებს, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება არის კანონქვემდებარე აქტი, რომელიც იერარქიის მიხედვით დაბლა საფეხურზე დგას შრომის კანონმდებლობასთან შედარებით. ხოლო, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს ანუ საქართველოს შრომის კოდექსს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას, აღნიშნული ბრძანებების დებულებებზე მითითება, ასევე, არასწორია, რადგან იგი ვერ გახდება მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საერთაშორისო ხელშეკრულების – ევროპის სოციალური ქარტიის დებულებები, რადგან აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის მეორე აბზაცში ხელშემკვრელი მხარეები აკეთებენ დათქმას, რომ ზემოაღნიშნული უფლებები განხორციელდება კოლექტიური ხელშეკრულებების, ხელფასის დადგენის კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ან სხვა საშუალებებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი კოლექტიური ხელშეკრულება დასაქმებულთა გაერთიანებასა და დამსაქმებელს შორის არ დადებულა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო შეეხო ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვით „მხრეებმა უნდა აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება“, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელეების) მოთხოვნა (მისი საფუძვლები) არ ემყარებოდა, დასახელებული ნორმის დებულების დარღვევის გამო, მათი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიუთითა სშკ-ის 44-ე მუხლზე. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად მოსარჩელეების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სახით, ვერ დაკმაყოფილდება, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმები აწესრიგებს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის ანაზღაურების წესს ანუ აღნიშნული ნორმები შეეხება ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევას. აღნიშნული საფუძვლით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ პუნქტით არის მოწესრიგებული.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. ა-შვილმა და თ. ჯ-შვილმა. კასატორებმა მიუთითეს, რომ დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება, რომლითაც მასწავლებლებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, არ შეიცავს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად განსაზღვრულია ის საფუძვლები, რა შემთხვევაშიც არის სკოლის დირექტორი უფლებამოსილი, ვადამდე შეწყვიტოს მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და აწესრიგებს შრომითი ხელეშკრულების შეწყვეტის პირობებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრული და დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 02.09.08 წლის ¹37 და ¹46 ბრძანებების საფუძველზე კასატორები (თ. ა-შვილი და თ. ჯ-შვილი) გათავისუფლდნენ დაკავებული თანაბდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 მრძანებით დამტკიცებული სკოლის წესდების მე-7 მუხლის 1 პუნქტის “ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენება არასწორია. ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ სკოლის დირექტორი მასწავლებლის სამუშაოდან განთავისუფლებისას შეზღუდულია ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტში ჩამოთვლილი საფუძვლებით და მას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში უფლება არ აქვს, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელთან.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობებზე ვრცელდება არა მარტო შრომის კოდექსი, არამედ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი.

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

განსახილველი ნორმა ზოგადი ხასიათისაა და გულისხმობს მასწავლებელთა უფლება-ვალდებულებების, მათი განხორციელების, ასევე მათი შეწყვეტის წესს და ა.შ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების კანონიერება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევისათვის მნიშვნელობა ენიჭება გასაჩივრებული ბრძანებების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შინაარსის დადგენას, რომლის განსაზღვრის კრიტერიუმები მოცემულია კანონით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, რაც უნდა გამოეყენებინა და, შესაბამისად, არ იმსჯელა ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, რომლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მასწავლებლის თანამდებობიდან განთავისუფლება.

კასატორების თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი _ შრომითი ხელშეკრულების მოშლა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ბრძანებებით შეწყდა (მოიშალა) საჯარო სკოლასა და მასწავლებლის შორის დადებული ხელშეკრულებები, ე.ი. მოიშალა იმ პირთა შორის არსებული ურთიერთობა, რომელიც რეგულირდება “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. ამდენად, საჯარო სკოლის დირექტორის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების მოშლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებები და წესი, მასწავლებლის უფლება-ვალდებულებები, კანონით დადგენილი მასწავლებლის გარანტიები და ა.შ, რომლის მომწესრიგებელი სამართლებრივი საფუძვლები რეგულირდება განსახილველი კანონით.

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21¹-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. აღნიშნული დანაწესის თანახმად, გასათვალისწინებელია საჯარო სკოლას, თ. ა-შვილსა და თ. ჯ-შვილთან დადებული შრომით ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა უფლება-ვალდებულებები და ამავე ხელშეკრულებით მე-10 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-10 პუნქტი ვერ იქნება მიღებული მხედველობაში, რადგან იგი გამომდინარეობს 2008 წლის 8 აპრილის ¹313 ბრძანებიდან “საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომით ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ”, ხოლო აღნიშნულ კანონქვემდებარე აქტთან მიმართებაში უპირატესი იურიდიულ ძალა გააჩნია შრომის კოდექსს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმატიულ აქტი იერარქიული უპირატესობით გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს სხვა და სხვა იერარქიის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობა. კონკრეტულ შემთხვევაში მათ შორის წინააღმდეგობა არ არსებობს (განსხვავებულად არ აწესრიგებენ ერთსა და იმავე ურთიერთობას).

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მე-10 პუნქტით მოცემული პირობები განსაზღვრულია მხარეთა ნების საფუძველზე და არ ეწინააღმდეგებიან კანონს, ამდენად აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელობა არა აქვს გამომდინარეობენ ეს პირობები 2008 წლის 8 აპრილის ¹313 ბრძანებიდან თუ არა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეფასება მისცეს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებისა და “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მასწავლებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ უ ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ა-შვილისა და თ. ჯ-შვილი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.