Facebook Twitter

ას-401-751-07 21 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ჟ. გ-ე, მ. კ-ე, მ. თ-ე, ა. მ-ე, დ. ფ-ე, ი. ფ-ე, ირ. ფ-ე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი – რ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ ჟ., მ., შ. და მ. დ-ები (მოსარჩელეები)

დავის საგანი – შენობიდან გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. დ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის, ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ის, ირ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება დაბა შუახევში, ... ¹7-ში მდებარე შენობიდან.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წლის 7 მარტს აჭარის სააღსრულებლო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაცემული განკარგულებით დ.შუახევში, ... ქ. ¹7-ში მას საკუთრებაში გადაეცა არასაცხოვრებელი ფართი, რომლითაც ვერ სარგებლობს იმის გამო, რომ ამ ფართში სავაჭრო საქმიანობას ეწევიან მოპასუხეები, რომლებიც არ ანთავისუფლებენ აღნიშნულ ფართს, რითაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზარალი.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე ი.დ-მ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებისგან გაორმაგებული საიჯარო ქირის გადახდა 2005 წლის მაისიდან ფართის გამოთავისუფლებამდე.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმული იქნა შუახევის ... .

შუახევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები ჟ. გ-ე, მ. კ-ე, მ. თ-ე, ა. მ-ე, დ. ფ-ე, ი. ფ-ე, ირ. ფ-ე გამოსახლებული იქნენ დ.შუახევში, ... ქუჩა ¹7-ში მდებარე შენობიდან. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაევალათ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ი.დ-ს გადაუხადონ ყოველთვიურად გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან 120 ლარი.

რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. გ-მ, მ. კ-მ, მ. თ-მ, ა. მ-მ, დ. ფ-მ, ი. ფ-მ და ირმა ფ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის გაგაწყვეტილებით ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის, ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ისა და ირ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის გაგაწყვეტილება საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში და ი. დ-ის უფლებამონაცვლეების ჟ., მ., შ. და მ. დ-ების სარჩელი საიჯარო ქონების დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველად. არასაცხოვრებელი ფართიდან მოპასუხეთა გამოსახლების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მესამე პირის – დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შუახევის ... სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის, ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ის და ირ. ფ-ის წარმომადგენელმა რ. ფ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმეში 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით ი.დ-ის უფელბამონაცვლეებად საქმეში ჩააბა მისი მემკვიდრეები - მ., შ., მ. და ჟ. დ-ები, რომლებსაც სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში არ მიუღიათ. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 572-ე, 172-ე, 563-ე და 575-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1515-ე, 170-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის, ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ისა და ირ. ფ-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე მ., შ., მ. და ჟ. დ-ებმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე წარმოადგინეს თავისი მოსაზრება და მიუთითეს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის, ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ისა და ირ.ფ-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის, ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ისა და ირ. ფ-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის, ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ისა და ირ. ფ-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (652 ლარისა და 85 თეთრის) 70% _ 457 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.