Facebook Twitter

ას-402-718-09 25 მაისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. პ-ური, თ. ტ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ პ. კ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. პ-ურის, გ. და თ. ტ-შვილების მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრეს დ. პ-ურმა, გ. და თ. ტ-შვილებმა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქალაქო სასამართლოს განჩინება დ. პ-ურმა და თ. ტ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინებით აპელანტებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ.პ-ურმა და თ.ტ-შვილმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პ. კ-ძემ თავის სარჩელზე დ. პ-ურის, თ. და გ. ტ-შვილების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ უარი განაცხადა და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე პ. კ-ძის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ. კ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე _ პ. კ-ძის სარჩელის გამო დ. პ-ურის, თ. და გ. ტ-შვილების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.