ას-402-752-07 15 ნოემბერი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივანი _ ე. ხაჩიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. ტ-ი
წარმომადგენელი – მ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ... სამმართველო
წარმომადგენელი – ზ. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 20 ოქტომბერს ... სამმართველოს საკადრო საორგანიზაციო უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა კ. ა-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბ. ტ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 6902,50 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 27 აპრილს ბ. ტ-მა, რომელიც “ბმვ-ს” მარკის ავტომანქანას მართავდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 203-ე კილომეტრზე, თერჯოლის რაიონის გადასახვევის წინა ტერიტორიიდან ცენტრალურ მაგისტრალზე გამოსვლის დროს, უხეშად დაარღვია “საგზაო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა; ცენტრალურ მაგისტრალზე გამოსვლისას მკვეთრი მოხვევით გზა გადაუკეტა შემხვედრ მანქანებს, რაც გახდა მიზეზი თავის სავალ ნაწილზე ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კუთვნილი “მერსედესის” მარკის ავტო.. ..თან შეჯახებისა. აღნიშნულის გამო, სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო “მერსედესის” მარკის ავტომანქანაში მჯდომმა ერთ-ერთმა მგზავრმა, ხოლო თავად ავტომანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა, რომლის მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 6902,50 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის შს სამმართველოს საკადრო საორგანიზაციო უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა კ. ა-მ მოითხოვა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 6902,50 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ბ. ტ-მა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ბრალით არ მომხდარა, საავარიო სიტუაცია შექმნა მოსარჩელემ, ხოლო ექსპერტიზა 3 თვის დაგვიანებით ჩატარდა და ზარალიც არასწორად იქნა შეფასებული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ... მთავარი სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ბ. ტ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 6902,50 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ტ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ბ. ტ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა და, შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია ბ. ტ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ. აპელანტმა დაარღვია საქართველოს კანონის “საგზაო უსაფრთხოების შესახებ” 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რაც გამოიხატა აპელანტის მხრიდან გაუფრთხილებლობაში, დაუდევრობაში.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საგზაო შემთხვევა მოხდა მოწინააღმდეგე მხარის ბრალით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ “მერსედესის” მარკის ავტომანქანა მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით ანუ არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს.
სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს 2005 წლის 24 აგვისტოს ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, “მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის სავალ გზაზე გადმოსული ავტომანქანა იმყოფებოდა მოძრაობაში, ხოლო 2006 წლის 20 ნოემბრის ექსპერტის დასკვნა სასამართლომ არ გაიზიარა.
სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის თაობაზე, რომელმაც შეადგინა 6902,50 ლარი, რაც დასტურდება ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნითა და ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ტ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილევლად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, საერთოდ უგულებელყო და არ შეაფასა ექსპერტიზა რამდენად სწორად ჩატარდა და არც დაკისრებული თანხის ოდენობის შესახებ უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
ექსპერტის დანიშვნა და ჩატარების საპროცესო წესის დაცვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ექსპერტის დასკვნა დასაბუთებულია. ექსპერტის დასკვნის შეფასებისათვის სასამართლომ უნდა შეაფასოს ის წანამძღვრები, ფაქტობრივი და მეცნიერული მონაცემები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ დასკვნას. თუ ექსპერტის დასკვნა წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და ამ წინააღმდეგობის მოხსნა სასამართლოს არ შეუძლია, მაშინ მას შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა (სსსკ-ის 173-ე მუხლი). ისევე, როგორც საქმეში არსებული ნებისმიერი მტკიცებულების უარყოფის შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნის უარყოფის დროსაც სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ უარყო იგი.
2005 წლის 24 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნის თანახმად, გ. ს-ს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის გზაზე გადმოსული ავტომანქანა იმყოფებოდა მოძრაობაში, ხოლო სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრის „ა...ის“ ექსპერტის 2006 წლის 20 ნოემბრის დასკვნის თანახმად კი, შეჯახების მომენტში „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მოძრაობისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილი თავისუფალი იყო.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ექსპერტის დასკვნები არ შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც საფუძვლად დაედო ექსპერტის დასკვნებს. სასამართლომ ისე უარყო 2006 წლის 20 ნოემბრის დასკვნა, რომ არ დაასაბუთა, თუ რატომ უარყო. აღნიშნული ექსპერტიზა დაინიშნა სასამართლოს ინიციატივით, ვინაიდან საქმის განხილვისას წამოიჭრა ისეთი საკითხები, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა და რომლებზეც პასუხს არ შეიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2005 წლის 24 აგვისტოს დასკვნა, კერძოდ, ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხები: ერთი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები შეიძლებოდა დაზიანებულიყო თუ არა მარცხენა ნაწილით; გზის მარჯვენა ნაწილზე ერთი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, შეჯახების შემდეგ შესაძლებელი იყო თუ არა აღმოჩენილიყვნენ გზის მარცხენა ნაწილის სავალი ნაწილიდან გადაგდებულები და სხვა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა 2006 წლის 20 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა და არც თავად იმსჯელა ექსპერტიზის წინაშე დასმულ ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.
დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ნახაზს (წარმოდგენილია ასლის სახით) ხელს აწერს ორი მოწმე, რომელთაგან ერთ-ერთი ვერ მოიძებნა, ხოლო მეორე მოწმის სახელზე გაგზავნილი უწყება სასამართლოში დაბრუნდა მოწმე, რამაზ ჯანგიანის მიერ გაკეთებული მინაწერით, კერძოდ, რ.ჯანგიანი არ ადასტურებს თავის ხელმოწერას შემთხვევის დათვალიერების ოქმსა და ნახაზზე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა მტკიცებულებების დედნების წარმოდგენაზე. მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოწმეთა იძულებით წარმოდგენის შესახებ, რაც სასამართლომ ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით არ დააკმაყოფილა, ამასთან, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ მიუთითა (ს.ფ.65). აღნიშნულის გამო მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა შუამდგომლობა ადგილის დათვალიერების ოქმისა და ნახაზის სიყალბის შესახებ, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დედნები და არც მოწმე ადასტურებდა ავარიის ფაქტს. სასამართლომ ადგილზე მიღებული განჩინებით დაადგინა, რომ “სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს მ.გ-ის განცხადებაზე “სიყალბის შესახებ“ (ს.ფ.66), მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთ მტკიცებულებად ისე მიუთითა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომ საერთოდ არ უმსჯელია მხარის შუამდგომლობაზე ამ ოქმის სიყალბის დადგენის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაადგინოს მტკიცებულებათა სრულად და ობიექტურად განხილვის შედეგად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ტ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.