Facebook Twitter

¹ას-402-794-06 22 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ. ე-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ .. .. ..“ და ე. ქ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა --- გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოში 2005 წლის 23 აგვისტოს სარჩელი აღძრეს შპს „ .. .. ..“ და ე. ქ-მ, მოპასუხედ ი. კ-ი დაასახელეს და მოითხოვეს მისი გამოსახლება სადავო ბინიდან, მდებარე ქ. ფოთი, ... ქ. ¹14-ში.

მოსარჩელეთა განმარტებით, .. .. .. საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 2002 წლის 18 იანვრის ¹1 ოქმის თანახმად, ქ. ფოთში ... ქ. ¹14-ში მდებარე საერთო საცხოვრებელ სახლში საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინები გამოეყოთ ნავსადგურის გარკვეულ თანამშრომლებს, მათ შორის ოროთახიანი ბინა ე. ქ-ს.

აღნიშნულ ბინაში ე. ქ-ა უნდა შესახლებულიყო იქ მცხოვრები პირების გამოსახლებისთანავე, ანუ ბინის გამოთავისუფლებისთანავე. მას უფლება ჰქონდა დაეკავებინა გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი. დაკავებული ბინის გამოთავისუფლების შემდეგ ე. ქ-ა, რომელიც წლების განმავლობაში ელოდა ბინის მიღებას, გამოცხადდა მისთვის გამოყოფილი ბინის დასაკავებლად, მაგრამ მას არ მისცეს ბინაში შესვლისა და იქ დასახლების უფლება უკანონოდ შესახლებულმა მობინადრეებმა. როგორც გაირკვა სადავო ბინაში უკანონოდ არიან შესახლებული ი. კ-ი, თ. ე-ა და მათი მცირეწლოვანი შვილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ი. კ-სა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება ნავსადგურის საერთო საცხოვრებლის ბინიდან (... ქ. ¹14, ბინა 504-დან). მოპასუხეებმა სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადეს იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინაზე სწორედ ი. კ-ისა და მისი ოჯახის წევრები იყვნენ უფლებამოსილნი. მართალია, სამართლებრივი საფუძველი ბინის ფლობისა მათ არ გააჩნიათ, მაგრამ ისინი იხდიდნენ წლების განმავლობაში გადასახადს და რომ მოსარჩელეებს არასოდეს მოუკითხავთ სადავო ბინისათვის.

.. .. .. 18 იანვრის ¹1 ოქმი, რომლითაც საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ნავსადგურის გარკვეულ თანამშრომლებს გამოეყოთ ბინები, არ წარმოადგენს ე. ქ-სათვის ბინის სარგებლობის კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე. ქ-სა და შპს „ .. .. ..“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. კ-ი, თ. ე-ა და მათი მცირეწლოვანი შვილი გამოსახლებული იქნა ქ. ფოთი, ... ქ. ¹14-ში მდებარე 504 ბინიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეთა მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლით „რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორედ, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პალატამ ასევე მიიჩნია, რომ შენობა–ნაგებობა (რომლის ცალკე რეგისტრაცია არასოდეს მომხდარა საჯარო რეესტრში) არის იმ მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ... სახელზეა რეგისტრირებული. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სწორედ ... სადაო სახლის კანონიერ მესაკუთრე, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა შენობა (ანუ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი დამოუკიდებლად იმ მიწის ნაკვეთისა, რომელზედაც იგი დგას და რომელთანაც მყარადაა დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ე-მ. კასატორმა მოითხოვა 2006 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმება.

კასატორის განმარტებით, არც შპს „ .. .. ..“ და არც ე. ქ-ა არ წარმოადგენენ სათანადო მოსარჩელეებს და შესაბამისად მათ არ აქვთ უფლება მოითხოვონ ი. კ-ის გამოსახლება. მაშინ როდესაც საცხოვრებელი ბინა ¹504, მდებარე ქ. ფოთში ... ქ. ¹14-ში 2003 წლის 24 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით ირიცხება ი. კ-ის (კასატორის მეუღლე) სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის აზრით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის, 84-ე მუხლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი უნდა ეთქვა საქმის განხილვაზე, რადგანაც სათანადო მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესების დასაცავად, ხოლო სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა საპროცესო მოთხოვნათა დარღვევებს, რაც მის მიერ გამოტანილი განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს სააპელაციო საჩივარში მითითებული თითოეული გარემოება. ე. ქ-ს მიერ სასამართლოში შეტანილ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებებიდან სასამართლოს განხილული აქვს მხოლოდ მხარის სათანადოობის საკითხი. დანარჩენ გარემოებებზე კი სააპელაციო საჩივარი პასუხგაუცემელია. აღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ ფაქტორებზე, რაც მოცემულია სააპელაციო საჩივარშიც, მაგრამ რომელზეც არ არის მსჯელობა გასაჩივრებულ განჩინებაში.

რაც შეეხება მხარის სათანადოობის საკითხს, აღნიშნული სადაოდაა გამხდარი საკასაციო საჩივრითაც. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით არასრულია. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები შეიტანება რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების თაობაზე უტყუარი ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია საჯარო რეესტრის მონაცემთა მოძიება. ასეთი მონაცემები წარმოდგენილი არ არის საქმის მასალებში. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს სათანადო მოსარჩელის დადგენის ხელისშემშლელ გარემოებას.

სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ტერმინს ქონების ბალანსზე არსებობას ან ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას. კოდექსის თანახმად უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული გარიგების დადების საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (183-ე მუხლი). ამიტომ მითითება იმისა, რომ სადავო სახლი არსებობს რომელიმე ორგანოს ბალანსზე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ქონება მისი საკუთრებაა.

ვინდიკაციური სარჩელი მიზნად ისახავს არაუფლებამოსილ პირთაგან ნივთის გამოთხოვას და მის გადაცემას უფლებამოსილი პირისათვის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ძალაში დატოვებული გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხეთა გამოსახლება სადავო ბინიდან. ის გარემოება კი თუ ვის უნდა ჩაბარდეს გამონთავისუფლებული ბინა სასამართლოს მითითებული არა აქვს. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა კანონშესაბამისია, ისე რომ არ მიუთითებია არცერთი სამართლებრივი ნორმა, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის (თუნდაც სათანადო იყოს იგი) მოთხოვნის მართლზომიერება.

პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ე-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.