საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №120აპ-16 ქ. თბილისი
ნ-ე რ., 120აპ-16 18 მაისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განაჩენით რ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რ. ნ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 3 თვე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 სექტემბრიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
რ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რ. ნ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 3 თვე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 სექტემბრიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ რ. ნ-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე