Facebook Twitter

ას-407-757-07 27 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ე.ხაჩიძე

კასატორი _ სს “ე... “ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ა.გ-ი, ვ.ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ე...” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ.თ-ი, რ.ს-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ საზოგადოების რეგისტრაციის შესახებ სასამართლო დადგენილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ე...მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ე...ს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის რეგისტრაციის თაობაზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის დადგენილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: ც...ს გამგეობის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით ც...ს გაერთიანება „ს...ების“ ფირმა „კ...ის“ შემადგენლობაში შეიქმნა შპს „ე...“, რომელიც რეგისტრირებულ იქნა ახალციხის რაიონის გამგეობის 1994 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით. ფირმა „კ...მა“ და ც...ს ახალციხის უნივერსალურმა ბაზამ შპს „ე...ს“ საწესდებო კაპიტალში შეიტანეს უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ, “კ...მა” _ 3 ავტოგასამართი სადგური, ხოლო ც...ს ახალციხის უნივერსალურმა ბაზამ _ ძველი ადმინისტრაციული შენობა, რკინიგზის პირას მდებარე საწყობის შენობა, ავტომანქანა თავისი მისაბმელით და 3 ცალი ავტომტვირთავი. შპს “ე...ს” პარტნიორები გახდნენ ასევე 9 ფიზიკური პირი: ჯ.ფ-ი, ჯ.გ-ი, თ.ქ-ე, თ.ხ-ე, რ., დ., თ., რა. და ა. ს-ები, რომელთა შორის 1994 წელს გაფორმდა შპს “ე...ს” სადამფუძნებლო ხელშეკრულება და დასახელებულმა პირებმა ვალდებულება იკისრეს, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეეტანათ თითოეულს 10 მლნ კუპონი, სულ _ 90 მლნ კუპონი. ამდენად, საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 113492237 კუპონი. 1994 წლის 24 ივნისიდან ახალი შპს “ე...ს” რეგისტრაციამდე საზოგადოების საწესდებო კაპიტალმა, პარტნიორთა შემადგენლობამ და ხელმძღვანელობამ განიცადა არა ერთი ცვლილება, თუმცა აღნიშნული დოკუმენტურად არ გაფორმებულა. ასევე არ ჩაბარებულა არც ერთი წლის ბალანსი. შპს “ე...ს” “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, თუმცა 1995 წლის 26 აპრილს ჩაერთო გადასახადის გადამხდელთა რეესტრში და მიიღო საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნული მომენტისათვის ახალციხის საგადასახადო ინსპექციაში შევსებული სარეგისტრაციო ფორმის მიხედვით, საზოგადოების საწესდებო ფონდი შეადგენდა 6512810000 კუპონს. 1995 წლის 1 მარტიდან საზოგადოება ითვლებოდა უკანონო იურიდიულ პირად, თუმცა მისმა ხელმძღვანელობამ საზოგადოების ბეჭედი ახალციხის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილებას გასანადგურებლად ჩააბარა ხუთი წლის გასვლის შემდეგ. 1996 წლის 15 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ფირმა „კ...ის“ ხელმძღვანელობამ გააუქმა შპს „ე...ს“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი წილი _ 3 ავტოგასამართი სადგური, რომლის საბალანსო ღირებულება ახალი ფასებით იყო 17376 ლარი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს „ე...“ 81300 ლარის ღირებულების საწესდებო კაპიტალით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს 1994 წელს რეგისტრირებული შპს “ე...ს” საწესდებო კაპიტალში ც...ს ახალციხის ყოფილი უნივერსალური ბაზის მიერ შეტანილ ქონების ღირებულებას. რაც შეეხება ფიზიკური პირების მიერ შეტანილ წილს, 1994 წლის 24 ივნისიდან 2000 წლის 30 ივნისამდე შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო, მისი ბედის დადგენა შეუძლებელია. აუდიტის მიერ შეფასებული 81300 ლარის ღირებულების ქონებიდან უსაფუძვლოდ და კანონის უხეში დარღვევით, 64800 ლარის ქონება (79,7%) მიეკუთვნათ ს-ებს, ხოლო აღნიშნული ქონების რეალური მესაკუთრის უფლებამონაცვლე სს “ე...ს“ კი მხოლოდ 16500 ლარის (20%) ქონება. “კ...ის” შემადგენლობაში შპს “ე...ს” შექმნის შესახებ 1994 წლის 27 აპრილს ც...ს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე შპს “ე...ს” ხელმძღვანელობას ც...ს გამგეობასთან შეთანხმების გარეშე უფლება არ ჰქონდა, გაესხვისებინა ან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საწესდებო კაპიტალში შეტანილი ც...ს კუთვნილი ქონება. ც...ს აღნიშნული დადგენილების მიხედვით, შპს “ე...ს” მოგებიდან ყველა სახის გადასახადის გადახდის შემდეგ უნდა დარჩენოდა მოგების 70%, ხოლო 30% გადაერიცხა ც...სათვის, რაც არ შესრულებულა. შპს “ე...ს” რეგისტრაციდან _ 1994 წლის 24 ივნისიდან საზოგადოების ხელახლა რეგისტრაციამდე _ 2000 წლის 30 ივნისამდე შპს “ე...ს” ხელმძღვანელობას ც...ს გამგეობის ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „ე...ს“ რეგისტრაცია საწესდებო კაპიტალისა და დამფუძნებელთა რიცხვში ც...ს რეგისტრაციის ნაწილში, შპს „ე...ს“ დირექტორს მიეცა ვადა საწესდებო კაპიტალის 2000 ლარამდე შესავსებად. ამავე სასამართლოს 2003 წლის 4 თებერვლის განჩინებით 2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ე...ს“ განცხადების საფუძველზე განიმარტა შემდეგნაირად: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის შპს “ე...ს” რეგისტრაცია საწესდებო კაპიტალის ნაწილში, ვინაიდან საწესდებო კაპიტალში ჩადებული ქონება მთლიანად სს “ე...ს” საკუთრებად იქნა ცნობილი და დამფუძნებელთა რეგისტრაციის ნაწილში, ვინაიდან სს “ე...ს” დამფუძნებლად რეგისტრაცია მათი ნებართვის გარეშე მოხდა და საწესდებო კაპიტალში არ დარჩა სხვა რაიმე ფულადი შენატანები. ამდენად, შპს “ე...ს” მიეცა სამი თვის ვადა კაპიტალის სავალდებულო ოდენობამდე _ 2000 ლარამდე შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება მთლიანად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე შპს „ე...ს“ დირექტორმა რ. ს-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ე...ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული 2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, ასევე 2003 წლის 4 თებერვლის განჩინება მისი განმარტების თაობაზე გაუქმდა და სს “ე...ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “ე...” დაფუძნდა 1994 წელს გაერთიანება “ს...ის” ფირმა “კ...ის”, ც...ს ახალციხის უნივერსალური ბაზისა და 9 ფიზიკური პირის მიერ. იურიდიულმა პირებმა საწესდებო კაპიტალში შეიტანეს შემდეგი ქონება: “კ...მა” _ 3 ავტოგასამართი სადგური, ხოლო ც...ს ახალციხის უნივერსალურმა ბაზამ _ ძველი ადმინისტრაციული შენობა, რკინიგზის პირას მდებარე საწყობის შენობა, ავტომანქანა თავისი მისაბმელით და 3 ცალი ავტომტვირთავი. ფიზიკურმა პირებმა შეიტანეს 90 000 000 კუპონი. 1996 წლის 15 იანვარს პარტნიორობიდან გავიდა 3 ფიზიკური პირი და ფირმა “კ...ი”, რომელმაც გაიტანა საწესდებო კაპიტალში მის მიერ შეტანილი 3 ავტოგასამართი სადგური. 1998 წლიდან ც...ს ახალციხის უნივერსალური ბაზა დარეგისტრირდა სს “ე...დ”, რომელიც გახდა მითითებული ბაზის სამართალმემკვიდრე. საზოგადოების იმდროინდელმა დირექტორმა და შპს “ე...ს” პარტნიორმა რ. ს-მა 1998 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს შპს-ს ხელახლა რეგისტრაციისათვის, რომელსაც დაურთო საზოგადოების დამფუძნებელთა მიერ ხელმოწერილი წესდება. აღნიშნული დასტურდება სასამართლოში შეტანილი განცხადებითა და თანდართული წესდებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ დროს მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.9 მუხლის თანახმად, საზოგადოება 1998 წლის სექტემბრიდან ითვლება რეგისტრირებულად, ვინაიდან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ან სხვა წერილობითი დოკუმენტი საქმისა და რეგისტრაციის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციაზე უარის არარსებობის ფაქტი ასევე დასტურდება ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.თ-ს წერილითა და ცნობით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ შპს “ე...მა” რეგისტრაციისათვის მიმართა სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისს, ვინაიდან აღნიშნულ განცხადებას ერთვის 1998 წელს ჩატარებული კრების ოქმი, ამავე წლის გადახდის ქვითრები და საქმეშიც მოიპოვება მოსამართლის მიერ გაცემული ცნობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, მან 2000 წელს რეგისტრაცია განახორციელა დაგვიანებით, ორგანიზაციული მიზეზების გამო. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ 2000 წლის 30 ივნისს შპს “ე...მა” სასამართლოს მიმართა არა ხელახალი რეგისტრაციისათვის, არამედ სარეგისტრაციო მოწმობის მისაღებად, რაც მიიღო კიდეც. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უსაფუძვლოა სს “ე...ს” მოთხოვნა მოსარჩელის კუთვნილი ქონების მოპასუხის საწესდებო კაპიტალიდან ამორიცხვის თაობაზე, ვინაიდან ც...ს უნივერსალურმა ბაზამ შპს “ე...ს” დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალში შეიტანა რა ქონება, იმ დროს მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თავისი შენატანი არ დაუბრუნებია. ამდენად, ხელახალი რეგისტრაციისას აღნიშნული შენატანი სს “ე...ს” საკუთრებას არ წარმოადგენდა და მოპასუხე უფლებამოსილი იყო, საწესდებო კაპიტალი სადავო სახით დაერეგისტრირებინა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ე...მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო მოცემული საქმის განხილვისას გასცდა აპელანტის მოთხოვნას და იმსჯელა 1998 წლიდან შპს “ე...ს” რეგისტრირებულად აღიარებაზე, თუმცა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო შპს “ე...ს” 2000 წლის 20 ივნისის რეგისტრაციის კანონიერება. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა 1994 წელს ზუსტი თარიღის მითითების გარეშე ს-ების მიერ შედგენილი სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომელიც მე-17 პუნქტის მიხედვით, ძალაში უნდა შესულიყო მონაწილეთა წარმომადგენელთა ხელმოწერის დღიდან. აღნიშნული ფიქტიური საბუთის საფუძველზე ფირმა “ე...ს” პარტნიორი გახდა 9 ფიზიკური პირი, რომლებმაც 1994 წლის ნოემბერში შეიტანეს საპაიო შენატანი 80 მლნ კუპონის ოდენობით, რომელიც გაიხარჯა და 1996 წლის დეკემბერში შპს “ე...ს” ანგარიშზე ირიცხებოდა 3 ლარი. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ 1996 წლის მდგომარეობით საზოგადოებაში პარტნიორად დარჩა 6 ფიზიკური პირი, ვინაიდან მათ მიერ შეტანილი საპაიო შენატანი რ.ს-მა მაშინვე დახარჯა და 1994 წლის დეკემბრიდან თ., ა., დ., რ. ს-ები და ც...ს გამგეობის წარმომადგენელი თ. ხ-ძე საზოგადოების პარტნიორებად აღარ ითვლებოდნენ, რადგან მათ წილი არ ჰქონდათ. 1996 წელს საზოგადოების პარტნიორობიდან გავიდნენ ფირმა “კოოპსათბობი”, რომელმაც გაიტანა თავისი შენატანი და ც...ს უნივერსალური ბაზა, რომლის ქონების გატანა არ მოხდა იმდროინდელ დირექტორ რ.ს-ს მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და პირადი დაინტერესების გამო. 1997 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს “ე...ს” საწესდებო კაპიტალში რჩებოდა მხოლოდ ც...ს უნივერსალური ბაზის მიერ შეტანილი ქონება. სასამართლომ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 30 აპრილის დადგენილების საფუძველზე საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსი “ც...სა” და მისი სისტემის ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადად 1999 წლის იანვრის ნაცვლად არასწორად მიუთითა 1998 წლის იანვარი. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.თ-ს 2000 წლის 6 აპრილის ¹50 ცნობით შპს “ე...ს” სასამართლოში რეგისტრაცია არ გაუვლია, რის საფუძველზეც საზოგადოება გაუქმებული იყო და აღარ ფუნქციონირებდა. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა სს “ე...ი” ც...ს სარევიზიო კომისიის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილება, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 25 მარტის სხდომაზე რ. ს-ს მონაწილეობით მიღებულ იქნა დადგენილება შპს “ე...ს” საწესდებო კაპიტალში შეტანილი სადავო ქონების სს “ე...ათვის” დაბრუნების შესახებ და 81300 ლარის ქონება სააქციო საზოგადოების ანგარიშზე უნდა ასახულიყო 2000 წლის I კვარტლიდან. აღნიშნული დადგენილება უნდა შესრულებულიყო ჯერ კიდევ 1996 წელს, რასაც რ.ს-მა შეუშალა ხელი. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სს “ე...ს” შპს “ე...ს” პარტნიორობიდან გასვლასა და შესატანის გატანაზე თავისი ნება არ გამოუვლენია. სასამართლოს ასევე არ გაუთვალისწინებია, რომ ც...ს გამგეობამ 2000 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით ძალადაკარგულად ჩათვალა თავისივე 1994 წლის 21 აპრილის დადგენილება შპს “ე...ს” შექმნის შესახებ. სააპელაციო პალატამ თავისი მოსაზრება, რომ შპს “ე...ს” დირექტორმა 1998 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს Pშპს-ს ხელახალი რეგისტრაციის შესახებ დაასაბუთა ს.ფ. 230-ე, 231-ე და მე-300 გვერდებზე არსებული მტკიცებულებებით, თუმცა ამ ფურცლებზე ასეთი მტკიცებულება არ არის. რაც შეეხება 1998 წლის 28 სექტემბრის განცხადებას რეგისტრაციის შესახებ, იგი საქმეში წარმოდგენილია დამფუძნებელთა ხელმოუწერავად, ხოლო რეგისტრაციის მასალებში ჩაკერებულია განცხადება, რომლის შემოსავალში აღების თარიღია 2000 წლის 30 ივნისი და არა 1998 წლის 28 სექტემბერი, როგორც ამას სააპელაციო პალატა უთითებს. ამასთან, აღნიშნული განცხადებით აპელანტი ითხოვს არა ხელახალ რეგისტრაციას, არამედ უბრალოდ რეგისტრაციას. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.თ-ს ს.ფ. 202-ზე არსებული წერილისა და ს.ფ. 604-ზე განთავსებული ცნობის მიხედვით, სასამართლოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში შპს “ე...ს” რეგისტრაციაზე უარი არ უთქვამს და, კანონის თანახმად, ვალდებული იყო, განმცხადებლის მოთხოვნისთანავე გაეცა სარეგისტრაციო მოწმობა. ფატობრივად, ს.ფ. 202-ზე ჩაკერებულია რ.ს-სა და არა მოსამართლის წერილი, ხოლო ს.ფ. 604 ცნობაში მითითებულია, რომ 2000 წლის 30 ივნისს რეგისტრაცია მოხდა ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ. აღნიშნული კი იმის დასტურია, რომ შპს “ე...ს” ჰქონდა მიღებული განჩინება ხარვეზის შესახებ, რაც გატარებულია სასამართლოს 1998 წლის წასული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში ¹501 ნომრით. სასამართლომ ყურადღება არ გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს “ე...ს” დირექტორი და პარტნიორი თ. ს-ი, ისევე, როგორც საზოგადოების პარტნიორი რ. ს-ი, არ მოითხოვდნენ სარეგისტრაციო მოწმობის მიღებას, ვინაიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ 1998 წელს შპს “ე...” რეგისტრაციაში არ გატარდა არსებული ხარვეზის გამო. საქმეში წარმოდგენილია მოსამართლე ა.თ-ს წერილი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული მოსამართლის შტატის გაუქმების შემდეგ მას დოკუმენტაცია გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლად, რეალურად კი ყოფილმა ადმინისტრაციულმა მოსამართლე ვ.ვ-მ ა.თ-ს საქმეები და მასალები 1999 წლის 18 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა. აქტში დასახელებულია შპს “ე...ს” მასალებიც, რომლებიც 2000 წლის 30 ივნისს რ.ს-მა წარუდგინა სასამართლოს. ამდენად, გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდა 2000 წელს რ.ს-ს ხელში 1998 წლის თარიღით შედგენილი საბუთები სასამართლო არქივიდან. მოსამართლე ა.თ-ს 2000 წლის 17 ივნისის ¹132 წერილით, რომლითაც იგი შპს “ე...ს” წარმომადგენლებს რეგისტრაციის პროცესში ხარვეზების გამოსწორების დაჩქარებას სთხოვს, დასტურდება, რომ შპს-ს სადავო რეგისტრაცია მოხდა საჭირო საბუთების გარეშე. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ შპს “ე...ს” რეგისტრაციისას, 2000 წლის 30 ივნისისათვის, რ.ს-ი სს “ე...ს” გენერალური დირექტორი აღარ იყო. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საქმეში რ.ს-მა წარადგინა ხარვეზიანი დოკუმენტები, კერძოდ, 1998 წლის 28 სექტემბრის განცხადება საზოგადოების პარტნიორთა ხელმოწერების გარეშე, 2000 წლის 30 ივნისის ყალბი განცხადება, რომელიც ხელმოწერილია რ.ს-ს, როგორც სს “ე...ს” დირექტორის მიერ, შპს “ე...ს” ხარვეზიანი წესდება, რომელიც გასწორებულია მოსამართლის მიერ, ხოლო რეგისტრაციის მასალებში იგი გაყალბებულია, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის დადგენილება, რომელშიც თარიღი და რეგისტრაციის საფუძვლები გადასწორებულია რ.ს-ს მიერ. უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტი, რომ 2000 წლის 30 ივნისის განცხადება წარმოადგენს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.9 მუხლით გათვალისწინებულ განცხადებას სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან სადავო განცხადების მოთხოვნაა საზოგადოების რეგისტრაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ე...ს” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა სს “ე...ს” სარჩელი შპს “ე...ს” მიმართ ახალციხის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის დადგენილებით განხორციელებული შპს “ე...ს” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს და იმსჯელა შპს “ე...ს” 1998 წლის რეგისტრაციის კანონიერებაზე.

საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ე...ს სარჩელი სამეწარმეო რეესტრში შპს “ე...ს” რეგისტრაციის თარიღად 1998 წლის 12 ოქტომბრის დადგენისა და საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსახილველ სარჩელზე უარის თქმის შესახებ ეყრდნობოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს “ე...ს რეგისტრაცია განხორციელდა არა 2000 წლის 30 ივნისს, არამედ 1998 წელს, ხოლო 2000 წლის 30 ივნისს შპს “ე...მა” სასამართლოს მიმართა არა ხელახალი რეგისტრაციისათვის, არამედ სარეგისტრაციო მოწმობის მისაღებად. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობა უარყოფილ იქნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს ფაქტობრივ დასაბუთებას. აღნიშნულით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, სამართლებრივ შეფასებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის დადგენილებით განხორციელებული შპს “ე...ს” რეგისტრაციის კანონიერებაზე. ამ მიმართებით სასამართლომ უნდა შეამოწმოს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით არის თუ არა წარდგენილი იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები სასამართლოში. ამასთან, სასამართლომ ასევე შეფასება უნდა მისცეს სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს სადავო რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ც...ს” სს “ე...ს” გენერალური დირექტორი ა. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.