Facebook Twitter

¹ას-408-724-09 12 ნოემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ტ. ს-ინა (მოპასუხე)

კასატორის წარმომადგენელი – მ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. რ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. რ-შვილის სარჩელი ტ. და ს. ს-ინების წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. თანამოპასუხეების – ტ. და ს. ს-ინებისათვის 4830 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელე ა. რ-შვილი ცნობილი იქნა ქ.თბილისში, ... ქ. ¹9 (9-9) ლიტერ „ა“ და ლიტერ „ვ“ ნაგებობაში განთავსებული ოთახების ¹1 ფართით – 13,76 კვ.მ. ¹2 ფართით – 14,36 კვ.მ, ¹3 სამზარეულო ფართით – 6.72 კვ.მ ¹4 ფართით – 8,61 კვ.მ ¹5 საკვანძო ფართით 2,59 კვ.მ ¹6 ტერასა ფართით 2,44 კვ.მ; ასევე ¹7 სათავსო ფართით 5,55 კვ.მ, მთლიანად 54 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ტ. და ს. ს-ინებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განჩინებით ს. და ტ. ს-ინების საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოაქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება.

სააპელაციო პალატის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი – მოსარჩელის მამკვიდრებლის – რ. ჩ-ევასა და თანამოპასუხეთა მამკვიდრებელს – ტ. ს-ინას შორის 1960 წლის 20 თებერვალს დადებული ხელწერილის და მოსარჩელე ა. რ-შვილს და თანამოპასუხეთა მამკვიდრებელს ტ. ს-ინას შორის 1969 წლის 1 სექტემბერს გამორმებული ხელწერილის შინაარსი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულებად და სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელწერილების საფუძველზე ერთ შემთხვევაში ა. რ-შვილს და მოპასუხეების მამკვიდრებელს შორის წარმოიშვა ურთიერთობა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რის საფუძველზე ა. რ-შვილმა მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული სადგომის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ მოითხოვა აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში აღიარეს მოსარჩელის, როგორც მოსარგებლის უფლება დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ნაწილზე, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეების აღნიშნულ პოზიციას მაინც არ მისცა პროცესუალურ-სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან მოპასუხეებმა აღნიშნული ნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის აღძვრის ფორმით სარჩელით ან შეგებებული სარჩელით არ განაცხადეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ს-ინამ და მისმა წარმომადგენელმა.

კასატორის წარმომადგენლის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ სახლის მესაკუთრის მიერ ა. რ-შვილთან დადებულ შინაურულ ხელშეკრულებაზე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც მხარეების მიერ შედგენილი ხელწერილის მიხედვით, საკუთრების უფლებით არ დაუთმია მესაკუთრეს საცხოვრებელი ფართი, არამედ დაუთმო დროებითი სარგებლობის უფლებით, რაც დასტურდება კონკრეტული ჩანაწერით ხელწერილში.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, რეაგირების გარეშე დატოვა ორივე ინსტანციის სასამართლომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ რ. ჩ-ევა ამოეწერა სადავო ფართიდან 1965 წელს და გადაეწერა ... ქ.¹3-ში არსებულ სახლში და არც ფიზიკურად ცხოვრობდა ... ქუჩაზე. დატოვა ფართში ვინმე ს. ე-იანი. არც ერთი და არც მეორე არ იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს და ბინის ქირასაც, ამიტომაც არის რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერანაირი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ვერ წარმოადგინა. რაც ამ სპეციალური კანონის გამოყენების საფუძველს გამორიცხავს.

კასატორის წარმომადგენლის აზრით, ორივე პიროვნების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა კონკრეტულ ფართზე არ გადადის მემკვიდრეებზე, რამდენადაც ამ კონკრეტულ ფართში არ იყო ჩაწერილი ა. რ-შვილი. იგი ჩაწერილი იყო მასსა და სახლის მესაკუთრის მიერ შედგენილი, ხელწერილის მიხედვით დათმობილ ფართში. 1971 წელს იქიდანაც ამოეწერა, ამიტომაც ს. ე-იანის გარდაცვალების შემდეგ, ფართი დარჩათ სახლის ამჟამინდელ მესაკუთრეებს.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ა. რ-შვილს არა აქვს უფლება, მიისაკუთროს ფართი, როგორც მემკვიდრემ. ამ ორ მხარეს შორის შეიძლება სხვა სახის დავა არსებობდეს, მაგრამ არა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ სპეციალური კანონით განსახილველი.

კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის მამკვიდრებელის–რ. ჩ-ევასა და თანამოპასუხეთა მამკვიდრებლის-ტ. ს-ინას შორის 1969 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელწერილის შინაარსი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულებად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივ გარემოება იმის თაობაზე, თ ავდაპირველ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე (სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე) მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდის შემთხვევაში. იმისათვის, რომ მხარეებზე გავრცელდეს მითითებული ნორმა, აუცილებელია, არსებობდეს თავდაპირველ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის შეთანხმება საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად მოსარგებლეს პერიოდულად უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა, ხოლო ჩ-ევას მიერ ფართის გაყიდვის შემთხვევაში, მესაკუთრისათვის უნდა გადაეხადა გაყიდული თანხიდის 15%. ნასყიდობის ხელშეკრულება მიღებული თანხის ნაწილის სხვისთვის გადაცემას და ყოველთვიური თანხის გადახდას არ ითვალისწინებს, რაც გამორიცხავს მხარეთა შორის ნასყოდობის გარიგების არსებობას.

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ორივე შემთხვევებში ადგილი ჰქონდა საცხოვრებელი სადგომის სასყიდლიან გადაცემას. მაგრამ პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საკუთრების გადაცემას ყოველგვარი დათქმის გარეშე, მეორე შემთხვევაში კი სარგებლობის უფლების დათმობას, რაც გამოიხატებოდა საცხოვრებელი ფართის სასყიდლიან გადაცემაში, მაგრამ დამატებით ხელშეკრულების მხარეთა მიერ სხვადასხვა პირობების დათქმაში

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ ხელწერილები, სარგებლობის უფლების დათმობის თაობაზე, რის გამოც ასეთი ურთიერთობა დგინდება ზემოთ აღნიშნული კანონის მე-4 პუნქტში მითითებული მტკიცებულებების მეშვეობით.

განსახილველ შემთხვევაში კი მხარეებს წარმოდგენილი აქვთ ხელწერილები, რომლებიც ადასტურებენ სარგებლობის უფლების გადაცემის თაობაზე გარიგების არსებობას მხარეთა შორის, რაც გამორიცხავს მხარისათვის საკუთრების უფლების გადაცემას. შესაბამისად სასამართლოს მიერ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მათ შორის არსებული შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. ამასთან, ვინაიდან სადავო ფართი წარმოადგენს თანასაკუთრებას, ქონების განუყოფლობიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ორივე თანამესაკუთრის ნაწილში (მთლიანად).

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სწორი შეფასება უნდა მისცეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება მოდავე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შესახებ და განსაზღვროს მათი წილები ამ ურთიერთობის გაუქმებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ს-ინას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.