Facebook Twitter

ას-408-758-07 13 ივლისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქეთი დოლიძის და მისი წარმომადგენლის ნათელა ჩერქეზიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ სს “ .. ..” სარჩელის გამო მოპასუხე ქ. დ-ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ქ. დ-ის და მისი წარმომადგენლის ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით ქ. დ-ს და მის წარმომადგენელს ნ. ჩ-ს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის 3360 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2007 წლის 7 ივნისს ქ. დ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, მიუთითა, რომ მის წარმომადგენელს დაეღუპა მამა და აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით კასატორებს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა გაუგრძელდათ, კერძოდ, დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის 3360 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ადვოკატის ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (ს.ფ 214-215).

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ 2007 წლის 25 ივნისს (ს.ფ. 216-217). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 28 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

2007 წლის 29 ივნისს ანუ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ ნ. ჩ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა. მისი განმარტებით ქ. დ-ს დღეისათვის არანაირი საშუაალება არ აქვს, რომ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარს, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომელსაც ერთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, წარმოდგენილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც საკასაციო საჩივარის არ დაიშვება.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. დ-ის და მისი წარმომადგენლის ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.