Facebook Twitter

ას-410-760-07 19 სექტემბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ო. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება.

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. შ-ს სარჩელი, მოპასუხე ო. ნ-ს მ. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო.ნ-ს საჩივარი და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე 2005 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო.ნ-მა. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ო.ნ-ს სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის განჩინებით ო.ნ-ს საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.ნ-მა. კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2007 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმებას. კასატორის მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ კახეთიდან ჩამოყავდა წარმომადგენელი, რა დროსაც გზაში გაუფუჭდა მანქანა. აღნიშნულის გამო ტელეფონით აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რომ სხდომაზე დააგვიანდებოდა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ო. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ ო. ნ-ს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებულ სხვა გარემოებებს, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივანის მიერ მითითებული იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.

კასატორის მტკიცება, რომ სასამართლო სხდომის დღეს კახეთიდან ჩამოყავდა წარმომადგენელი და გზაში ავტომანქანა გაუფუჭდა, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კასატორს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საქმეში არ არის წარმოდგენილი ვინმეზე გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოში მონაწილეობის მისაღებად. კასატორმა ასევე ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებით ის გარემოება, რომ კახეთიდან წამოსვლისას გზაში ავტომანქანა დაუზიანდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2007 წლის 13 მარტის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.