Facebook Twitter

#616აპ.-15 ქ. თბილისი

ხ-ი დ.-616ap.-15 30 მაისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით დ. ხ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ასევე – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2014 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, წ...ს რაიონის სოფელ გ..ში პნევმატური თოფით შეიარაღებული დ. ხ-ი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ავტომანქანით მოძრავ ჯ. ს-სა და მის მეუღლეს – ნ. ფ-ას და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ კუთვნილი ფულად თანხას 70 ლარის ოდენობით.

· დ. ხ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 5,92 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, რომელიც ამოიღეს 2014 წლის 19 სექტემბერს ხ..ის რაიონის სოფელ ...ში, დ. ხ-ის პირადი ჩხრეკის დროს.

3. აღნიშნული ქმედებებისათვის დ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 6 წლით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 19 სექტემბრიდან; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ვ. კ-მა. მან ითხოვა დ. ხ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენი შეიცვალა: დ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. კ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; დაზარალებულების ჩვენებებით არანაირად არ დასტურდება დ. ხ-ის ბრალეულობა; მოწმე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა; ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ დ. ხ-ს არ ჰქონია, რადგან იგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი; აღნიშნული ნივთიერება სპორტული შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში ჩაუდეს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ნიმუშებზე (მაისური, სიგარეტის ნამწვავები, გასროლილი მასრა) არანაირი კვლევა არ ჩატარებულა; კასატორის განმარტებით, დ. ხ-ს ჰქონდა საკმაო შემოსავალი და მას დანაშაული არ ჩაუდენია; სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-5, მე-13, 82-ე, 269-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც ადვოკატი ვ. კ-ი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და დ. ხ-ის გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოწმეების - ჯ. ს-ის, ნ. ფ-სა და ნ. ფ-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 21 საათზე, ოჯახის კუთვნილი ავტომობილით მგზავრობდნენ ხ...ის რაიონის სოფელ ..დან ქალაქ წ...ს მიმართულებით. როდესაც გადმოიარეს - ხიდი, გზის სავალ ნაწილზე დახვდათ საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, წელზევით შიშველი მამაკაცი, რომელსაც თავზე შემოხვეული ჰქონდა მაისური და სახე არ უჩანდა. ამ ადამიანმა დაუმიზნათ თოფი და მოითხოვა ავტომობილის შეჩერება, რასაც დაემორჩილნენ. ამავე დროს თოფიანმა მამაკაცმა მოითხოვა თანხის გადაცემა. ნ. ფ-ამ მოიძია თანნაქონი, წელზე შემოსაკრავი შავი ფერის საფულე, საიდანაც ამოიღო საბუთები და ქაღალდის კუპიურები, ხოლო იქ არსებული რკინის მონეტები, დაახლოებით 70 ლარის ოდენობით, გადასცა ჯ. ფ-ას, რომელმაც საფულე თანხითურთ გადააგდო უცნობი მამაკაცის მიმართულებით, რის შემდეგაც მამაკაცმა თავი დაანებათ, ხოლო თვითონ გააგრძელეს გზა წ...ს მიმართულებით. მალევე გზაში შეხვდათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც უამბეს მომხდარის შესახებ. ნ. ფ-ამ დაადასტურა, რომ ამოცნობისას მან დარწმუნებით ამოიცნო თავისი კუთვნილი საფულე.

3. მოწმეების - ქ. ბ-ისა და ს. ბ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, გადმოიარეს გ...ის ხიდი. ხიდის გადასვლის შემდეგ, დაახლოებით 50 მეტრში, მანქანის შუქზე შენიშნეს, რომ მათკენ პირისახით იდგა წელზევით შიშველი მამაკაცი, რომელსაც თავზე შემოხვეული ჰქონდა შავი მაისური. მათ შეხედეს ამ კაცს და მასში შეიცნეს თანასოფლელი დ. ხ-ი.

4. დ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მისაღები ოთახიდან ამოიღეს შავი ფერის პნევმატური, კონდახიანი თოფი, შავი ფერის წელზე შემოსაკრავი საფულე, მასში მოთავსებული სამი ორლარიანი, თოთხმეტი ერთლარიანი, ორი 50 - თეთრიანი და ოთხი 20 - თეთრიანი მონეტებით.

5. მოწმეებმა - თ- ლ-ემ და ლ. ვ-ემ დაადასტურეს დ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის მიმდინარეობისა და შედეგების სისწორე.

6. საგნის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ნ. ფ-ამ წარდგენილი სამი საფულიდან დარწმუნებით ამოიცნო კუთვნილი საფულე მის ინდივიდუალურ ნიშნებზე მითითებით.

7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების შედეგად საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ სწორედ დ. ხ-ი დაესხა ყაჩაღურად თავს ჯ. ს-სა და ნ. ფ-ას და გასტაცა მათ შავი ფერის საფულე მასში მოთავსებული თანხით.

8. საკასაციო პალატას ასევე უტყუარად დადგენილად მიაჩნია დ. ხ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი, ვინაიდან მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის სისწორეც დაადასტურეს თ. ნ-ამ და დ. დ-მა, დასტურდება, რომ 2014 წლის 19 სექტემბერს, 3:30 საათზე, დააკავეს დ. ხ-ი, რომლის პირადი ჩხრეკისას შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა გაზეთში გახვეული, მომწვანო-მორუხო ფერის მძაფრი სუნის მქონე მასა, რაც სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა მ. ჭ-ემ, წარმოადგენს 5,92 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,გამომშრალ მარიხუანას“.

9. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას დ. ხ-ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან გამოკვლეული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული მისი ბრალეულობა.

10. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ დ. ხ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

11. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708, 709, 710 განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შეტანილი წარდგინების საფუძველზე, იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება – „გამომშრალი მარიხუანის“ (იხ. „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანრათი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფა) პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

12. აღნიშნული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის მიმართ სასჯელის სახით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა მის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედების გამო, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა ან შენახვა, როდესაც არ არის დადგენილი გასაღების მიზნის არსებობა ასეთი ქმედების ჩადენისას. მოცემულ საქმეში მსჯავრდებული დ. ხ-ი გასაჩივრებული განაჩენით, გარდა ყაჩაღობისა, დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე იმაში, რომ მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – 5,92 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“; ამასთან, განაჩენით არ არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულმა ხსენებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა და შეინახა გასაღების მიზნით.

13. ამავდროულად საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში დ. ხ-ის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება სასჯელის სხვა რომელიმე სახე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლით, რადგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არც ერთ სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ხოლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში.

14. ამრიგად, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ხ-ი სასჯელის დაუნიშნავად უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალება – „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რის გამოც შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, ხოლო სხვა ნაწილში იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დ. ხ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) სასჯელის დაუნიშნავად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში - მათ შორის დ. ხ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე