ას-412-762-07 13 ნოემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი – ე. ხაჩიძე
კასატორები – ნ. ლ-ა , ე. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ლ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი – ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ლ-მ 2006 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ნ. ლ-ს და ნოტარიუსი ე. გ-ს მიმართ და მოითხოვა ი. ლ-ს სახელზე 1988 წლის 15 აპრილს გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის და ნ. ლ-ს სახელზე 2005 წლის 21 ოქტომბერს გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე მთელი სამკვიდრო ქონების _ ქ. ქუთაისში, ... II შესახვევის ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინი სმემკვიდრედ ცნობა. მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. II შესახვევის ¹16-ში მდებარე სახლის მესაკუთრე იყო მისი დედა თ. ლ-ა. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ მოსარჩელე და მისი ძმა ი. ლ-ა. მათ მემკვიდრეობა არ აღუდგენიათ, რადგან ფაქტობრივად ფლობდნენ ბებია-ბაბუის და მშობლების დანაშთ ქონებას. მისი ძმა გარდაიცვალა 2005 წელს, რომლის მკურნალობისა და გასვენების ხარჯებიც მან და მისმა ოჯახმა გაიღო. მოსარჩელის სახით დარჩა ბებიის და ბაბუის დანაშთი ქონების ერთადერთი მემკვიდრე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოში სარჩელი შეიატნა მისმა ძმისშვილმა მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შესახებ. სასარჩელო განცხადება დანართთან ერთად ჩაჰბარდა 2006 წლის 10 იანვარს, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ძმას 1988 წელს აღუდგენია მემკვიდრეობა. აღნიშნულ მისთვის ცნობილი არ იყო და აღნიშნულზე თანხმობა ან უარი მას არ განუცხადებია. შემდგომში მისი ძმის ი. ლ-ს დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა აღუდგენია მის შვილს ნ. ლ-ს. ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებებით, ი. ლ-ზე და ნ. ლ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები უკანონოა, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ლ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება; მ. ლ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. 1998 წლის 15 აპრილს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შეტანილ იქნა ცვლილება და მ. ლ-ს წილი ი. ძ-ისა და ქ. ჯ-ე–ძ-ის დანაშთ ქონებაზე განისაზღვრა ½1/2-ით. შესაბამისად 2005 წლის 21 ოქტომბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შეტანილ იქნა ცვლილება და ნ. ლ-ს მიერ მიღებული სამკვიდრო ქონება განისაზღვრა ქ. ქუთაისში, ... ქ. II შესახვევის ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½1/2-ით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა აპელანტის პაპისა და ბებიის _ ი. ძ-ისა და ქ. ჯ-ე-ძ-ის საერთო საკუთრებას, რაც დასტურდება საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობით. მათი შვილი ანუ აპელანტის დედა თ. ლ- გარდაიცვალა 1985 წელს და მისი გარდაცვალების შემდეგ 1988 წლის 15 აპრილს ი. ძ-ისა და ქ. ჯ-ე-ძ-ის დანაშთ ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ი. ლ-ს სახელზე. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ არამარტო ი. ლ-ა, რომლის სახელზედაც არასწორად გაიცა სამკვიდრო მოწმობა, არამედ მ. ლ-ც, რომელიც დაბადებიდან 1953 წლიდან ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ... ქ. II შესახვევის ¹16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მიიჩნია, რომ მართალია ი. ლ-მ მისი დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტანა განცხადება სანოტარო ორგანოში და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა, მაგრამ მის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაცემულ უნდა ყოფილიყო სადავო საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ½1/2-ზე იმ საფუძვლით, რომ ქონების მეორე ნაწილის მემკვიდრეს წარმოადგენდა მ. ლ-ა, რომელიც ფაქტობრივად ფლობდა სადავო ქონებას. სადავო საცხოვრებელი სახლის თანამფლობელებს წარმოადგენენ ი. და მ. ლ-ები. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ მ. ლ-ა ითვლება სადავო საცხოვრებელი სახლის ½1/2-ის მემკვიდრედ და არანაირი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი დროებით, დაქორწინების შემდეგ, ცხოვრობად ნაქირავებ ბინაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნოტარიუსის მიერ დადგენილ უნდა ყოფილიყო ის გარემოება, არსებობდნენ თუ არა სხვა მემკვიდრეები და ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მის მიერ ი. ლ-სათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემა. საქმის მასალებიდან არ ირკვევა და არც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებთი, რომ მ. ლ-მ უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ე. გ-მა და ნ. ლ-მ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივერბული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლზე მითითებით განმარტეს, რომ სასარჩელო განცხადებით მ. ლ-ა ითხოვდა ი. ლ-ს და ნ. ლ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობას, ხოლო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზემოაღიშნული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობას, ასევე ქ. ჯ-ისა და ი. ძ-ის საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ... II შესახვევის ¹16-ში მემკვიდრედ ცნობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. ლ-მ შეცვალა დავის საგანი, ერთგვარად გაადიდა კიდეც მოთხოვნა, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მ. ლ-ს ახალი მოთხოვნის დაყენების უფლების კანონიერებაზე, არ უმსჯელია, თუ რა ფარგლებში განიხილავდა სააპელაციო საჩივარს.
კასატორების მითითებით, სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის, რასაც არ ითხოვდა, ცნო მ. ლ-ა სადავო ქონების არა მემკვიდრედ, არამედ მესაკუთრედ.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორის მითითებით, მამკვიდრებელ თ. ძ-ს სიცოცხლეში სურდა ქონების კასატორის მამაზე გადაფორმება, მაგრამ გარდაიცვალა 1985 წლის 25 მაისს. მ. ლ-ა არ უარყოფს, რომ ი. ლ-ა დედის გარდაცვალების შემდეგ ნამდვილად ცხოვრობდა სადავო სახლში. სასამართლო ვალდებული იყო შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოკვლია, ცხოვრობდა თუ არა მ. ლ-ა 1985 წელს სადავო სახლში. 2005 წლამდე მ. ლ-ს სადავო ბინაში არ უცხოვრია. კასატორის მითითებით, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლი. სასამართლომ ასევე არ მიუთითა, თუ რა პერიოდს მოიცავდა მ. ლ-ს მიერ სხვა სახლში ცხოვრების დრო, იყო თუ არა ეს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ 6-თვიან ვადაში. ამ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა 1421-ე მუხლი, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ლ-ს და ე. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ი. ძ-ისა და ქ. ჯ-ე-ძ-ის საერთო საკუთრებას, რაც დასტურდება საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობით. მათი შვილი თ. ლანავა გარდაიცვალა 1985 წელს და მას დარჩა ორი შვილი: მ. და ი. ლ-ები. მისი გარდაცვალების შემდეგ 1988 წლის 15 აპრილს ი. ძ-ისა და ქ. ჯ-ე-ძ-ის დანაშთ ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ი. ლ-ს სახელზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მოცემული დავის მხარეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა მოაწესრიგონ სამოქალაქო კოდექსით, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად სწორად მიუთითა, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაკითხული მოწმეების განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. ლ-ა 1953 წლიდან ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ... ქ. II შესახვევი ¹16-ში მდებარე საცხოვრებელ სხალში. იგი ცხოვრობდა და ფლობდა სადავო საცხოვრებელ სახლს როგორც პაპისა და ბებიის, ასევე მშობლების გარდაცვალების შემდეგაც; საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტბრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკივდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია, მ. ლ-ა ცოტა ხნით ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ იგი დედის გარდაცვალების შემდეგ არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და არ ფლობდა მას. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლი და მიუთითა, რომ სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის თანამფლობელებს წარმოადგენენ ი. და მ. ლ-ები. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კანონით მემკვიდრეები კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები (შვილიშვილები). ამ ნორმის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კანონით მემკვიდრეთა შორის წილის გათანაბრებაზე, რის გამოც მემკვიდრეთა შორის სამკვიდრო ქონება თანაბრად უნდა განაწილდეს ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მ. ლ-ა ითვლება სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2-ის მემკვიდრედ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დააშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო პალატას დასაბუთებლად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასარჩელო განცხადებით მ. ლ- ითხოვდა ი. ლ-ზე და ნ. ლ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობას და ქ. ჯ-ისა და ი. ძ-ის ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე მდებარე ქ. ქუთაისში, ... OII შესახვევი ¹16-ში მემკვიდრედ ცნობას. ხოლო სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა, ასევე ქ. ჯ-ისა და ი. ძ-ის საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ... II შესახვევი ¹16-ში მემკვიდრედ ცნობა. სააპელაციო სასამართლოში მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის დროს კი მ. ლ-ს წარმომადგენელმა მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: ცვლილება შევიდეს სამკვიდრო მოწმობაში, კერძოდ, სადავო ბინის ½1/2-ის მესაკუთრედ აღიარებული იქნეს მ. ლ-ა და 1/2-ის მესაკუთრედ ნ. ლ-. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო ასამართლოში საქმის განხილვისას მ. ლ-მ შეცვალა დავის საგანი, ერთგვარად გაადიდა კიდეც მოთხოვნა, რაც ეწიანააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მ. ლ-ს ახალი მოთხოვნის დაყენების უფლების კანონიერებაზე, არ უმსჯელია, თუ რა ფარგლებში განიხილავდა სააპელაციო საჩივარს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული არ წარმოადგენს დავის საგნის შეცვლას ან მოთხოვნის გადიდებას, რადგან კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით და სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მემკვიდრედ ცნობას. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო ცნობას. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მ. ლ-მ დავის საგანი კი არ შეცვალა ან გაადიდა, არამედ შეამცირა თავისი მოთხოვნა და მთელი სამკვიდრო ქონების ნაცვლად მხოლოდ სამკვიდროს 1/2-ზე მოითხოვა თავისი უფლების აღიარება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით კი არ არის შეზღუდული სასარჩელო მოთხოვნის შემცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილეის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ლ-ს და ე. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.