ას-41-326-08 17 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. კ-ოვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჯ-აძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და სამკვიდრო ქონების ნაწილზე მემკვიდრედ ცნობა
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ჯ-აძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლიანა ა-იშვილისა და ე. კ-ოვას მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და სამკვიდროს ნაწილზე ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1994 წლის 19 აგვისტოს გარდაიცვალა მისი პაპა, დედის დეიდის ქმარი დ. კ-ოვი, რომელიც ცხოვრობდა ქ. თბილისში, .......... ქ. მდებარე ¹13 ბინაში. აღნიშნული ბინა 1992 წლის 16 მაისის ¹2\773 ნოტარიული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა მის საკუთრებას.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის აპრილში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ანდერძი, რითაც დ. კ-ოვმა მთელი მისი ქონება 1994 წლის 24 იანვრის ანდერძის საფუძველზე უანდერძა მას (მ. ჯ-აძეს). ანდერძი შედგენილია იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის სსკ-ის 551-ე მუხლის სრული დაცვით და რეგისტრირებულია რეესტრში ¹...... . შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა, რომ პაპის – დ. კ-ოვის მიერ მისთვის ნაანდერძევი ქ. თბილისში, .......... ქ. ¹13-ში მდებარე ბინა, 1995 წლის 22 თებერვლის ¹3-9 ნოტარიული ხელშეკრულების საფუძველზე გადაიფორმა მისმა მეუღლემ, ანუ მოსარჩელის დედის დეიდამ ე. კ-ოვმა. აღნიშნული ანდერძი, კანონის შესაბამისად, ინახებოდა ნოტარიუს ლ. ა-შვილთან, ხოლო ანდერძის ასლი მოანდერძესთან ოჯახში. დ. კ-ოვის გარდაცვალების მოწმობის წარდგენისთანავე ნოტარიუსი ვალდებული იყო, სამკვიდროს გახსნის თაობაზე ეცნობებინა ანდერძისმიერი მემკვიდრისათვის. ნოტარიუსმა კი მემკვიდრეს არ აცნობა აღნიშნულის შესახებ, რითაც დარღვეულ იქნა იმ დროისათვის მოქმედი კანონი სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც ლ. ა-შვილი ვალდებული იყო, მიეღო ზომები სამკვიდროს დასაცავად.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი არის დ. კ-ოვის ანდერძისმიერი მემკვიდრე, ნოტარიუსის უკანონო მოქმედების შედეგად დაირღვა მისი ანდერძისმიერი მემკვიდრის უფლებები და სამკვიდრო ქონება მთლიანად გადაეცა კანონისმიერ მემკვიდრე ე. კ-ოვას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ლ. ა-იშვილის მიერ 1995 წლის 22 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, ე. კ-ოვას ქ.თბილისში, .......... ქ.¹13-ში მდებარე ბინის ნახევარზე კანონისმიერი მემკვიდრეობის გაუქმება და სამკვიდროს ნაწილზე ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჯ-აძის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით მოცემულ დავასთან დაკავშირებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ე. კ-ოვას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ. თბილისში, .......... ქ. 13-ში მდებარე ბინას.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ჯ-აძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-აძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ჯ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ჯ-აძეს გაუგრძელდა ანდერძისმიერი სამკვიდრო ქონების მისაღებად დადგენილი ვადა; გაუქმდა ქ. თბილისში, .......... ქ. ¹13-ში მდებარე ბინის 34/795-წილზე დ. კ-ოვას სამკვიდრო ქონებაზე, ე. (ე. ) კ-ოვას მიერ 1995 წლის 22 თებერვალს მიღებული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა 1/2½ ნაწილში და დ. კ-ოვის სამკვიდრო ქონების 1/2½ნაწილის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობილ იქნა მ. ჯ-აძე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1994 წლის 19 აგვისტოს გარდაცვლილი დ. კ-ოვას სამკვიდრო ქონებაზე _ .......... ქ. ¹13-ში მდებარე ბინის 34/795 წილზე 1995 წლის 22 თებერვალს ე. კ-ოვმა მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ მოსარჩელე მ. ჯ-აძეს, 2005 წლის 8 ივლისს გადაეცა ანდერძის ასლი, რომელიც არ გაუქმებულა და ძალაშია. ანდერძის მიხედვით, მოანდერძემ მ. ჯ-აძეს უანდერძა მთელი მისი ქონება და მათ შორის საცხოვრებელი სახლიც.
სააპელაციო პალატამ მითითა, რომ მოსარჩელე მ. ჯ-აძემ, რომელმაც სარჩელი სასამართლოში აღძრა 2005 წლის 17 ივლისს, არ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით დადგენილი ორთვიანი ვადა და იგი ე. კ-ოვას მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებას შეეცადა მისი უფლების დარღვევის გაგებიდან ორი თვის ვადაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მ. ჯ-აძის სარჩელი, ლ. ა-შვილისა და ე. კ-ოვას მიმართ, რომლითაც იგი ითხოვდა დ. კ-ოვის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობასა და, შესაბამისად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის აღდგენას, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში. მოგვიანებით, 2006 წლის 31 ოქტომბერს, მოსარჩელემ შეიტანა სარჩელი, რომელსაც დაზუსტებული უწოდა და მოითხოვა ნოტარიუს ა-შვილის მიერ 1995 წლის 22 თებერვალს ე. კ-ოვის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და მისი ანდერძისმიერი მემკვიდრედ ცნობა დ. კ-ოვის სამკვიდროს 1/2 ½ნაწილზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ ადრე შეტანილი სარჩელის დაზუსტებად, რადგან თითოეულ სარჩელში მოთხოვნა არის დამოუკიდებელი და სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და მისი ანდერძისმიერი მემკვიდრედ ცნობა არ შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაზუსტებად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ე. კ-ოვა არის გარდაცვლილი დ. კ-ოვის მეუღლე და, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი რიგის მემკვიდრე. ამასთან, იგი არის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე, რომელსაც, ზემოთ მითითებული ნორმის თანახმად, სავალდებულო წილის სახით უნდა შეხვდეს სამკვიდრო ქონების 1/2.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. კ-ოვამ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ჯ-აძის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან დადასტურებულია, რომ ანდერძის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2005 წლის აპრილში.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაზუსტებად, რადგან თითოეულ სარჩელში მოთხოვნა არის დამოუკიდებელი. მოცემულ შემთხვევაში, მ. ჯ-აძემ თავდაპირველად შეიტანა სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა სამკვიდროს ვადის აღდგენა სხვა მოთხოვნებთან ერთად. მოგვიანებით კი დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც არ მოუთხოვია სამკვიდროს ვადის აღდგენა.
კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სააპელაციო პალატის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელი სახლი მხოლოდ დ. კ-ოვის საკუთრებას წარმოადგენდა და მთლიან სახლზე გაიხსნა სამკვიდრო. სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლის თანახმად, ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. კ-ოვას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. კ-ოვი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში აწ გარდაცვლილ დ. კ-ოვთან და, შესაბამისად, ე. კ-ოვა წარმოადგენს დ. კ-ოვის კანონისმიერ მემკვიდრეს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1994 წლის 19 აგვისტოს გარდაცვლილი დ. კ-ოვის სამკვიდრო ქონება, თბილისში, ......... ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 34/795-წილზე, 1995 წლის 22 თებერვალს ე. კ-ოვმა მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, ნოტარიუს ლ. ა-შვილის მიერ გაცემული სანოტარო აქტით დასტურდება, რომ მ. ჯ-აძეს 2005 წლის 8 ივლისს გადაეცა დ. კ-ოვის 1994 წლის 24 იანვარს ¹1-310 რეესტრით დამოწმებული ანდერძის ასლი, რომელიც არ გაუქმებულა და ძალაშია. აღნიშნული ანდერძის საფუძველზე მამკვიდრებელმა უანდერძა მ. ჯ-აძის მის საკუთრებაში არსებული ქონება.
კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი უნდა გაიცეს კითხვაზე, თუ რა მომენტიდან ირღვევა სამკვიდროს მიღების ანდერძისმიერი მემკვიდრის უფლება.
საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თვით ანდერძი წარმოადგენს იმ იურიდიულ მნიშვნელობის ფაქტს, რომელიც იწვევს გარკვეულ იურიდიულ შედეგს, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ხანდაზმულობის საკითხის განხილვაზე და არა მხოლოდ ცოდნა ანდერძის არსებობის შესახებ. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მ. ჯ-აძემ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ არ არის საკმარისი ხანდაზმულობის ვადის ასათვლელად.
ანდერძისმიერი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების საფუძველს წარმოადგენს ანდერძი, ანუ მხოლოდ ანდერძის საფუძველზე (თუკი ის არ არის კანონისმიერი მემკვიდრე) მას შეუძლია განახორციელოს სამკვიდროს მიღების შესახებ მემკვიდრის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დაწყებას. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში უფლების დარღვევად ჩაითვლება არა მემკვიდრის ცოდნა ანდერძის არსებობის ფაქტის შესახებ, არამედ ამ ანდერძის საფუძველზე წარმოშობილი უფლების განუხორციელებლობის, ხელშეშლის ფაქტი.
ამრიგად, მხოლოდ აღნიშნული უფლების განხორციელების შეუძლებლობა, იმის გამო, რომ სხვა პირები, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო, ედავებიან ანდერძისმიერ მემკვიდრეს და არიან წინააღმდეგი მის მიერ ანდერძით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით დადგენილი ორი თვის ვადის ათვლის მომენტს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. ჯ-აძეს ანდერძი გადაეცა 2005 წლის 8 ივლისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრა 2005 წლის 17 ივლისს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ უკანასკნელს არ დაურღვევია ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი.
სხვა საკითხია, როდესაც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრემ შეიტყო მის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძის არსებობის შესახებ და ანდერძის მიღების მიზნით არაფერი გაუკეთებია ან არსებობენ ისეთი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ მას არ ჰქონდა სურვილი, მიეღო სამკვიდრო, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმიდან არ ირკვევა.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც შესაძლებელია გამხდარიყო არასწორი გადაწყვეტილების საფუძველი, კერძოდ, კასაციაში კასატორი უთითებს, რომ ანდერძში მითითებული ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ამდენად მისი აზრით, სამკვიდრო გაიხსნა მეუღლის თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლი, რომლის თანახმად ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.
საქმეში წარმოდგენილია კასატორის (მოპასუხის) ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 67) და საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობა, რომელშიც მითითებულია დ. კ-ოვის სახელზე ცნობაში აღნიშნული ქონების რეგისტრაციის ფაქტი. (ს.ფ. 10), ასევე საქმეში არსებული კასატორის (მოპასუხის) ახსნა-განმარტებები იმის შესახებ, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინოს სამკვიდროში შემავალი ქონება წარმოადგენდა თუ არა მეუღლეთა თანასაკუთრებას და ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. კ-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.