Facebook Twitter

ას-413-659-08 29 ივლისი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ჯ. ფ.-ი, თ. პ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

აღწერილობითი ნაწილი

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2005 წლის 5 იანვარს მიმართა ლ. ს.-მა სასარჩელო განცხადებით მოპასუხე თ. პ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 2 ნოემბერს, ლ. რ.-ის მინდობილი მესაკუთრის, ტ. გ.-ისგან, რომელიც მოქმედებდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის უფროსის – ზ. თ.-ის მიერ დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, შეიძინა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹12, ბინა ¹8; ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიულად, რის შემდეგაც ლ. ს.-ი მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულ ბინაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს თ. პ.-ი თანმხლებ პირებთან ერთად. ბინის ყოფილ მესაკუთრეს, ლ. რ.-ს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფება აშშ-ში, არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ აკავშირებს მოპასუხესთან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თ. პ.-ი უარს აცხადებს როგორც ქირავნობის ხელშეკრულების დადებაზე, ასევე ბინის დაცლაზე. მოსარჩელე მოითხოვს ...-ის ¹12-ში მდებარე ბინა ¹8-დან თ. პ.-ისა და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლებას.

2005 წლის 28 თებერვალს, სასამართლოს მიმართა ჯ. ფ.-მ, რომელმაც, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მოითხოვა მისი სარჩელის წარმოებაში მიღება და ძირითად სარჩელთან ერთად განხილვა. ამავე დღეს, 2005 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე თ. პ.-მ არ ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: იგი სადავო ბინაში ცხოვრობს მოქალაქე ჯ. ფ.-ის ნებართვით, რომელიც ფლობს და განკარგავს ამ ბინას. 2004 წლის 2 სექტემბერს მასთან გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება ორი წლის ვადით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ილახება მისი, როგორც საცხოვრებელი ბინის დამქირავებლის ინტერესები, ვინაიდან არ იცის, ვის გადაუხადოს ბინის ქირის საფასური. ჯ. ფ.-ის სარჩელი მიმართულია მოპასუხეების – ლ. ს.-ისა და ლ. რ.-ის მიმართ. ჯ. ფ.-ი ითხოვს 1990 წლის 26 სექტემბრის ნოტარიული წესით დამოწმებული, ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და გაყიდვის ხელშეკრულების გაუქბემას. ჯ. ფ.-მ მიუთითა, რომ მოპასუხე ლ. რ.-სთან 1986-1999 წლებში შექმნილი ჰქონდა ოჯახი, ისინი ცხოვრობდნენ ქირით; 1990 წელს გადაწყვიტა შეეძინა ბინა; ვინაიდან მას თავის ოჯახთან ერთად ჰქონდა ბინა ...-ის ქუჩაზე და, იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ შეეძლო ჰქონოდა პირად საკუთრებაში ერთზე მეტი საცხოვრებელი, ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა ლ. რ.-სთან. ჯ. ფ.-ი განმარტავს, რომ ხელშეკრულება თვალთმაქცური ხასიათისაა, ვინაიდან ბინა პირადად მან შეიძინა, ხოლო გაფორმდა ლ. რ.-ის სახელზე. ბინის საფასური პირადად მან გადაუხადა თავისი სახსრებიდან გამყიდველს, მის მეგობარს გ. კ.-ს. მოგვიანებით თავისი სახსრებით მან განახორციელა შემდეგში ამ ბინის რეკონსტრუქცია და ჩაატარა რემონტი. ლ. რ.-ის აშშ-ში გამგზავრების შემდეგ, 1999 წლიდან ბინას ის ფლობს და განკარგავს. 2004 წლის 2 სექტემბრიდან 2 წლის ვადით ბინა მიაქირავა თავის ახლობელს თ. პ.-ს. ლ. რ.-მ, მისი თანხმობის გარეშე, სადავო ბინა მიჰყიდა მათ კარის მეზობელს, ბინა ¹8-ში მცხოვრებ ლ. ს.-ს, რომელმაც იცოდა, რომ ნივთი უფლებრივად უნაკლო არ იყო და ისარგებლა მხოლოდ იმით, რომ ბინის მესაკუთრედ ლ. რ.-ე იყო დაფიქსირებული და არაკეთილსინდისიერად შეისყიდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. ფ.-ი ითხოვს 1990 წლის 26 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცურად დადებულის, ბათილად ცნობას, ხოლო 2004 წლის 2 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, როგორც არაკეთილსინდისიერად დადებულის, გაუქმებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 მარტის განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ჯ. ფ.-ი.

ამავე სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლ. ს.-ის მოთხოვნა და ყადაღა დაედო სადავო ბინაში არსებულ, თ. პ.-ის მფლობელობაში არსებულ ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ჯ. ფ.-მ და თ. პ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ. პ.-ისა და ჯ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. პ.-მ და ჯ. ფ.-მ.

2008 წლის 25 ივლისს ჯ. ფ.-მ და თ. პ.-მ განცხადებით მიმართეს უზენაეს სასამართლოს და უარი თქვეს საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო პალატამ განიხილა ჯ. ფ.-ისა და თ. პ.-ის განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამრთლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ვინაიდან, ჯ. ფ.-მ და თ. პ.-მ უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომადე მოსაჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, კასატორებმა უარი განაცხადეს საკასაციო საჩივრის განხილვაზე, მათ უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ფ.-ისა და თ. პ.-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;

კასატორებს დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარის ოდენობით;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.