ას-41-394-07 17 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუნუ კვანტალიანი, მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. შ-ი, ჟ. შ-ა, ტ. შ-ა
კასატორის წარმომადგენელი – ნ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ს. შ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ბინის იძულებით აუქციონზე გაყიდვა და თანხის მხარეთა შორის განაწილება, საცხოვრებელი ფართის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ამავე ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. შ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჟ. და ტ. შ-ების მიმართ და მოითხოვა მხარეთა საკუთრებაში არსებული ოროთახიანი ბინის იძულებითი გასხვისება და მიღებული თანხის თანაბრად განაწილება. მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹54\62-ში მდებარე ოროთახიანი ბინა მიიღეს მან, მისმა მეუღლე ჟ. შ-მ და თავიანთმა შვილებმა ტ. და გ. შ-ებმა. 1987 წელს მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყდა. ვაჟიშვილი აღსაზრდელად დარჩა მამასთან, ხოლო გოგონა კი დედასთან. სასამართლო გადაწყვეტილებით 11,40 კვ.მ ერთი ოთახი მიეკუთვნა მოსარჩელეს ვაჟთან ერთად, ხოლო მეორე 15,80 კვ.მ ოთახი მის ყოფილ მეუღლეს. 1995 წელს მხარეებმა მათ სარგებლობაში არსებული ოთახების პრივატიზება მოახდინეს. სათავსები საერთო სარგებლობაში დარჩა. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, იგი მოპასუხესთან იზოლირებულად ცხოვრობს, მაგრამ მათ შორის უკმაყოფილება მაინც არსებობს, რის გამოც მათი თანაცხოვრება შეუძლებელია, ამას ემატება მოპასუხეთა მიერ საერთო სარგებლობის ფართში შექმნილი ანტისანიტარია, რის გამოც მას საკუთარი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ეძლევა.
საქმის განხილვისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა გ. შ-ს წარმომადგენელმა ტ. შ-მ ს. შ-ს, ქ. ბათუმის ნოტარიუს მ. მ-ისა და აჭარის ა\რ ... სამინისტროს საბინაო კომუნალური მეურნეობის მიმართ და მოითხოვა ს. შ-ს სახელზე სადავო ბინის ნაწილის პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება და მისი ცნობა ბინის ამ ნაწილის თანამესაკუთრედ ს. შ-თან ერთად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. შ-ს სარჩელი, ნაწილობრივ გაუქმდა 1994 წლის 10 აგვისტოს ს. შ-ს სახელზე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹54\62-ში მდებარე ¹26 ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის ერთი 11,4 კვ.მ ოთახის მესაკუთრეებად თანაბარ წილში ცნობილ იქნენ ს. და გ. შ-ები; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. შ-ს სარჩელი, გაუქმდა მოსარჩელე ს. შ-სა და მოპასუხე ჟ. შ-ს საზიარო უფლება მათ თანასაკუთრებაში არსებული ბინის აუქციონზე რეალიზაციისა და ამონაგების განაწილებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ს. შ-მა, ისე ჟ., გ. და ტ. შ-ებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. შ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო; დაკმაყოფილდა ს. შ-ს სარჩელი, გაუქმდა სადავო ბინაზე ჟ. შ-ასა და ს. შ-ს შორის არსებული საზიარო უფლებები. დადგინდა, რომ აღნიშნული ბინა იძულებითი წესით გაყიდულ იქნას აუქციონზე და ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეთა შორის თანაბარწილად. ჟ. და გ. შ-ების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ს. შ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე, ჟ. შ-სათვის 1000 ლარის დაკისრების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. შ-სა და გ. შ-ს წარმომადგენლმა ტ. შ-მ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ჟ. შ-სა და გ. შ-ს წარმომადგენელ ტ. შ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს., გ., ჟ. და ტ. შ-ების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. შ-ს სარჩელი მას და ჟ. შ-ს შორის თანასაკუთრებაში რიცხული ქ.ბათუმში, ... ქ.¹54/62-ში მდებარე ¹26 ბინაზე საზიარო უფლების გაუქმებაზე არ დაკმაყოფილდა; გ. შ-ს სარჩელი 1994 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივი გაუქმებისა და საცხოვრებელი ბინის 11,4 კვ.მ ერთი ოთახის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა გ. შ-მა საპელაციო სასამართლოში დავის საგანი შეცვალა, კერძოდ, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების ნაცვლად, თანამესაკუთრედ ცნობა და წილზე მისი უფლების აღიარება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ს. შ-ს წარმომადგენელმა წარმოადგინა ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის მიერ 2006 წლის 11 ივლისს გაცემული ცნობა და 2006 წლის 2 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლად დადგენილებაში კანონით დადგენილი წესით ხანდაზმულობის ვადის გასვლაა მითითებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. შ-ი 1994 წლიდან ჩაწერილი იყო ჩერკასკის ოლქის ჩიგირინის რაიონის სოფელ ივანოვკაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პრივატიზაციის ხელეკრულების დადების მომენტისათვის საქართვეელოს მოქმედი საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ. შ-ს სადავო ბინაზე უფლება დაკარგული ჰქონდა და, შესაბამისად, იგი ვერც პრივატიზების მონაწილე გახდებოდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გ. შ-ი რომც ყოფილიყო პრივატიზების დროისათვის სადავო ბინაში ჩაწერილი და იქ მცხოვრები, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებით, პრივატიზაციის ხელშეკრულება არ საჭიროებდა გ. შ-ს თანხმობის სანოტარო წესით დამოწმებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება გ., ჟ. და ტ. შ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. შ-ს სარჩელი 1994 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმებისა და საცხოვრებელი ბინის 11,4 კვ.მ ერთი ოთახის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორები არ დაეთანხმნენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დავის საგნის შეცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ არათუ შეცვალეს დავის საგანი, არამედ დააზუსტეს და შეამცირეს იგი, რაც იმაში გამოიხატა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებისა და თანამესაკუთრედ ცნობის ნაცვლად, კასატორებმა მხოლოდ თანამესაკუთრედ ცნობა და ბინის წილზე უფლების აღიარება მოითხოვეს;
2. სააპელაციო პალატამ სადავო ბინის პრივატიზაციის დროისათვის გ. შ-ს უკრაინაში ცხოვრებისა და ჩაწერის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ხანდაზმულობის მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის ფაქტი მიიჩნია. აქვე აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო ტ. შ-ს მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომცდა გ. შ-ი 1992-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე;
3. კასატორთა მითითებით, გ. შ-ი პრივატიზაციის დროისათვის ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ბინაში. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს სამოქალაქო რეესტრის ბათუმის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა;
4. კასატორთა აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობას, რისი მოთხოვნის უფლებაც მხოლოდ ქ.ბათუმის მერიას ჰქონდა, როგორც არაპრივატიზებული ბინის მესაკუთრეს;
5. კასატორებმა საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინებაში წარმოდგენილი მითითებები, აღნიშნული საქმის სააპელაციო წესით განხილვასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული გადაწწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და აღნიშნული ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დავის საგნის შეცვლას სააპელაციო ინსტანციაში კრძალავს საქმის განხილვისა და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან დავის საგნის შეცვლა, როგორც წესი, ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენასთან არის დაკავშირებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება. ამდენად, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს დავის საგნის შეცვლა და დაკონკრეტება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საგანი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და თანამესაკუთრედ ცნობა იყო (ტ.I ს.ფ.50). ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინებაში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნის მიმართ გ. შ-ს უფლებადამცავი ინტერესი არ გააჩნდა, საცხოვრებელი ფართის წილზე უფლების აღიარება, წილის გამოთხოვა არ საჭიროებდა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობას, ამიტომ დავის საგანი, საკასაციო პალატის აზრით, დამატებით დაზუსტებას საჭიროებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 1994 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებისა და გ. შ-ს საცხოვრებელი ბინის 11,4 კვ.მ თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით დავის საგანი კი არ შეცვალეს, არამედ დააზუსტეს. უფრო მეტიც, იგი სწორედ აღნიშნული ფორმით იყო ფორმულირებული დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის _ გ. შ-ს წარმომადგენელ ტ. შ-ს მიერ წარდგენილ სარჩელში (იხ.ს.ფ. 51). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა დავის საგნის შეცვლასთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
როგორც საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, მხარეებმა საკასაციო ინსტანციაში თავინთი მოთხოვნა კიდევ ერთხელ დააკონკრეტეს და სადავო ბინის ნაწილზე (11,4 საცხოვრებელ ფართზე) გ. შ-ს თანასაკუთრების უფლების აღიარება მოითხოვეს.
რაც შეეხება გ. შ-ს სადავო საცხოვრებელ ფართზე აღრიცხვის საკითხს, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ ხანდაზმულობის მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველზე პრივატიზაციის დროისათვის გ. შ-ს უკრაინაში ცხოვრებისა და ჩაწერის ფაქტის დადასტურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორთა იმ მოსაზრებასაც, რომლის თანახმად, სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სადავო საცხოვრებელ ფართში გ. შ-ს ჩაწერის ფაქტს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების მიღებისას, არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ აღნიშნულ განჩინებაში განმარტა შემდეგი: საქმის მასალებით არ დასტურდება სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. შ-ი უკრაინაში მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებამდე. ჩიგირინის რაიონის შს ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 31 მარტისა და ამავე წლის 31 აგვისტოს შეტყობინებების (ს.დ. 120,193) მიხედვით უკრაინაში გ. შ-ი რეგისტრაციაში გატარდა 1994 წლის დეკემბერში, საქმის მასალებით დასტურდება, აგრეთვე, რომ ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება 2004 წლის 8 ოქტომბერს არის დადებული (ს.ფ.51), ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ გ. შ-ი 1993 წლის მაისიდან მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა ჩერკესკის ოლქის ჩიგირინის რაიონის სოფ. ... , არ არის დასაბუთებული, სასამართლოს არ შეუფასებია ამ მიმართულებით საქმეში არსებული მასალები, საქმეში დაცულ მტკიცებულებებს არ ემყარება სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, აღნიშნულ ფართზე სხვაგან გადასვლის დღიდან გ. შ-მა უფლება დაკარგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის გ. შ-ს ფართზე უფლების დაკარგვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსჯადმა სასამართლომ დამატებით უნდა დააზუსტოს დავის საგანი, გამოიკვლიოს საქმეში დაცული მტკიცებულებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი დადგენა-შეფასების შედეგად გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო პალატას არ დაუდგენია ზემოაღნიშნული გარემოებები. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გარკვევის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს, კერძოდ, 1994 წლიდან გ. შ-სა ჩაწერისა და მეუღლესთან ერთად ცხოვრების ფაქტი ჩერკასკის ოლქის ჩიგირინის რაიონის სოფელ ... .
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს საპელაციო სასამართლოში, თუ საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოკვლევას საჭიროებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები :
1. როდის განხორციელდა სადავო საცხოვრებელ ფართზე პრივატიზაცია;
2. პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ვინ იყო ჩაწერილი სადავო ბინაში;
3. როდის ამოეწერა გ. შ-ი სადავო ბინიდან;
4. ჰქონდა თუ არა გ. შ-ს სადავო საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის დროისათვის აღნიშნულ ფართზე მესაკუთრედ აღრიცხვის უფლება;
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული გამოკვლევა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.