ას-415-765-07 22 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ქ. პ-ო, ო. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ სესხის დაბრუნება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. პ-ო-ხ-ს მიმართ სესხისა და პროცენტის _ 6138 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2005 წლის 22 მარტის წერილობითი ხელშეკრულებით ნაკისრი სასესხო ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.
მოსარჩელემ ასევე განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სესხის უზრუნველსაყოფად ქ.ქობულეთში, ... ¹114-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ¹4 ბინის აუქციონზე რეალიზაცია.
სასამართლოში სარჩელი აღძრა ო. ხ-მაც, მოპასუხეებმად დაასახელა ხ. ს-ე და ქ. პ-ო და მოითხოვა სადავო ბინაზე იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვინაიდან უძრავი ნივთი წარმოადგენს მის საკუთრებას, ქ. პ-ს კი მიანიჭა მხოლოდ იპოთეკის და არა სესხის ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილება, ამდენად, სესხის ხელშეკრულება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
მოცემული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქ. ხ-მა სარჩელები არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2005 წლის 22 მარტის სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო იძულებით.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. ხ-ს დაეკისრა მის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდა, ო. ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ქობულეთში, ... გამზირ ¹114-ში მდებარე ¹4 ბინაზე სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა, ხ. ს-ის განცხადება ბინის აუქციონზე რეალიზაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ქ. პ-ო-ხ-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ხ. ს-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 27 დეკემბერს, 13.00 საათზე, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ, თუმცა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. 2006 წლის 27 დეკემბრის ქ. და ო. ხ-ების განცხადებებით ირკვევა, რომ მათ ვერ შესძლეს დანიშნულ დროს სასამართლოში გამოცხადება დიდთოვლობის გამო და ავტომანქანის საბურავების გაუმართაობისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების არქონის მიზეზით გზიდან დაბრუნდნენ უკან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ხ. ს-ის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ო.ხ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ხ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა, ო.ხ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხ.ს-ის სარჩელი 2004 წლის 1 სექტემბერს ხ.ს-სა და ქ.პ-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზების თაობაზე დაკმაყოფილდა, დადგინდა ქ.ქობულეთში, ... ¹114-ში მდებარე ¹4 ბინის აუქციონის წესით რეალიზაცია.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ქ. და ო. ხ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: შპს “ზ...ს” დირექტორის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹01-10/335 ცნობისა და თავად საჩივრების ავტორთა განმარტებებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სხდომის დღეს ქობულეთიდან ქუთაისამდე საავტომობილო გზაზე მოძრაობა არ შეფერხებულა და მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მათი სამგზავრო ავტომანქანის საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების არქონითა და ო. ხ-ს ავადმყოფობით. შპს “ .. ..” დირექტორის 2007 წლის 7 მარტის ცნობით სასამართლომ დაადგინა, რომ ო. ხ-ი 2006 წლის 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე იმყოფებოდა ავად ჰიპერტონული კრიზის დიაგნოზით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ცნობა არ შეიცვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც დაადასტურებდა, რომ ო.ხ-ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა შეუძლებელი იყო. პალატამ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორთა მოსაზრება, რომ 13 საათზე დანიშნული სხდომის დასრულების შემდეგ ქ. და ო. ხ-ების წარმომადგენელი ვეღარ მოახერხებდა უკან დაბრუნებას, ვინაიდან დასახელებული გარემოება და ავტომანქანის გაუმართაობა სუბიქტური გარემობებს წარმოადგენს და,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. პ-ს წარმომადგენელმა დ. ვ-მ და ო. ხ-ს წარმომადგენელმა ე. ბ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება, რამაც ხელი შეუშალა მხარეს საქმის განხილვაზე გამოცხადებაში. დიდთოვლობისა და აღნიშნულისათვის მხარეთა ავტომანქანის მოუმზადებლობის გამო ისინი იძულებული გახდნენ დაბრუნებულიყვნენ უკან, რის შესახებაც მათ ფაქსის მეშვეობით განცხადებით აცნობეს სასამართლოს, თუმცა განცხადება შედგენილ იქნა ო.ხ-ს კარნახით და ვერ მიეთითა კასატორთა გამოუცხადებლობის სხვა მიზეზის, კერძოდ, ო.ხ-ს ავადმყოფობის შესახებ, რაც სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა საპატიო მიზეზად. რაც შეეხება წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გამოუცხადებლობას, პალატამ ასევე არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სხვა ტრანსპორტით გზის გაგრძელების შემთხვევაში მხარის წარმომადგენელს შესაძლებლობა აღარ ექნებოდა ქუთაისიდან იმავე დღეს დაბრუნებულიყო უკან, ამასთან, მარწმუნებლის ნება იმაში მდგომარეობდა, რომ თავად დასწრებოდა საქმის განხილვას და მონაწილეობა მიეღო პროცესში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. პ-სა და ო. ხ-ს საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
ხ. ს-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2006 წლის 27 დეკემბერს, 13.00 საათზე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მათ საქმის განხილვის თარიღი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობათ. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
ქ. პ-მ და ო. ხ-მა ფაქსით გაგზავნილი განცხადებებით აცნობეს სასამართლოს, რომ საქმის განხილვაზე ვერ ცხადდებიან დიდთოვლობის გამო, რადგან ავტომანქანამ, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ ვერ მოახერხა მდგრადობის შენარჩუნება და არ გააჩნდა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა კასატორებს კანონით დადგენილი წესით არ დაუსაბუთებიათ. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში ქ. პ-მ და ო. ხ-მა აცნობეს სასამართლოს თავიანთი გამოუცხადებლობის მიზეზი _ დიდთოვლობაში მათი ავტომანქანით მგზავრობის შეუძლებლობა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად არ ჩათვალა აღნიშნული მიზეზი საპატიოდ. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით _ შპს “ზ...ს” 2006 წლის 27 დეკემბერს გაცემული ¹01-10/335 ცნობით დასტურდება და თავად კასატორებიც არ უარყოფენ, რომ სადავო სხდომის დღეს ქობულეთიდან ქუთაისამდე საგზაო მაგისტრალზე მოძრაობა არ შეფერხებულა და სხვა სატრანსპორტო საშუალებით შესაძლებელი იყო ქუთაისში ჩასვლა.
ასევე დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ო. ხ-ს ავადმყოფობასთან დაკავშირებით. საჩივრის ავტორმა 2007 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მითითებული საპატიო მიზეზის არსებობის დასადასტურებლად წარადგინა შპს “.. ..” მიერ გაცემული 2007 წლის 7 მარტის ცნობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით კი არ დასტურდება, რომ 2006 წლის 27 დეკემბრის სხდომის დღეს ავადმყოფობის გამო ო.ხ-ს სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი იყო (არ შეეძლო გადაადგილება).
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად დატოვა უცვლელი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. პ-ს წარმომადგენელ დ. ვერულიძისა და ო. ხ-ს წარმომადგენელ ეკატერინე ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.