ას-417-809-06 14 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ რ. ბ-ე
წარმომადგენელი – კ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – .... საკრებულო
წარმომადგენელი – თ. ა-ი, თ. ჩ-ი
კასატორის მოთხოვნა--გასაჩივრებული გადაქყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ... საკრებულოს 2004 წლის 25 მარტის სხდომის ¹31 დადგენილების ბათილად ცნობისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების გაუქმების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის ივნისში საჩხერის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონის სოფელ ც....ში მცხოვრებმა რ. ბ-მ.
განცხადების თანახმად მისი აწ გარდაცვლილი ბიძა – ნ. ბ-ე ცხოვრობდა საჩხერის რაიონის სოფელ ... მეუღლესთან, გ. ზ-ს ასულ ბ-სთან ერთად. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა რა 1991 წელს, მას შემდეგ ნ. ბ-ე მარტო ცხოვრობდა და ხშირადაც ავადმყოფობდა, მომვლელი არავინ ჰყავდა და ამის გამო რ. ბ-ე ხშირად დადიოდა სოფელ ... , უვლიდა ბიძას და მის საკომლო მეურნეობას სათანადო ყურადღებას აქცევდა. ნ. ბ-ე გარდაიცვალა 2004 წლის პირველ მაისს და დაკრძალეს სოფელ ც...ში. ბიძის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მისმა მემკვიდრემ სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით განცხადება შეიტანა საჩხერის სანოტარო ბიუროში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ბიძის ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს მისივე მეზობელი – დ. ლ-ე. აღნიშნულის დასაზუსტებლად მიმართა სოფელ ... საკრებულოს გამგეობას და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, ირიცხებოდა თუ არა ვინმე აწ გარდაცვლილი ნ. ბ-ის კომლის წევრად და დადებითი პასუხის შემთხვევაში ითხოვდა იმ დოკუმენტების ასლებს, რის საფუძველზეც განხორციელდა მათი კომლის წევრებად აყვანა. მიმართვის პასუხად აცნობეს, რომ აწ გარდაცვლილი ნ. ბ-ის კომლში, მისივე წერილობითი მოთხოვნით და საკრებულოს 2004 წლის 26 მარტის სხდომის დადგენილების საფუძველზე ჩაწერილია დ. მ-ის ძე ლ-ე თავისი ცოლშვილით, სადაც ცხოვრობს ამჟამადაც.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ განცხადება თვითონ ნ. ბ-ის მიერ არაა დაწერილი. ამასთან, ნ. ბ-ის ხელმოწერის ნამდვილობა განცხადებაზე დამოწმებულია ნ. ტ-ისა და მ. ლ-ის მიერ და ამ განცხადების საფუძველზე საჩხერის რაიონის ... თემის საკრებულოს 2004 წლის 26 მარტის სხდომის ¹31 დადგენილების საფუძველზე მოხდენილია დ. ლ-სა და მისი ცოლშვილის რ. ბ-ის ბიძის ნ. ბ-ის კომლში ჩაწერა და საკომლო ობიექტში სათანადო ცვლილებების შეტანა.
... თემის საკრებულოს აღნიშნული დადგენილება მოსარჩელის აზრით არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არსებით ზიანს აყენებს, უშუალოდ ზღუდავს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონის მე-12, მე-13, 25-ე და 240-ე მუხლებით სოფლის (თემის) საკრებულოს ან გამგეობის კომპეტენციაში არ შედის კომლის რეგისტრაციისა და საკომლო წიგნის წარმოების ფუნქცია, აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველია.
მოპასუხე საჩხერის რაიონის ... თემის საკრებულოს გამგებელმა მ. გ-მა და მესამე პირმა დ. ლ-მ თავიანთი შესაგებლებით უარი განაცხადეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ... თემის საკრებულოს 2004 წლის 26 მარტის ¹31 დადგენილება ნ. ბ-ის კომლში დ. ლ-სა და მისი ცოლშვილის ჩაწერის თაობაზე და დ. ლ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო საცხოვრებელი სახლიდან.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ლ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ... თემის საკრებულოს დადგენილების ძალაში დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ლ-სა და საჩხერის რაიონის ... თემის საკრებულოს თავმჯდომარის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ მოსარჩელე რ. ბ-ე ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდროს, მას სანოტარო ორგანოში განცხადება არ შეუტანია აწ გარდაცვლილი ნ. ბ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედცნობის თაობაზე. ამავე დროს რ. ბ-ს სადავოდ არ გაუხდია საჩხერის სანოტარო ორგანოს მოქმედება, მისთვის სამემკვიდრეო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და არც სასამართლო წესით მოუთხოვია მემკვიდრედ ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მ.
კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება უკანონოა. გადაწყვეტილების მიღებისას არ მომხდარა ყველა მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება, დარღვეულია როგორც დისპოზიციურობის, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპები, განსაკუთრებით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი. კასატორის მითითებით მოსამართლე არ დაემორჩილა კანონის მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ ეფუძნება რაიმე ნორმატიულ აქტს არა თუ კანონს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 1421-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-6, 105-ე, 389-ე და 249 მუხლებს.
კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ითხოვდაDA... თემის საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ადგილობრივი თვითმმარველობისა და მმართველობის შესახებ კანონის მე-12, მე-13, 24-ე და 25-ე მუხლებით სოფლის საკრებულოს ან გამგეობის კომპეტენციაში არ შედის კომლის რეგისტრაციისა და საკომლო წიგნის წარმოება, აგრეთვე აღნიშნული დადგენილება ... თემის საკრებულოს მიერ მიღებულიაA AAზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული სარჩელი განხილულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, მთავარი სხდომაც დანიშნულია იგივე პალატის მიერ. სხდომის ოქმის მიხედვით საქმე მთავარ სხდომაზე განხილულია სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით საქმე განიხილა ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ (ს.ფ. 128) დასაბუთებული გადაწყვეტილების შესავალი ნაწილის მიხედვით კი საქმე განიხილა სამოქალაქო პალატამ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერი შემადგენლობის მიერაა საქმე განხილული.
ამასთან, დავის საგანს როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოადგენდა თემის საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობა როგორც უკანონოს. რასაც სასამართლო ხსნის იმით, რომ რ. ბ-ს სანოტარო ორგანოს უარი არ გაუსაჩივრებია მემკვიდრეობის მოწმობის გაცემის თაობაზე და ამდენად იგი არაუფლებამოსილი პირია, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ. ვინაიდან თუ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ კომლში დ. ლ-ე იყო რეგისტრირებული მისი ოჯახით, სწორედ ამ ფაქტორს ხდის სადავოდ მოსარჩელე და იგი არ შეიძლება არაუფლებამოსილ პირად იქნეს მიჩნეული.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნულის გამო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული პალატის მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უპირველეს ყოვლისა უნდა დააზუსტოს დავის საგანი. ასევე სასამართლომ უნდა იმსჯელოს სანოტარო ორგანოს უარის თაობაზე სამკვიდროს მოწმობის გაცემაზე და დადგინდეს თუ რამდენად უფლებამოსილია რ. ბ-ე მითითებულ სარჩელთან მიმართებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.