¹ას-419-733-09 29 ივნისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ლ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ლ-ძის მიმართ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის _ 1440,31 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს ¹1/656 ბრძანებით მოპასუხე გაწვეულ იქნა სამხედრო-საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით. ლ.ლ-ძემ კონტრაქტის პირობები დაარღვია, რის გამოც მინისტრის 2007 წლის 20 აგვისტოს ¹2556 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. მოპასუხის სამხედრო სამსახურისათვის წვრთნისა და აღჭურვისათვის დაიხარჯა 1440,31 ლარი, რისი გადახდაც, კონტრაქტის 7.1 პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ.ლ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 286,50 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის წესით გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის მთავარი სხდომის დღისა და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე ლ. ლ-ძე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 230-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ, მართალია, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ აღნიშნული გარემოებანი აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2004 წლის 1 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. ლ-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 30 აგვისტოს ¹1/656 ბრძანებით 2004 წლის 1 აგვისტოდან ლ.ლ-ძე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული 2007 წლის 20 ივლისის ¹1234 ცნობით, ლ. ლ-ძემ 2004 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ხელფასის სახით მიიღო 1153,81 ლარი, ხოლო მის კვებაზე დაიხარჯა 286,5 ლარი. თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 აგვისტოს ¹2556 ბრძანებით 2007 წლის 12 ივლისიდან ლ.ლ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. სასამართლომ მიუთითა აპელანტის განმარტებაზე, რომ სადავო თანხა წარმოადგენს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განმავლობაში მისთვის გადასახდელ ხელფასს და თავისი მოთხოვნა დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 407-ე და 414-ე მუხლებზე. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის ¹274 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წვრთნისა და აღჭურვის ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ ნუსხის მეორე პუნქტისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი. პალატამ მიიჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის გადაცემული ხელფასი წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილე ლ. ლ-ძის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას და არ უნდა ჩაითვლოს სახელმწიფოს მიერ გაღებულ, ხელშეკრულებიდან გასვლისას გადასახდელ, სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლით გათვალისწინებულ ხარჯად. პალატამ ჩათვალა, რომ, მართალია, საქალაქო სასამართლომ მოცემული დავა განიხილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების საფუძველზე, მაგრამ არსებითად სწორად გადაწყვიტა იგი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე პირველი ინსტანციის წესით განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, თუმცა პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნა, როდესაც აღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დაუცველობის მოტივით არ გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკმაყოფილებინა კასატორის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან ლ.ლ-ძე გაეცნო მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის 8.2, 8.3 მუხლებს, შესაბამისად, მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი სადავო კონტრაქტის მიმართ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფილიყო პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით. სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის დროს კი საჭირო გახდა მისი სხვა მოსამსახურით ჩანაცვლება და დამატებითი ხარჯის _ ხელფასისა და სხვა სახის დანამატების გაღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოცემული დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ კატეგორიათა რიგს არ განეკუთვნება, კერძოდ:
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2004 წლის 1 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. ლ-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ, რომელიც მოქმედებდა 2007 წლის 12 ივლისამდე, რა დროიდანაც, თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 აგვისტოს ¹2556 ბრძანების თანახმად, ლ.ლ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მოითხოვა ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის _ 1440,31 ლარის ანაზღაურება.
ამდენად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საქმეთა კატეგორიებს რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის სავალდებულობას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავისი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ დააფუძნა სამოქალაქო სამართლის ნორმებს, თუმცა აღნიშნული სასამართლოს სამოქალაქო სამართლებრივი წესით დავის განხილვას არ ავალდებულებს, არამედ სასამართლო თავადაა ვალდებული, სწორად განსაზღვროს მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის სამართლებრივი ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულების იურიდიულად შეფასებისას სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად შეესაბამება მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, კერძოდ, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონს, «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იმსჯელოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი განსჯადობის წესები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე განსჯადობით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.