საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-421-665-08 8 ოქტომბერი, 2008წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ვ-ანი
წარმომადგენელი _ ა. ხ-ანი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჟ-ანი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინება
დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ანის სარჩელი მ. ვ-ანის მიმართ უკანონოდ აშენებული ფარდულის აღებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჟ-ანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჟ-ანის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ვ-ანს დაევალა ახალქალაქში, …ის ქ. ¹11-ში მდებარე ნ. ჟ-ანის საცხოვრებელ სახლთან აგებული ფარდულის აღება, მ. ვ-ანს ნ. ჟ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა 2600 ლარის გადახდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. ვ-ანის წარმომადგენელმა ა. ხ-ანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ მ. ვ-ანის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, ვინაიდან იგი 2007 წლის 20 ნოემბრიდან იმყოფებოდა ავად, მე-3 ხარისხის ჰიპერტონული დაავადებით, კრიზული მდგომარეობით იწვა საწოლში. აღნიშნულის თაობაზე კი თავად შეიტყო მ. ვ-ანის მეზობლისგან 2007 წლის 30 დეკემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 მარტის განჩინებით მ. ვ-ანის წარმომადგენელ ა. ხ-ანის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ვ-ანის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ მ. ვ-ანს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღისა და დროის შესახებ (ს.ფ. 155). ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებული სხვა გარემოებები, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივნის მიერ მითითებულ იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.
კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მ. ვ-ანის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, კერძოდ ავადმყოფობით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ განცხადების ან შუამდგომლობის წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეული იყო ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ახალქალაქის პოლიკლინიკის დირექტორის მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ვ-ანი 2008 წლის 9 იანვრისთვის იყო ავად და მისი ჯანმრთელობა არადამაკმაყოფილებელი იყო, ხოლო რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 13 დეკემბერს ავადმყოფობის გამო არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ან აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის წინასწარ შეტყობინება, კასატორს არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ვ-ანის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ვ-ანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.