ას-421-771-07 10 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ნ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ... სპეციალური ფონდი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
... სპეციალურმა ფონდმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ნ-ს მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ...-3-ის მე-3ა მკ/რ-ის 341-ე კორპუსში მდებარე ¹... ბინიდან მოპასუხის გამოსახლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ნ-ი, თანმხლებ პირებთან ერთად, გამოსახლდა სადავო ბინიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში მ. ნ-ს სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2005 წლის 14 აპრილს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტი სხდომაზე არ გამოცხადდა, არამედ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, რომლითაც მოითხოვა, თავისი ავადმყოფობის გამო, საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. განცხადებას დაერთო შპს ,,.. ..” უბნის ექიმის მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომლის მიხედვით 2005 წლის 13 აპრილს მ. ნ-ი იმყოფებოდა ამბულატორიულ მიღებაზე თერაპევტთან ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავების გამო და მას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 14 აპრილის სხდომის შესახებ უწყებები როგორც აპელანტ, ისე მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდათ, თუმცა დანიშნულ დროს აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის _ ავადმყოფობის შესახებ და ჩათვალა, რომ მ. ნ-ს აღნიშნული გარემოება სათანადოდ არ დაუდასტურებია. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ვინაიდან იგი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი არ არის, ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული დოკუმენტით, მ. ნ-ი ამბულატორიულ მიღებაზე იმყოფებოდა 2005 წლის 13 აპრილს, ხოლო სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 14 აპრილს, ამდენად, იგი მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მ. ნ-მა შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინებით მ. ნ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ნ-ს 2005 წლის 14 აპრილის სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. სასამართლომ არ გაიზიარა მ. ნ-ს მიერ წარმოდგენილი 2005 წლის 25 აპრილის ¹349 ცნობა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოს დავალებით წარმოდგენილ იმავე საზოგადოების გაცემულ 2007 წლის 16 მარტის ¹402 ცნობაზე, რომლის მიხედვით 2005 წლის 25 აპრილის ¹349 ცნობა არ ადასტურებს, რომ 2005 წლის 14 აპრილს მ. ნ-ს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება, ამასთან, ეპილეფსიით დაავადებული პირი აბსოლუტურად ქმედუნარიანია, თუ მას არ აქვს ეპილეფსიური გულყრა და გულყრის შემდგომ უახლოეს საათებში შეუძლია ნებისმიერ ადგილას გამოცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ნ-მა ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისი ავადმყოფობის ცნობის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას სადავო სხდომის დღეს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლოში გამოცხადება არ შეეძლო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ნ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა როგორც მისი, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2005 წლის 14 აპრილს მ. ნ-ი იყო ავად და არ შეეძლო სასამართლოში საქმის განხილვაზე გამოცხადებულიყო. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასრულად და უკანონოდ განიხილა მოცემული საქმე და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. ნ-მა წარმოადგინა ¹ა-1288-07 განცხადება, რომელსაც დაურთო დამატებითი წერილობითი მტკიცებულებები 72 ფურცლად, ხოლო ... სპეციალურმა ფონდმა ¹ას-1234-07 განცხადებას დაურთო დანართი 23 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და თავად მ. ნ-ც ადასტურებს, რომ მას სასამართლო უწყებით 2005 წლის 14 აპრილს თავისი სააპელაციო საჩივრის სასამართლო სხდომაზე განხილვის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობდა 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი და მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოების დადგენა, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზს ადასტურებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა ობიექტური გარემოებები, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის საპროცესო მოქმედების განხორციელებაში ხელი შეეშალათ. აღნიშნული ნორმა ასევე ადგენს, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში მ. ნ-მა საქმის განხილვის დღეს განცხადებით აცნობა სააპელაციო სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, რის საპატიო მიზეზად მიიჩნია თავისი ავადმყოფობა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვაზე მ. ნ-ს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის _ აპელანტის ავადმყოფობის დასადასტურებლად სრულიად მართებულად არ გაიზიარა მხარის მიერ წარმოდგენილი 2005 წლის 25 აპრილის ¹349 სამედიცინო ცნობა, კერძოდ: აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ მხარე 2005 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა შპს ,,.. ..” ამბულატორიულ მიღებაზე თერაპევტსა და ნევროპათოლოგთან დიაგნოზით _ ქრონიკული ქოლეცისტიტი გამწვავების ფაზაში, ასევე ეპილეფსია გენერალიზებული ეპიგულყრებით და ხშირი აბსანრებით და პაციენტს დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა 13-18 აპრილამდე. ამდენად, წარმოდგენილი ცნობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2005 წლის 14 აპრილს მ. ნ-ს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე არ მიუთითებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ამავე საზოგადოების ¹402 ცნობასაც, რომელიც ადასტურებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღეს აპელანტის სასამართლოში გამოცხადება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დასაშვები იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად დარჩა უცვლელი.
რაც შეეხება მხარეების მიერ განცხადებებზე თანდართულ წერილობით მტკიცებულებებს, ისინი მათ უკან უნდა დაუბრუნდეს, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამდენად, მ.ნ-ს განცხადებაზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებები, სულ 72 ფურცელი, ხოლო ... სპეციალურ ფონდს _ 23 ფურცელი უნდა დაუბრუნდეთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
მ.ნ-ს დაუბრუნდეს ¹ა-1288-07 განცხადებაზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებები 72 ფურცლად, ხოლო ... სპეციალურ ფონდს _ ¹ას-1234-07 განცხადებაზე თანდართული 23 ფურცელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.