¹ას-422-772-07 2 ივლისი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი– ე. მ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ვ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2005 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ე. მ-მა მოპასუხე სს „ .. ..“ მიმართ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1976 წლიდან მუშაობდა თბილისის ... ფაბრიკაში ...ედ, მიიღო პროფესიული დაავადება, წაერთვა შრომის უნარი 60%-ით და განესაზღვრა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა. მოპასუხეს, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილ სააქციო საზოგადოებას, პროფესიული დაავადების მომენტში ეს ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, თუმცა ამჟამად თავს არიდებს სარჩოს გადახდას. მოსარჩელის განმარტებით, თავიდან ის ყოველთვიურად იღებდა 234 მანეთს, მოგვიანებით 1982 წლიდან 1994 წლამდე - 204 მანეთს, საიდანაც 144 მანეთს იხდიდა მოპასუხე, ხოლო 60 მანეთს - სახელმწიფო. საქართველოში ლარის შემოსვლის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა ... ერთიან სახელმწიფო ფონდს, რომელმაც, თავის მხრივ, მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, თუ რა ოდენობით უნდა მომხდარიყო დავალიანების დაანგარიშება და თანხის გადახდა. მოპასუხემ 7 წლის შემდეგ მოსთხოვა ... ერთიან სახელმწიფო ფონდს თავად წარმოედგინა დაანგარიშება, რასაც მოსარჩელე თანხის გადახდისაგან თავის არიდებად მიიჩნევს, რადგან დღემდე არანაირი თანხა არ მიუღია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ე. მ-მა მოითხოვა:
1. მოპასუხე სს „ .. ..“ მის სასარგებლოდ 1994 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე ერთჯერადად თანხის დაკისრება იმავე ან იგივე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი;
2. მოპასუხე სს „ .. ..“ მომავალი ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრება ერთჯერადად 5 წლის სარჩოს ანაზღაურების სახით, ამის შემდეგ კი სარჩოს ყოველთვიურად გადახდის დაკისრება;
3. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება სადავო თანხის 4%-ის ოდენობით.
მოპასუხე სს „ .. ..“ დირექტორმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მან განმარტა, რომ სს „ .. ..“ უარს არ ამბობს სარჩოს გადახდაზე. მან მოითხოვა სარჩოს დაანგარიშება და განაცხადა თანხმობა ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე, რაც მისი ვარაუდით 7 ლარს შეადგენს. ამასთან, მისი განმარტებით, საზოგადოებაში აღარ არსებობს არანაირი წერილობითი მტკიცებულება, თუ რა ოდენობით ღებულობდა პენსიას ე.მ-ი, რადგან ასეთი დოკუმენტები განადგურებულია.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს „ .. ..“ მოსარჩელე ე. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთიანად გასული პერიოდის სარჩოს ანაზღაურება 15.12.1998 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, ანუ 28.07.06 წლამდე ყოველი თვისათვის 42 (ორმოცდაორი) ლარის ოდენობით. სს “ .. ..” ე. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მომავალი პერიოდისათვის სარჩოს გაცემა ყოველთვიურად 42 (ორმოცდაორი) ლარის ოდენობით. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე სს „ .. ..“ მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე სადავო თანხის 4%-ის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..” წარმომადგენელმა ე. წ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხე სს “ .. ..”-სათვის მოსარჩელე ე. მ-ის სასარგებლოდ 1998 წლის 15 დეკემბრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, ანუ 2006 წლის 28 ივლისამდე ერთიანად გასული პერიოდის სარჩოს ყოველი თვისათვის 42 (ორმოცდაორი) ლარის ოდენობით ანაზღაურების, მოპასუხე სს” .. ..”-სათვის ე. მ-ის სასარგებლოდ მომავალი პერიოდისათვის ყოველთვიურად 42 (ორმოცდაორი) ლარის ოდენობით სარჩოს გაცემის და სს “ .. ..”-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 37 (ოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხე სს “ .. ..” მოსარჩელე ე. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გასული პერიოდის გაუცემელი სარჩოს ანაზღაურება 1.512 (ათას ხუთას თორმეტი) ლარის ოდენობით. მოპასუხე სს “ .. ..” მოსარჩელე ე. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გაცემა 2005 წლის 31 მაისიდან ყოველთვიურად 42 ლარის ოდენიბით.
პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ... ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის რაიონული ფილიალის 2005 წლის 10 იანვრის ცნობის თანახმად, ე. მ-ი 1982 წლიდან იღებდა პენსიას პროფესიული დაავადების საფუძველზე. ე. მ-ს 1994 წლიდან დღემდე მოპასუხისგან სარჩო არ მიუღია. სს “ .. ..” ...ის (იმავე სპეციალობის) ან იგივე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასი შეადგენს 70 ლარს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს ” .. ..” წარმომადგენლის მოსაზრება სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 43-ე და 46-ე პუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებულს სარჩო არა აქვს დანიშნული და ამ მიზნით იგი განცხადებით მიმართავს სარჩოს ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს (საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას). პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-ს 1992 წლის 10 დეკემბრის სამედიცინო გადამოწმების შემდეგ სამედიცინო კომისიის მიერ დაუდგინდა პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი –60%. შესაბამისად, მას სარჩო დანიშნული ჰქონდა უვადოდ (სიცოცხლის მანძილზე). ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ .. ..” დირექტორის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებითა და სს “ .. ..” წარმომადგენლის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრით ე. მ-ი მოპასუხისგან სარჩოს იღებდა 1994 წლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-ის წარმომადგენელმა ვ. ვ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა წესების 51-ე მუხლი, რაც უნდა გამოეყენებინა..
სააპელაციო პალატმ, ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 პუნქტში იმაზე მითითება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც, არც ის იქნა გათვალისწინებული, რომ საწარმოო ტრავმა ან პროფესიულ დაავადება მიღებული დაზარალებული, ხანდაზმულობით არ არის შეზღუდული ხელფასის დანაკარგის /სარჩოს/ მიღებაზე. მას თავის სიცოცხლეში ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს სარჩო, მაგრამ მიიღებს ტრამვის მიღების ან პროფდაავადების დადგენის დღიდან იმ შემთხვევაში თუ ამის მისაღებად ადმინისტრაციას მიმართავს ტრამვის მიღების ან დაავადების დადგენიდან სამი წლის გასვლამდე, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, ხელფასის დანაკარგს /სარჩოს/ მიიღებს ადმინისტრაციისათვის მიმართვის დღიდან.
სააპელაციო პალატამ არ იხელმძღვანელა „წესების“ 51-ე მუხლით, გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ მითითებული ნორმა არეგულირებს იმ ურთიერთობებს და შემთხვევებს, როცა დაზარალებულს ჯერ კიდევ არა აქვს დანიშნული სარჩო და ამ მიზნით ის განცხადებით მიმართავს სარჩოს ანაზღაურებაზე, ამ შემთხვევაში კი, ე.მ-ს 1982 წლიდან ჰქონდა დანიშნული სარჩო, რისი გაცემა შეუწყვიტეს 1994 წელს და შეწყვეტის დღიდან ითხოვს გაცემას.
ასევე კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა, რომ მას სარჩო უნდა მიეცეს არა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იმ ცნობის საფუძველზე, რომელშიც მიუთითებენ იმაზე, რომ დღეის მდგომარეობით თვეში 70 ლარს შეადგენს იმ პროფესიის მუშაკთა ანაზღაურება, რაც 60%-ით დაკარგა 1982 წელს ე.მ-მა, არამედ უნდა მიეცეს იმ რაოდენობით, რაც იყო დადგენილი 1982 წელს-- 204 მანეთის რაოდენობით, რომლიდანაც სახელმწიფო პენსიის სახით 60 მანეთი, ხოლო წარმოებიდან 144 მანეთი ეძლეოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის წარმომადგენლის ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. მ-ის წარმომადგენლის ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. მ-ის წარმომადგენლის ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.