ას-42-377-09 21 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
კასატორი _ მა. ძ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. და მე. ძ-ები (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი _ ლ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროდან კუთვნილი წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნო. და მე. ძ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ძ-ის მიმართ მოპასუხეთა სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და აწ გარდაცვლილი მი. ძ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის გამოყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეების პაპამ _ მი. ძ-ემ 1996 წლის 5 აგვისტოს შედგენილი ანდერძით თავისი კუთვნილი ქონება – ქ. ბათუმში, ......... ქ. ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა თანაბარწილად უანდერძა მეუღლეს _ ნა. ძ-ესა და ვაჟს _ დ. ძ-ეს, ხოლო სამტრედიის რაიონის სოფელ .......-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი თანაბარწილად უანდერძა მეუღლე ნა. ძ-ესა და შვილებს, დ. და ვ. ძ-ებს. 1999 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა მი. ძ-ე, ხოლო მანამდე, 1999 წლის 25 აპრილს, _ მისი მეუღლე ნა. ძ-ე. მი. ძ-ის გარდაცვალების შემდეგ მათმა მამა ვ. და ბიძა დ. მი. ძ-ის დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, რამდენადაც დ. ძ-ე ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹11-ში მდებარე ბინაში ცხოვრობდა, ხოლო ვ. ძ-ე ფლობდა სამტრედიის რაიონის სოფელ ...........-ში მდებარე სახლს, თუმცა მთლიანი სამკვიდრო ქონება რეალურად არ გაყოფილა. მი. ძ-ის ანდერძის მიხედვით, დ. ძ-ეს ეკუთვნოდა ქ. ბათუმში მდებარე ბინის 3\4, ხოლო სოფელ ............-ში მდებარე სახლის 1\2, თუმცა მან 2005 წლის 16 ნოემბერს ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ გამოწერილი სამკვიდრო მოწმობით ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა მთლიანად გაიფორმა. 2006 წლის 23 სექტემბერს დ. ძ-ე გარდაიცვალა. ვ. ძ-ეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ქონება, მაგრამ 2007 წლის 9 აპრილს ისე გარდაიცვალა, რომ კუთვნილი წილი არ გადაუფორმებია. ვ. ძ-ეს მი. ძ-ის სამკვიდრო ქონებიდან, ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹11-ში მდებარე ბინიდან ეკუთვნის 1\4, სამტრედიის რაიონის სოფელ ...........-ში მდებარე სახლიდან კი _ 1\2, რაც ტრანსმისიის წესით მის შვილებზე, მოსარჩელე ნო. და მე. ძ-ებზე უნდა გადავიდეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 1999 წლის 25 აპრილს, მი. ძ-ის გარდაცვალებამდე, გარდაიცვალა მისი მეუღლე ნა. ძ-ე. დ. ძ-ემ მიიღო სამკვიდრო ქონებიდან დედის, ნა. ძ-ის წილიც, იგი ფაქტობრივად ფლობდა ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹11-ში მდებარე ბინას, სადაც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ვ. ძ-ეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადაც არასაპატიო მიზეზით გაუშვა, ამდენად, მან სამკვიდროზე უფლება დაკარგა. აღნიშნულის გამო ნოტარიუსმა დ. ძ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა სწორად გასცა და მასში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნო. და მე. ძ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ძ-ის მეუღლის, აწ გარდაცვლილ დ. ძ-ის სახელზე ქ. ბათუმის ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ 2005 წლის 15 ნოემბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება და დ. ძ-ის წილი ქ. ბათუმში, ......... ქ. ¹11-ში მდებარე ¹6 ბინაზე განისაზღვრა 3/4-ით, ხოლო მოსარჩელეთა წილები _ თითოეულის 1/4-ით, სამტრედიის რაიონის სოფელ ...........-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელეებს გამოეყოთ თითოეულს 1/4, სახლის დანარჩენი ნაწილი (1/2) მიეკუთვნა მოპასუხეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მა. ძ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ქ. ბათუმის ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ დ. ძ-ის სახელზე 2005 წლის 15 ნოემბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება, მოსარჩელე ნო. და მე. ძ-ების თითოეულის წილი ქ. ბათუმში, ......... ქ. ¹11-ში მდებარე ¹6 სახლში განისაზღვრა 1/8-ით, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მი. ძ-ეს, რომელიც 1999 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა, დარჩა სამკვიდრო ქონება _ ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹11-ში მდებარე ¹6 ბინა და სამტრედიის რაიონის სოფელ ........-ში არსებული საცხოვრებელი სახლი. მი. ძ-ემ 1996 წლის 5 აგვისტოს შედგენილი ანდერძით სამკვიდრო ქონება უანდერძა მეუღლესა და ორ ვაჟს _ დ. და ვ. ძ-ებს, კერძოდ, ქ. ბათუმში, მდებარე ბინა _ მეუღლესა და დ. ძ-ეს, ხოლო სამტრედიის რაიონის სოფელ ............-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი _ მეუღლესა და ორივე ვაჟიშვილს თანაბარწილად. მამკვიდრებელ მი. ძ-ის გარდაცვალებამდე გარდაიცვალა ნა. ძ-ე. დ. ძ-ემ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო _ ქ. ბათუმში, ............. ქ. ¹11-ში მდებარე ¹6 ბინა. 2005 წლის 16 ნოემბერს დ. ძ-ის განცხადების საფუძველზე ქ. ბათუმის ნოტარიუსმა მ. ჯ-მა დ. ძ-ის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მამის მემკვიდრეობიდან მთლიანად მიაკუთვნა ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. 2006 წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა მოპასუხე მა. ძ-ის მეუღლე დ. ძ-ე, ხოლო 2007 წლის 9 აპრილს _ მოსარჩელეების მამა ვ. ძ-ე. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელ მი. ძ-ის მეორე ვაჟიშვილმა ვ. ძ-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამტრედიის რაიონის სოფელ .......-ში მდებარე მამის სამკვიდრო ქონება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1348-ე და 1356-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მამკვიდრებელ მი. ძ-ეს თავის სიცოცხლეში 1996 წლის 5 აგვისტოს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლითაც მან სამკვიდრო ქონება მეუღლესა და ორ ვაჟს _ დ. და ვ. ძ-ებს უანდერძა, თუმცა სამკვიდროს გახსნის დროისათვის ერთ-ერთი ანდერძისმიერი მემკვიდრე ნ. ძ-ე ცოცხალი აღარ იყო. პალატამ ჩათვალა, რომ გარდაცვლილი ანდერძისმიერი მემკვიდრე ნ. ძ-ის წილი თანაბარწილად უნდა განაწილდეს სხვა ანდერძისმიერ მემკვიდრეთა შორის, კერძოდ, რადგან სადავო ბინა თანაბარწილად ეანდერძათ ნო. და დ. ძ-ებს, ნო. ძ-ის გარდაცვალების გამო, მისი 1\2 წილი ბინიდან უნდა გაიყოს დარჩენილ ანდერძისმიერ მემკვიდრეებს შორის. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, მემკვიდრეები სარჩელის განხილვის დროისათვის გარდაცვლილი იყვნენ, მაგრამ მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდათ და მემკვიდრეობა, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, მათ მემკვიდრეებზე გადავიდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მა. ძ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო კოდექსის 1356-ე მუხლით მიიჩნია, რომ მი. ძ-ის გარდაცვალების მომენტისათვის მისი მეუღლე ნა. ძ-ე გარდაცვლილი იყო, შესაბამისად, მისი წილი თანაბარწილად უნდა განაწილდეს მის ვაჟიშვილებზე. მითითებული მოსაზრება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, რადგანაც სასამართლო ფორმალურად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1348-ე მუხლზე. მოანდერძე მი. ძ-ემ კონკრეტულად განსაზღვრა, რომ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა გადავიდოდა მეუღლისა და დ. ძ-ის საკუთრებაში, ხოლო სოფელ ...........-ში მდებარე სახლი კი მეუღლისა და ორივე ვაჟიშვილის საკუთრებაში. ამდენად, კონკრეტულ სამკვიდრო ქონებაზე განსაზღვრული იყო მიმღებ პირთა წრე, შესაბამისად, კანონის არასწორი განმარტების შედეგად სასამართლომ გაზარდა ბათუმში მდებარე სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეთა რიცხვი. ქ. ბათუმში მდებარე ბინაზე ვ. ძ-ე არ ყოფილა ანდერძისმიერი მემკვიდრე და მის მემკვიდრედ ცნობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 1356-ე მუხლის ნორმიდან. სააპელაციო პალატამ უკანონოდ უგულებელყო თავად მოანდერძის ნება, ვინაიდან მი. ძ-ეს სურვილისამებრ შეეძლო ბათუმში მდებარე ბინა ვ. ძ-თვის დაეტოვებინა, თუმცა, გარკვეული მოსაზრების გამო, თავის სიცოცხლეშივე გაანაწილა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად, დ. ძ-ეს გაეზარდა კუთვნილი წილი ..........-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მაშინ, როდესაც დ. ძ-ეს ეს ქონება საერთოდ არ მიუღია. ამდენად, ნათელია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო პალატას უნდა ესარგებლა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირად შეიძლება მხოლოდ ვ. ძ-ე ჩაითვალოს. ბუნებრივია, მისთვის ცნობილი იყო დედის გარდაცვალებისა და ასევე იმ ფაქტობრივი გარემოების თაობაზე, რომ მისმა ძმამ, დ. ძ-ემ მთლიანად მიიღო ქ. ბათუმში მდებარე სამკვიდრო ბინა, რაც კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ძ-თვის ბათუმში მდებარე ბინაზე წილის განსაზღვრის ნაწილში არგუმენტირებული იყო სავალდებულო წილის მიღების უფლებით და სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლზე. სააპელაციო პალატამ ძირეულად შეცვალა სამართლებრივი დასაბუთება და ვ. ძ-თვის ბათუმში მდებარე ბინაზე წილის განსაზღვრა დაუკავშირა დედის წილის გადანაწილებას და არა სავალდებულო წილის მიღების უფლებას. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად დატოვა, მაშინ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა და ახალი გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა გამოეტანა.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. მა. ძ-ე იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს ნო. და მე. ძ-ებს 16 000 აშშ დოლარი მორიგების აქტის დამტკიცების დღესვე, 2009 წლის 21 ივლისს;
2. აწ გარდაცვლილი დ. ძ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება _ ქ. ბათუმში, ............ ქუჩა ¹11-ში მდებარე ¹6 ბინა საჯარო რეესტრში მთლიანად აღირიცხება მა. ძ-ის სახელზე და ნო. და მე. ძ-ები უარს ამბობენ აღნიშნული ქონებიდან წილი გამოყოფაზე;
3. აწ გარდაცვლილი მი. ძ-ის სახელზე რიცხული სამტრედიის რაიონის სოფელ ..........-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი) საჯარო რეესტრში მთლიანად აღირიცხება ნო. და მე. ძ-ების სახელზე და მა. ძ-ე უარს ამბობს აღნიშნული ქონებიდან რაიმე წილის მიღებაზე;
4. მოცემული მორიგების აქტის დამტკიცებასთან ერთად გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება;
5. მხარეები უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის ქონებრივ პრეტენზიაზე, რომელიც უკავშირდება აწ გარდაცვლილი მი. ძ-ის, ნა. ძ-ისა და დ. ძ-ის დანაშთ ქონებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მა. ძ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მა. ძ-ისა და გ. ს-ის მიერ 2009 წლის 9 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და გ. თ-ის მიერ 2009 წლის 13 თებერვალს გადახდილი 325 ლარის ნახევარი _ 312,5 ლარი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსახილველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟის კანონით გათვალისწინებული ოდენობის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა წინასწარ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 625 ლარის ოდენობით, ამდენად, მას უნდა დაუბრუნდეს მითითებული თანხის ნახევარი _ 312,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება მა. ძ-ესა და ნო. და მე. ძ-ებს შორის შემდეგი პირობებით:
1. მა. ძ-ე იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს ნო. და მე. ძ-ებს 16 000 აშშ დოლარი მორიგების აქტის დამტკიცების დღესვე, 2009 წლის 21 ივლისს;
2. აწ გარდაცვლილი დ. ძ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება _ ქ. ბათუმში, .......... ქუჩა ¹11-ში მდებარე ¹6 ბინა საჯარო რეესტრში მთლიანად აღირიცხება მა. ძ-ის სახელზე და ნო. და მე. ძ-ები უარს ამბობენ აღნიშნული ქონებიდან წილი გამოყოფაზე;
3. აწ გარდაცვლილი მი. ძ-ის სახელზე რიცხული სამტრედიის რაიონის სოფელ ..........-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი) საჯარო რეესტრში მთლიანად აღირიცხება ნო. და მე. ძ-ების სახელზე და მა. ძ-ე უარს ამბობს აღნიშნული ქონებიდან რაიმე წილის მიღებაზე;
4. მოცემული მორიგების აქტის დამტკიცებასთან ერთად გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება;
5. მხარეები უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის ქონებრივ პრეტენზიაზე, რომელიც უკავშირდება აწ გარდაცვლილი მი. ძ-ის, ნა. ძ-ისა და დ. ძ-ის დანაშთ ქონებებს.
შეწყდეს საქმის წარმოება ნო. და მე. ძ-ების სარჩელს გამო მა. ძ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და სამკვიდროდან კუთვნილი წილის გამოყოფის შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
მა. ძ-ეს დაუბრუნდეს გ. ს-ის, გ. თ-ისა და მა. ძ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 312,5 ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.