¹ას-423-773-07 10 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “.. ..” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ვ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. პ-ა, გ. კ-ი (მოპასუხეები)
მესამე პირი _ სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “.. ..ის” დირექტორმა 2005 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. კ-ს მიმართ და მოითხოვა შპს “.. ..სა” და გ. კ-ს შორის 2004 წლის 17 ივლისს დადებული ¹... ხელშეკრულების 8.3 პუნქტის ბათილად ცნობა. მან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ შპს “.. ..სა” და გ. კ-ს შორის ... წლის ... ივლისს დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ... ქ.¹68, კვარტალი ¹45/155-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის “ბ...ის” მშენებლობაში ინვესტორის ფინანსური სახსრების მოზიდვა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ხელშეკრულების 8.3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მესამე პუნქტზე, 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებზე, 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტზე და ამავე კანონის 78-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემული ხელშეკრულების 8.3 პუნქტი არღვევს კანონით დადგენილ წესს. მხარეთა შორის წარმოჭრილი დავის განხილვა სასამართლო წესით შეუძლებელია საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან ასეთი სასამართლო დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით. ასევე აღნიშნულ დავას ვერ განიხილავს სასამართლო წესით ვერც მუდმივმოქმედი ან სპეციალურად დავისათვის შექმნილი კერძო არბიტრაჟი, რადგან ასეთი არბიტრაჟი ვერ განახორციელებს სასამართლოს ფუნქციას, ვერ განიხილავს დავებს სასამართლო წესით, არ წარმოადგენს საარბიტრაჟო სასამართლოს და არ არის სასამართლო სისტემაში არსებული მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდესის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს. აღნიშნულის თანახმად შპს “.. ..ს” უფლება აქვს სასამართლოში აღძრას სარჩელი და მოითხოვოს ხელშეკრულების 8.3 პუნქტის ბათილობა. მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა დავის განმხილველ ორგანოდ საარბიტრაჟო სასამართლო იმის გამო, რომ შპს “.. ..ის” იმჟამინდელი დირექტორი იყო რუსეთის მიოქალაქე, დამფუძნებელიც რუსეთის იურიდიული პირია, ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან მოსარჩელეებიც და გამომდინარე იქედან, რომ რუსეთში არსებობს საარბიტრაჟო სასამართლო, ხელშეკრულების მხარეები ფიქრობდნენ, რომ საქართველოშიც იყო ანალოგიური სასამართლო. მხარეებს მხედველობაში ჰქონდათ სასამართლო წესით დავის განმხილველი ორგანო, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს სასამართლო სისტემაში შემავალი დაწესებულება. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სარჩელის შემოტანა სასამართლოში დააჩქარა იმ გარემოებამ, რომ 2005 წლის 25 აგვისტოს შპს “.. ..მა” მოშალა ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ გ.კ-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ იქნა გადახდილი თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. გ. კ-მა შეიტანა სარჩელი შპს “სამოქალაქო დავათა ბათუმის ...ში” და მოითხოვა შპს “.. ..ის” დავალდებულება გადასცეს მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება. შპს “სამოქალაქო დავათა ბათუმის ...მა” მიიღო აღნიშნული სარჩელი განსახილველად და ქვემდებარეობის საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო სწორედ ხელშეკრულების 8.3 პუნქტს ანუ მიიჩნია მოცემული დავა მისი განსახილველი იყო. მოსარჩელის მითითებით, შპს “სამოქალაქო დავათა ბათუმის ...ის” თავმჯდომარის მოქმედება უკანონოა, რადგან “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების თანახმად იმისათვის, რომ მოცემული დავა განიხილოს შპს “სამოქალაქო დავათა ბათუმის ...მა” უნდა არსებობდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება ან ასეთი რამ მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულებაში. მხარეთა შორის დადებულ 2004 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოშობილი დავები განიხილება სასამართლო წესით ქ.ბათუმის ... სასამართლოში ანუ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დავას განიხილავს სასამართლო წესით ... სასამართლო და არა კერძო ან ...ი.
შპს “.. ..ის” დირექტორმა ვ. ტ-მა 2005 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. პ-ს მიმართ და მოითხოვა მათ შორის 2004 წლის 17 ივლისს დადებული ¹... ხელშეკრულების 8.3 პუნქტის ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს “სამოქალაქო დავათა ...ი” ჩართულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შპს “.. ..ის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “.. ..ს” წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს “.. ..ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2004 წლის 17 ივლისს შპს “ .. ..” და მოპასუხეებს ნ. პ-სა და გ. კ-ს შორის დაიდო ¹... და ¹... ხელშეკრულებები. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ის სამართლებრივი შეფასება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მისცა განსახილველ დავას და ჩათვალა, რომ არ არსებობს ხელშეკრულების 8.3 პუნქტის ბათილობის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეები რუსეთის მოქალაქეები არიან, ხოლო მოპასუხე ორგანიზაცია იურიდიული პირი შპს “ .. ..” რეგისტრირებულია ქ.ბათუმში, ასევე ის გარემოება, რომ შეთავაზება მშენებლობის პროცესში ინვესტიციის ჩადებისა მოპასუხეებისაგან ნ. პ-სა და გ. კ-საგან მოდიოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წინადადების შემთავაზებელს ანუ ოფერენტ მხარეს მოსარჩელე ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ, ხოლო მიმღები შეთავაზებისა ანუ აქცეპტანტი შპს “ .. ..” იყო. სასამართლოს მოსაზრებით, უპირველესად დასადგენია ის გარემოება, თუ რისი ნება გამოხატეს მხარეებმა ხელშეკრულების სადავო 8.3 პუნქტით და თუ მხარეთა მიერ გამოხატული ნება ბუნდოვანია ანუ მოითხოვს განმარტებას, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 337-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში იურიდიული პირის შპს “ .. ..” იურიდიული მისამართია ქ.ბათუმი, ამდენად ხელშეკრულების 8.3 პუნქტი გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, როგორც იგი ესმის და განიმარტება აქცეპტანტი მხარის მიერ. ხელშეკრულების თანახმად მხარეები სწორედ არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვაზე იყვნენ შეთანხმებულები. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტით მხარეებმა გააკეთეს დათქმა იმის თაობაზე, რომ ისინი იხელმძღვანელებდნენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ არბიტრაჟში კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..ს” წარმომადგენელმა ვ. გ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე და 249-ე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლომ დადგენილად ცნო გარემოება მხარეთა შორის არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვაზე შეთანხმების არსებობის თაობაზე, როდესაც მოცემულთან დაკავშირებით საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. კასატორის მოსაზრებით, თუკი სასამართლოს აზრით ხელშეკრულების 8.3 პუნქტი გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად როგორც ეს ესმის შპს “.. ..ს” შესაბამისად არასწორია სასამართლოს მიერ მხარეთა შორის არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვაზე შეთანხმების არსებობის დადგენილად მიჩნევა, რადგან შპს “.. ..ის” ხელძღვანელობა იმთავითვე მიუთითებდა, რომ დავის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო სასამართლო წესით საარბიტრაჟო სასამართლოში და მას მხედველობაში ჰქონდა სასამართლო სისტემაში არსებული ორგანოს მიერ დავის განხილვა სწორედ სასამართლო წესით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია შპს “.. ..ი” აქცეპტანტად, რადგან შპს “.. ..ს” მშენებლობა უკვე დაწყებული ჰქონდა და იგი თავად იზიდავდა ინვესტორებს მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად ანუ ოფერტი მშენებლობაში ინვესტიციების ჩადებისა მისგან მოდიოდა. შესაბამისად, თუკი სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 337-ე მუხლით, მაშინ სწორედ მოცემულ მუხლზე დაყრდნობით ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მათი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები დავის განმხილველ ორგანოდ მიუთითებდნენ საარბიტრაჟო სასამართლოზე, კერძოდ, იმ ორგანოზე, რომელიც სასამართლო სისტემაში უნდა ყოფილიყო და რომელიც შეძლებდა საქმის განხილვას სასამართლო წესით. კასატორის მითითებით, ისინი პირველი ინსტანციიდან მოყოლებული მიუთითებდნენ, რომ შპს “.. ..ის” იმჟამინდელი დირექტორი იყო რუსეთის მოქალაქე, დამფუძნებელიც რუსეთის იურიდიული პირია, ასევე რუსეთის მოქალაქეებია მოპასუხეებიც, ხელშეკრულება გაფორმებული იქნა რუსეთში, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში არსებობს საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც შედის სასამართლო სისტემაში და იგი განიხილავს ეკონომიკურ და მსგავს სხვა საქმეებს, ხელშეკრულების მხარეები ფიქრობდნენ, რომ საქართველოშიც იყო ანალოგიური სასამართლო. მხარეებს მხედველობაში ჰქონდა სასამართლო წესით დავის განმხილველი ორგანო, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს სასამართლო სისტემაში შემავალი დაწესებულება. თუკი მხარეები ფიქრობდნენ, რომ მათი დავა უნდა გადაეწყვიტა კერძო არბიტრაჟს, მაშინ ისინი მიუთითებდნენ სწორედ კერძო არბიტრაჟზე და არა საარბიტრაჟო სასამართლოზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა დავის კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვასთან დაკავშირებით და მათ მიერ წარმოდგენილი იქნა საკმაოდ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მესამე პუნქტზე, 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებზე, 90-ე მუხლის მე-2 ნაწლის “ბ” პუნქტზე და ამავე კანონის 78-ე მუხლზე, ასევე მიუთითა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-19 და მე-20 მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული 8.3 მუხლი არღვევს კანონით დადგენილ წესს, ეწინააღმეგება კანონს, აღნიშნულ დავას ვერ განიხილავს სასამართლო წესით ვერც მუდმივმოქმედი ან სპეციალურად დავისათვის შექმნილი კერძო არბიტრაჟი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ასეთი გარიგება ბათილია. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლები. როდესაც მხარეები მიუთითებდნენ დავის განხილვას სასამართლო წესით, დავის განმხილველ ორგანოდ იგულისხმებოდა სასამართლო სისტემაში შემავალი ორგანო საარბიტრაჟო სასამართლო და რადგან საქართველოში .... სასამართლო არ არსებობს, ამიტომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2004 წლის 17 ივლისს შპს “ .. ..” და მოპასუხეებს ნ. პ-სა და გ. კ-ს შორის დაიდო ¹... და ¹... ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების მე-8.3 პუნქტი აღნიშნულია, რომ წინამდებარე ხელშეკრულებების შესრულების პროცესში წარმოშობილი დავები განიხილება სასამართლო წესით ბათუმის საარბიტრაჟო სასამართლოში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მხარეთა შორის არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის შეთანხმების არსებობის თაობაზე, რადგან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მე-8.3 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს ასეთი შეთანხმების შესახებ. “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად არბიტრაჟს მხარეთა შორის სამოქალაქო დავის განხილვის უფლებამოსილება გააჩნია იმ შEმთხვევაში თუ მათ შორის ამის თაობაზე არსებობს სპეციალური შეთანხმება (საარბიტრაჟო შეთანხმება).
დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ შპს “.. ..ის” იმჟამინდელი დირექტორი იყო რუსეთის მოქალაქე, დამფუძნებელიც რუსეთის იურიდიული პირია, ასევე რუსეთის მოქალაქეებია მოპასუხეებიც, ხელშეკრულება გაფორმებული იქნა რუსეთში, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში არსებობს საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც შედის სასამართლო სისტემაში და იგი განიხილავს ეკონომიკურ და მსგავს სხვა საქმეებს, ხელშეკრულების მხარეები ფიქრობდნენ, რომ საქართველოშიც იყო ანალოგიური სასამართლო. როგორც საქმის მასალებით ირკვევა მხარეთA შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8.2 პუნქტში მითითებულია, რომ ყველა სხვა საკითხში, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ზემოაღნიშნული პუნქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები ამ ხელშეკრულების მთლიანი ტექსტის, მათ შორის სადავო მე-8.3 პუნქტის შედგენისას ხელმძღვენელობდნენ საქარტველოს მოქმედი კანონმდებლობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.