ას-423-814-06 2 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ გურამ სუპატაშვილი
კასატორი _ მ. ც-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ხ-ი (მოპასუხე)
დავის საგანი _ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ც-მა 2005 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა 2002 წლის 26 ივლისის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2004 წლის 4 სექტემბერს შედგენილი შეთანხმების ბათილად ცნობა, ქ.თბილისში, .... გამზ. მე-7 კვარტალი, კორპუსი ¹... , ბინა ¹55-ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის დაბრუნება, ბინის მის სახელზე აღრიცხვა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2002 წლის 26 ივლისს მასა და მოპასუხე ნ. ხ-ს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იგი მარჩენალს გადასცემდა თავის საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ.თბილისში, .... გამზირი, მე-7 კვარტალი, კორპუსი ¹ ... , ბინა ¹55-ში. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მთელი სიცოცხლის მანძილზე ერჩინა იგი, კერძოდ, უზრუნველეყო იგი პროდუქტით, ტანსაცმლით, სამედიცინო მომსახურებით და გადაეხადა კომუნალური გადასახადები. მოპასუხე თავის ვალდებულებას არ ასრულებდა სრულყოფილად, რის შემდეგ შეუთანხმდა, რომ შეასრულებდა ყველა ვალდებულებას და ამავე დროს გადაუხდიდა ფულად თანხას 150 ლარს, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შეინახავდა და არჩენდა. 2004 წლის 4 სექტემბერს მათ შორის შედგა შეთანხმება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხე მასთან არ მიდიოდა, არ უვლიდა და არ არჩენდა, მხოლოდ 150 ლარს რიცხავდა მის ანგარიშზე. როგორც შემდგომში გახდა მოსარჩელისთვის ცნობილი, იგი მოპასუხემ მოატყუა და ხელშეკრულებაში დააფიქსირა, რომ სამისდღეშიო სარჩო მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა მხოლოდ ფულადი თანხით. ნ. ხ-მა იგი მოატყუა და უკანონოდ დაეუფლა მის საცხოვრებელ ბინას. ყოველივე ამის გამო მათ შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა და შეუძლებელია გაგრძელდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ც-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მხარეებმა საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინეს განცხადება საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ და შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
ნ. ხ-ი (მარჩენალი) თანახმაა გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო მ. ც-ს (სარჩენს) 2004 წლის 4 სექტემბრის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებაში დაფიქსირებული 150 (ასორმოცდაათი) ლარის ნაცვლად ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარი, რომლის შეტანაც მოხდება მ. ც-ს საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის პირველიდან 7 რიცხვამდე ან იგივე პერიოდში გაეგზავნება ფოსტის მეშვეობით საცხოვრებელ ადგილას.
მ. ც-ი (სარჩენი) თანახმაა ნ. ხ-საგან ყოველთვიურად მიიღოს სამისდღეშიო სარჩო სამასი (300) ლარის ოდენობით და შეწყდეს სამოქალაქო საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ც-სა და ნ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
ნ. ხ-ი კისრულობს ვალდებულებას მ. ც-ს გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო 2004 წლის 4 სექტემბრის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებაში დაფიქსირებული 150 (ასორმოცდაათი) ლარის ნაცვლად ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარი, რომლის შეტანაც მოხდება მ. ც-ის საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის პირველიდან 7 რიცხვამდე ან იგივე პერიოდში გაეგზავნება ფოსტის მეშვეობით საცხოვრებელ ადგილას.
მ. ც-ი თანახმაა ნ. ხ-საგან ყოველთვიურად მიიღოს სამისდღეშიო სარჩო სამასი (300) ლარის ოდენობით და შეწყდეს საქმის წარმოება.
დადგენილია, რომ მ. ც-ი მეორე ჯგუფის ინვალიდია (ს.ფ. 14). “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” პუნქტის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები _ ყველა სარჩელზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ვინაიდან მ. ც-ი კანონით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამიტომ ნ. ხ-ს უნდა დაეკისროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდა 75 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს მორიგება მ. ც-სა და ნ. ხ-ს შორის შემდეგი პირობებით:
ნ. ხ-ი გადაუხდის მ. ც-ს ყოველთვიურად სამისდღეშიო სარჩოს 300 ლარს; ამ თანხას მ. ც-ის საბანკო ანგარიშზე ნ. ხ-ი შეიტანს ყოველი თვის პირველიდან შვიდ რიცხვამდე ან იმავე პერიოდში ფოსტით გაეგზავნება სარჩენს საცხოვრებელ ადგილას.
მ. ც-ი თანახმაა მიიღოს ნ. ხ-საგან სარჩო ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად დადგენილი 150 ლარისა შემოთავაზებული პირობებით.
მხარეები მორიგების გამო თანახმანი არიან შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება.
მხარეთა მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება.
ნ. ხ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი გადახდა 75 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.