ას-42-395-07 31 მაისი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – 1. ნ. გ.-ე
2. მ. ლ.-ი, თ., ჯ. გ.-ები
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა და ბინიდან გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.ქუთაისში, ...-ის ქუჩის მესამე შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ჯ. გ.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1980 წელს.
1991 წლის 15 ნოემბერს გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე სახლის მესაკუთრე გახდა გარდაცვლილის მეუღლე თ. გ.-ი.
ჯ. გ.-მა 1957 წლის 30 მაისს შედგენილი ხელწერილის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი ააშენა ი. რ.-სთან ერთად და მას ეკუთვნოდა სახლის ნახევარი.
1960 წლის 14 დეკემბრისა და 1965 წლის 7 დეკემბრის ხელწერილების თანახმად, ი. რ.-მ სახლის ეს ნაწილი 80 000 მანეთად გადასცა ნ. გ.-ს.
1996 წლის 15 მარტს ნ. გ.-ის შვილიშვილმა გ. გ.-მ თ. გ.-ის შვილის _ თ. გ.-საგან მიიღო 4000 აშშ დოლარი და დაკავებული ფართი მესაკუთრეს გამონთავისუფლებული ჩააბარა.
1996 წლის აგვისტოში ნ. გ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში თ. გ.-ის, თ. გ.-ისა და ი. რ.-ის მიმართ სახლის ნაწილზე ნასყიდობის გარიგების დადებულად ცნობის შესახებ.
ბაღდათის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 24 აპრილის დადგენილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო კოლეგიის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის განხილვის პროცესში გარდაიცვალა თ. გ.-ი, რის შემდგომ გარდაცვლილის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაბმულ იქნენ შვილი _ თ., რძალი _ მ. და შვილიშვილი _ ჯ. გ.-ი.
ნ. გ.-ის სარჩელზე განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, ნ. გ.-მ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა 1960 და 1965 წლების ნასყიდობის ხელშეკრულებების კანონიერად ცნობა, სახლის მისი კუთვნილი ნაწილიდან გ.-ების გამოსახლება და მათთვის სახლის თვითნებური გადაკეთებებით გამოწვეული ზიანის აღდგენის დავალდებულება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. მესამე შესახვევ ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილიდან იქ მცხოვრებ პირთა გამოსახლების თაობაზე ნ. გ.-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ნ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები _ თ. გ.-ი, ჯ. გ.-ი და მ. ლ.-ი გამოსახლებულ იქნენ ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩის მესამე შესახვევ ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილიდან.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სახლზე ნ. გ.-ის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან 1960 წლის 14 დეკემბრისა და 1965 წლის 7 დეკემბრის ხელწერილები არ მიიჩნია კანონშესაბამის გარიგებად უძრავი ნივთის ნასყიდობისა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს რეესტრის მონაცემთა მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ანუ პირი უძრავი ქონების მესაკუთრედ ითვლება მანამ, სანამ არ დამტკიცდება საჯარო რეესტრის ჩანაწერთა უზუსტობა, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ნ. გ.-ის მესაკუთრეობის უტყუარ მტკიცებულებად ჩათვალა, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა გამოსახლების ნაწილში საფუძვლიანად ჩათვალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კასატორმა ნ. გ.-მ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას საერთოდ არ უმსჯელია ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე და ასევე უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა სახლის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, მაშინ, როდესაც ის სადავო სახლის მესაკუთრეა, რაც დასტურდება ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 12 სექტემბრისა და 2002 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 1997 წლის 19 ნოემბრის განჩინებით.
აღნიშნული საფუძვლით კასატორმა ნ. გ.-მ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სადავო სახლის მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორების _ მ. ლ.-ის, თ. და ჯ. გ.-ების განმარტებით, სადავო ბინიდან მათი გამოსახლების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ასევე მიიჩნიეს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საჯარო რეესტრის უზუსტო ჩანაწერი, ვინაიდან საქმეში აპელანტის მიერ წარდგენილი ცნობით დასტურდება, რომ სახლის ერთადერთ მესაკუთრედ აწ გარდაცვლილი თ. გ.-ი ირიცხება. ამასთან, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სახლის ან სახლის ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების გარეშე სარჩელის დაკმაყოფილება, სადავო ნაწილიდან იქ მცხოვრებ პირთა გამოსახლებაზე, ურთიერთგამომრიცხავი, უკანონო და დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, მიიჩნია, რომ სადავო სახლზე ნ. გ.-ის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც მისი მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობასა და ამ სახლის მესაკუთრედ ცნობაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო, მეორე მხრივ, ნ. გ.-ე ჩათვალა სადავო ბინის მესაკუთრედ და მისი მოთხოვნა სადავო ბინიდან მოპასუხეების გამოსახლების თაობაზე დააკმაყოფილა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ. გ.-ე ერთდროულად მიჩნეულია როგორც სადავო სახლის მესაკუთრედ, ასევე არამესაკუთრედაც.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს და იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ნ. გ.-ის საჯარო რეესტრში აღრიცხვას გაუქმდა უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 24 აპრილის დადგენილებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
მოცემული საქმეზე სარჩელის საგანს წარმოადგენს მესაკუთრედ ცნობა. საჯარო რეესტრში სწორი ჩანაწერის სისწორე მოცემულ შემთხვევაში დამოკიდებულია ამ დავის გადაწყვეტაზე და, შესაბამისად, არსებული ჩანაწერი, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხეთა გამოსახლების საფუძვლად. აღნიშნულის გათვალისწინებით თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სახლზე ნ. გ.-ის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად, არც რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მოსარჩელეს მესაკუთრედ ცნობს, მოთხოვნა გამოსახლების შესახებ საფუძვლიანი იქნება.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული უნდა შეაჯამოს და გაანაწილოს მხარეთა შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.