Facebook Twitter

ას-424-774-07 10 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ზ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ვ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი _ შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ზ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 2004 წლის 10 ოქტომბრიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა ხობის რაიონის სოფელ ...ში, ...ის ტერმინალზე მთავარ ...ად. იმავე წლის 28 დეკემბერს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, სახლში წასვლისას, ავტოავრიის შედეგად მიიღო მრავალჯერადი დაზიანებები, რის გამოც გაუკეთდა ორი რთული ოპერაცია და 2005 წლის იანვრის დასაწყისიდან 2005 წლის აგვისტოს ბოლომდე იმყოფებოდა შრომისუუნარობის ფურცელზე, რის შემდეგაც 2005 წლის 7 სექტემბერს სამედიცინო კომიისიის მიერ დაუდგინდა მეორე ჯგუფის ინვალიდობა. შრომისუუნარობის დადგომიდან მოპასუხემ მას გადაუხადა სამი თვის ხელფასი - 2550 ლარი და ოპერაციის ხარჯები - 3300 ლარი, ხოლო აპრილიდან ხელფასის გაცემა შეუწყვიტეს და სიტყვიერად განუცხადეს, რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ შრომითი მოვალების შესრულებისას დაშავდა და შრომისუნარიანობა დაკარგა სრულად, მოპასუხის ბრალით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ა. ზ-მა და მისმა წარმომადგენელმა, სსკ-ის 408-ე, 413-ე, 992-ე და 997-ე მუხლების შესაბამისად, ასევე “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანების 33-ე პუნქტის თანახმად, მოითხოვეს ერთიანი კომპენსაციის სახით 10000 ლარის, შემდგომი აუცილებელი მკურნალობისთვის - 10000 ლარისა და, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი 3000 ლარის ანაზღაურება. მთლიანად მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა 83000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ტერმინალს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის სხეულის დაზიანებაში, ვინაიდან მას არ დაურღვევია შრომის კანონმდებლობა, შრომის დაცვის წესები და კანონის არც ერთი მოთხოვნა, რასაც შეეძლო ტერმინალის ვალდებულების წარმოშობა, პირიქით, ამ უკანასკნელმა თვითონ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რომლითაც ფეხით მოსიარულეს ევალება, არ გადაადგილდეს მანქანების მოძრაობის მიმართულებით, ე.ი. არ დაიცვა შრომის დაცვის წესები.

ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ა. ზ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის განჩინებით ა. ზ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ზ-ს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში შპს “.. ..”, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, ბრალი არ მიუძღვის, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება 2004 წლის 28 დეკემბერს მომხდარი შემთხვევის დროს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო ამავე წლის 29 დეკემბერს შპს “ .. ..” დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება არ წარმოადგენს სსსკ-ის 102.3 მუხლით გათვალისწინებულ მოპასუხის ბრალეულობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას. მოპასუხის არაბრალეულობა დადასტურებულია ასევე საქმეზე დართული მტკიცებულებებით, 2006 წლის 25 აპრილისა და 23 ივნისის ექსპერტთა დასკვნებით. ამასთან, ა. ზ-ს მოქმედება არ შეესაბამება “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 23.1 მუხლის მოთხოვნებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 244-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, მძღოლის ბრალეულობა დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და შპს “ .. ..” დირექტორის მიერ 2004 წლის 29 დეკემბერს გამოცემული ¹17/04 ბრძანებით, რომლითაც იგი სასტიკ საყვედურ უცხადებს მძღოლს - მ. გ-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა. ზ-ს ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში შპს “ .. ..”, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, ბრალი არ მიუძღვის, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. 2004 წლის 29 დეკემბერს შპს “ .. ..” დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება ¹48 არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ მოპასუხის ბრალეულობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას, ხოლო საქმეზე დართული მტკიცებულებებით, 2006 წლის 25 აპრილისა და 23 ივნისის ექსპერტთა დასკვნებით დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში შპს “ .. ..” ბრალი არ მიუძღვის.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექის 999-ე მუხლის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს რამდენიმე ელემენტს, კერძოდ, თუ მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მისი სატრანსპორტო საშუალების არამართლზომიერი ექსპლოატაციის შედეგად დადგა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრების ან ჯანმრთელობის მოშლის, ანდა ნივთის დაზიანების ფაქტი ამ კონკრეტული ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისას, მფლობელის არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების, ზიანისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ, 2006 წლის 25 აპრილისა და 23 ივნისის ექსპერტთა დასკვნების თანახმად, დაადგინა, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რადგან ადგილი არ ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება, კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა შპს “ .. ..” დირექტორის მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ ¹48 ბრძანებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს - მ. გ-ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და ამავე ბრძანებაში აღინიშნა, რომ მოცემული შემთხვევა გარკვეულწილად მისი გაუფრთხილებლობითაც მოხდა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანებით დასტურდება მძღოლის - მ. გ-ს ბრალი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ ბრძანებას. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ბრძანება არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი ანუ სასამართლო ამოწმებს თუ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ რამდენად არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების შედეგად მიაყენა ზიანი მოსარჩელეს. ამდენად, ზემოაღნიშნული ელემენტების შემოწმების წინაპირობას წარმოადგენს არა დირექტორის ბრძანება, არამედ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშნების დადგენა, ყველა იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უშუალოდ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს არსებობდა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ... შს რაიონული განყოფილების დადგენილებით გაუქმდა ექსპერტიზის დასკვნები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელახალი კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნით არ უქმდება მანამდე მიღებული ექსპერტიზის დასკვნები. ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენენ შეფასების საგანს. ამასთან მიმართებაში კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინებით დადასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურ-სამართლებრივი დარღვევის ფაქტი, რამაც გამოიწვია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება და რომლის შედეგად საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში არ არის მითითებული ისეთ მტკიცებულებებზე, რომელიც გამორიცხავენ ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს, რაც არ იქნა შეფასებული ან არასათანადოდ შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არ განიხილა სასამართლომ და რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.