ას-425-816-06 15 თებერვალი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს « .. .. ..»
წარმომადგენელი _ გ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ბ-ი, ვ. გ-ი, გ. ბ-ა, გ. ფ-ე, მ. ა-ე და კ. უ-ე
წარმომადგენელი _ ა. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2004 წლის 12 აგვისტოს ფ. ბ-მა, გ. ფ-მ და სხვებმა სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს « .. .. ..» მიმართ, მესამე პირი _ სს « .. .. ..» გაერთიანებული ... და მიუთითეს, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ ენერგოსისტემაში, ხოლო 1999 წლის პირველი ივლისიდან, 30 ივნისის სს « .. .. ..» ხელმძღვანელობის ¹კ-270 ბრძანებით მიმდინარე რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ ახალ განყოფილებაში, ფ-ე, ბ-ი, ა-ე და ბ-ა დაინიშნენ ... თანამდებობაზე. უ-ე და გ-ი კი თავდაპირველად ...ად, ხოლო 2003 წლის მაისიდან ასევე ...ად. მოსარჩელეთა განცხადებით, ისინი დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ და ამ ხნის მანძილზე მათ მიმართ ადმინისტრაციას არ გამოუყენებია არცერთი დისციპლინური სასჯელი. 2004 წლის აპრილში ხელმძღვანელობისაგან შეიტყვეს, რომ სს « .. .. ..» რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მათი სამსახური უქმდებოდა, თუმცა ისინი დასაქმებულები იქნებოდნენ ორგანიზაციის სტრუქტურებში ინჟინრის კვალიფიკაციის შესაბამისად. მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ, ვაკანტური ადგილების უქონლობის გამო, ადმინისტრაცია მათ დასაქმებას ვეღარ შესძლებდა, რაც შესრულდა საწარმოს გენერალური დირექტორის 2004 წლის 15 ივლისის ¹კ-184 ბრძანების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს, მათი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ უკანონო ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ამასთანავე, 2004 წლის 27 სექტემბერს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოითხოვეს მათთვის მოგვიანებით ცნობილი სს « .. .. ..» გაერთიანებული ... პრეზიდიუმის 2004 წლის 9 ივლისის სხდომის ოქმის გაუქმება, რომლითაც პროფკავშირების მხრიდან სს ,, .. .. ..» მიეცა თანხმობა მათი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ, რაც, მოსარჩელეთა განმარტებით, პროფკავშირების შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ფ. ბ-ის, გ. ფ-სა და სხვათა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს « .. .. ..» გაერთიანებული ... პრეზიდიუმის 2004 წლის 9 ივლისის სხდომის ოქმი ¹3, ასევე, სს « .. .. ..» 2004 წლის 15 ივლისის ¹კ-184 ბრძანება. მოსარჩელეები _ ფ. ბ-ი, გ. ფ-ე, გ. ბ-ა, მ. ა-ე, კ. უ-ე და ვ. გ-ი აღდგენილ იქნენ სამუშაოზე და აუნაზღაურდათ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ხოლო მათი მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სს « .. .. ..» წარმომადგენელმა გ. კ-მ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს მოკლებული და დაუსაბუთებელია.
თავის მხრივ, მოსარჩელეებმა 2005 წლის 2 სექტემბერს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, რის სამართლებრივ საფუძვლადაც მიუთითეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 268-ე მუხლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სს « .. .. ..» წარმომადგენლის _ გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ფ. ბ-ის, გ. ფ-სა და სხვათა სარჩელი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სს « .. .. ..» დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა და სს ,, .. .. ..» მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ სს « .. .. ..» გენერალური დირექტორის 2003 წლის 30 ოქტომბრის ¹კ-823 ბრძანებით სს « .. .. ..» რეორგანიზაციისა და მუშაკთა რიცხოვნობის, ასვე შტატების შემცირების უკანასკნელი ვადა განისაზღვრა 2004 წლის პირველ ივლისამდე, ანუ სს « .. .. ..» რეაორგანიზაცია მოიცავდა 2003 წლის პირველი ნოემბრიდან _2004 წლის პირველ ივლისამდე პერიოდს, ხოლო მოსარჩელეები სს « .. .. ..» გენერალური დირექტორის ¹კ-184 ბრძანებით, რეორგანიზაციის საფუძვლით, სამუშაოდან გაათავისუფლეს 2004 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც რეორგანიზაცია უკვე დასრულებული იყო, ასევე საქმის მასალებით დაადგინა, რომ სს « .. .. ..» ... პრეზიდიუმმა საკითხი განიხილა და სს ,, .. .. ..» ადმინისტრაციას მოსარჩელეთა განთავისუფლების თაობაზე თანხმობა მისცა საზოგადოებაში რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, კერძოდ, 2004 წლის 9 ივლისს.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის დაწყებამდე სს « .. .. ..» მუშა-მოსამსახურეთა საშტატო ერთეული განისაზღვრებოდა 2111, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ _2098 თანამშრომლით, ე.ი. შემცირდა მხოლოდ 13 საშტატო ერთეული, ხოლო საქმეში არსებული მასალებით, რეორგანიზაციის პერიოდში მიღებული თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს _ 97-ს. ამასთანავე, ორგანიზაციის ადმინისტრაციამ მოსარჩელეებს არ შესთავაზა პროფესიისა და კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაო საწარმოში. სააპელაციო სასამართლომ ასვეე დაადგინა, რომ სამუშაო, რომელსაც რეორგანიზაციამდე მოსარჩელეები ასრულებდნენ, დღემდე სრულდება, ხოლო ის გარემოება, რომ შტატს ჰქვია ... და არა «ს. ...» სახელი, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან წინანდელ სამუშაოდ მიიჩნევა მუშაკის შრომითი ფუნქცია შრომის წინანდელი პირობებით, რაც, სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საწარმოში არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მეორე ნაწილი, ასევე ამავე კოდექსის 206 და 207-ე მუხლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს « .. .. ..» წარმომადგენელმა გ. კ-მ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე სრული მოცულობით უარის თქმა იმ მოტივით, რომ თანამდებობა, რომელზეც აღდგენილ იქნენ მოსარჩელეები, ჯერ კიდევ რეორგანიზაციის პერიოდში გაუქმდა და მათი აღდგენა შესაბამისად, ვერ მოხერხდება, ამასთანავე, კასატორის განმარტებით, კანონი არსად მიუთითებს, რომ მუშაკი მაინცდამაინც რეორგანიზაციის პეროიოდში უნდა გათავისუფლდეს, მთავარია, რეორგანიზაციის პერიოდში გაუქმდა მოსარჩელეთა თანამდებობა, რაც ადმინისტრაციას უფლებას აძლევდა გაენთავისუფლებინა დაკავეული თანამდებობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაიო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს „ .. .. ..“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მოპასუხე საზოგადოებაში რეორგანიზაცია მოიცავდა 2003 წლის პირველი ნოემბრიდან 2004 წლის პირველ ივლისამდე პერიოდს, მოსარჩელეები კი საზოგადოების დირექტორის ბრძანებით რეორგანიზაციის საფუძვლით სამუშაოდან გათავისუფლდნენ 2004 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც რეორგანიზაცია დასრულებული იყო. ასევე დადგენილია, რომ საზოგადოებაში რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ სს „ .. .. ..“ ... პრეზიდიუმმა საზოგადოებაში განსახორციელებელი რეორგანიზაციის საფუძვლით თანხმობა მისცა ადმინისტრაციას მოსარჩელეთა განთავისუფლებაზე, ამასთან არ გამოარკვია რეალურად შემცირდა თუ არა შტატები, შეასრულა თუ არა ადმინისტრაციამ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა შემცირდა 13 საშტატო ერთეულით. ადმინისტრაციამ არ შესთავაზა მოსარჩელეებს პროფესიის (სპეციალობის), კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაო საწარმოში, და რეორგანიზაციის პერიოდში სამუშაოდ მიიღო 97 ახალი თანამშრომელი, ასევე, დადგენილია, რომ საწარმოში არსებობს იგივე სამუშაო, რასაც მოსარჩელეები ასრულებდნენ.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა განთავისუფლებისას ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად გათავისუფლებული მუშაკის შრომის უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან განთავისუფლებული იყვნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე, ვინაიდან საწარმოში რეორგანიზაცია დამთავრებული იყო და ამ საფუძვლით მათი განთავისუფლება კანონიერ საფუძველს მოკლებულია, შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე და 207-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეთა მოთხოვნა საფუძვლიანია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ .. .. ..“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.