ას-426-817-06 12 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ლ. გ-ა, ი. ს-ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ფ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-სა და ი. ს-ს მიმართ მოპასუხეთა და მათ თანმხლებ პირთა ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 2004 წლის 23 აპრილს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ლ. გ-ს სახელზე რიცხული ქ.თბილისში, .... ქ.¹13-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ბინა. უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად. ბ. ფ-ის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები მის კუთვნილ ბინას არ ათავისუფლებენ, რითაც მხარეს საკუთრების უფლების განხორციელებაში ხელი ეშლება.
ლ. გ-მ და ი. ს-მ სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ ისინი ბინის აუქციონის წესით გასხვისებას არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, მათთვის აუქციონის შედეგები უცნობია. მათ არაერთგზის მოსთხოვეს მოსარჩელეს სადავო ბინის საკუთრების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა, რის შემდეგაც გაათავისუფლებდნენ ბინას, მაგრამ ბ. ფ-ს აღნიშნული არ განუხორციელებია.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები სადავო ბინიდან გამოსახლდნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის განჩინებით ლ. გ-სა და ი. ს-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ლ. გ-ა და ი. ს-ა სადავო ბინიდან გამოსახლდნენ, ხოლო მათი თანმხლები პირების გამოსახლებაზე ბ. ფ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 23 აპრილს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ იქნა ლ. გ-ს სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ... ქ.¹13-ში მდებარე ბინა. მითითებული უძრავი ნივთი აუქციონის წესით შეიძინა მოსარჩელემ და 19/202 წილით საჯარო რეესტრში აღირიცხა თავის საკუთრებად. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და ბ. ფ-ის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 303-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოპასუხეებს სადავო ბინაში დამქირავებლად დარჩენის სურვილი არ გამოუთქვამთ. ამასთან, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების შესახებ არ გაიზიარა, რადგან ბ.ფ-ს არ მიუთითებია მოპასუხეებთან ერთად კონკრეტულად ვის გამოსახლებას მოითხოვდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ს-მ და ლ. გ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონდარღვევით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 303-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება, სასამართლო კი მოთხოვნის ფარგელბს გასცდა და ბინაში მოსარჩელის წილი _ 19/202-ით განსაზღვრა, რაც მხარეებს არ მოუთხოვიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინებით ი. ს-სა და ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ თვლის, რომ ი. ს-ა და ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 303-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის დანაწესი.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ს-სა და ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორ ი. ს-სა და ლ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ს-ა და ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.