Facebook Twitter

¹ას-428-670-08 14 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. ღ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. და ი. ღ-იძეები

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი და მოძრავი ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 12 ივნისს ვ. ღ-იძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების გ. და ი. ღ-იძეების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან, ასევე თავისი კუთვნილი ნივთების დაბრუნება.

მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისში, ......... ქ.¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მის საკუთრებას, ფაქტობრივად ცხოვრობს სახლის პირველ სართულზე, რომელიც საცხოვრებლად უვარგისია. მეორე სართული კი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს _ თავის შვილს და რძალს. ვინაიდან გ. და ი. ღ-იძეებთან აქვს ცუდი ურთიერთობა, თავად ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში, ხოლო ბინა კი მისი საკუთრებაა, მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფოლობელობიდან სახლის მეორე სართულის გამოთხოვა, ასევე მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების (ტანსაცმლის კარადა, მრგვალი გასაშლელი მაგიდა, 10 ცალი სკამი, 8 ცალი ბატარეა) დაბრუნება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ქ. ქუთაისში, ......... ქუჩაზე ჰქონდათ სახლი, რომელიც დაახლოებით 10 წელია გაყიდეს და შემდეგ ერთობლივად, ვ. ღ-იძესთან ერთად შეიძინეს სადავო ბინა, ამიტომ სახლი მათი საკუთრებაცაა, ხოლო მოძრავი ნივთები კი მოსარჩელეს არ ეკუთვნის, შესაბამისად, მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ღ-იძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა გ. და ი. ღ-იძეების უკანონო მფლობელობიდან ქ. ქუთაისში, ......... ქ.¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, არ დაკმაყოფილდა ვ. ღ-იძის სარჩელი მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ქუთაისში, ......... ქ.¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ვ. ღ-იძის საკუთრებას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ვ. ღ-იძეს, როგორც სახლის მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა მფლობელისაგან მოეთხოვა ნივთის უკან დაბრუნება.

სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია გენადი ღამბაშიძე მოსარჩელის შვილი იყო, მაგრამ ეს გარემოება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არ წარმოშობდა მფლობელობის უფლებას.

მოსარჩელის მოთხოვნა მოძრავი ნივთების დაბრუნების ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მტკიცებულებების არარსებობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან სახლის გამოთხოვის ნაწილში გაასაჩივრეს გ. და ი. ღ-იძეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სახლის მესაკუთრეა და ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია.

ვ. ღ-იძემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მოძრავი ნივთების დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ. და ი. ღ-იძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. და ი. ღ-იძეების უკანონო მფლობელობიდან ქ. ქუთაისში, ......... ქ.¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილიდან გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ღ-იძის სარჩელი გ. და ი. ღ-იძეების უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი სახლის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვ. ღ-იძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება ნივთების დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ვ. ღ-იძე სადავო სახლის მესაკუთრე არ არის, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შესძლო აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა. სასამართლომ ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია ვ. ღ-იძის მოთხოვნა მოძრავი ნივთების დაბრუნების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ღ-იძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 183-ე მუხლი. კასატორმა საკასაციო საჩივარს დაურთო ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის წერილი და სხვა მტიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ვ. ღ-იძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ვ. ღ-იძე სადავო სახლის მესაკუთრე არ არის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ და, რომლითაც დადასტურდებოდა ვ. ღ-ძის საკუთრების უფლება სადავო სახლზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი სადავო სახლის მესაკუთრეა.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

ამ ნორმის თანახმად, სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება ვინდიკაციური სარჩელის შეტანის გზით. მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ შემთხვევაში სამი წინა პირობის არსებობისას არის შესაძლებელი, კერძოდ, მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ვ. ღ-ძის საკუთრების უფლება სადავო სახლზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე.

არ არსებობს ასევე ნივთების დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან კასატორი საკასაციო საჩივარში მოითხოვს მხოლოდ გადაწყვეტილების გაუქმებას და არ მიუთითებს თუ რაში გამოიხატება აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების უსწორობა, საკასაციო საჩივარი არ ეფუძნება იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

მითითებული ნორმის მიხედვით, საკასაციო ინსტანციაში არ შეიძლება ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში და ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ღ-იძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საქმიდან ას-428-670-08 ამოღებულ იქნას საქმის მასალები (ს.ფ.104-113 ) და დაუბრუნდეს კასატორს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.