Facebook Twitter

ას-428-778-07 21 სექტემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “კ...ის” პარტნიორი ო. მ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ რ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი., ყ., მ. მ-ები (მოპასუხეები); შპს “.. .. პარტნიორი შპს “რ...ის” დირექტორი დ. ბ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – მორიგების აქტის გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქედის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ივლისის განჩინებით ვ. მ-ს, ი. მ-ს, ყ.ს მ-ს და შპს “კ...ის” დირექტორ ო. მ-ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: შპს “კ...” არის შპს კომერციული ფირმა “ტ...ის” უფლებამონაცვლე; გარდაქმნამდე შპს კომერციული ფირმა “ტ...ის” ერთ-ერთი პარტნიორი იყო ჯ. მ-ე და სულ იყვნენ 5 დამფუძნებელი-პარტნიორი; მოსარჩელეები ყ. მ-ე, ვ. მ-ე და ი. მ-ე არიან აწგარდაცვლილი ჯემალ მ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები და მათ ერგოთ მემკვიდრეობით შპს “ტ...ში” ერთი წილი; მოსარჩელეებს ყ. მ-ს, ვ. მ-ს და ი. მ-ს დამოუკიდებლად საქმიანობის დაწყებამდე პარტნიორების სახით უფლება აქვთ ყოველ მე-5 დღეს დამოუკიდებლად აწარმოონ მინერალური წყლის “კ....ის” ჩამოსხმა, რეალიზაცია და მიღებული მოგების განკარგვა; როდესაც მოსარჩელეები ყ., ვ. და ი. მ-ები დამოუკიდებლად დაიწყებენ მინერალური წყლის “კ...ის” ჩამოსხმას, მხარეებს შეუძლიათ თანაბრად გამოიყენონ მინერალური წყლის მარაგი; გასული წლების მიუღებელი მოგების საკომპენსაციოდ მოსარჩელე მხარეს უფლება აქვს დამატებით ჩამოასხას გარკვეული რაოდენობით მინერალური წყალი “კ...” საჭირო ტარის წარმოდგენის შემთხვევაში, საერთო ჯამში ჩამოსხმული იქნება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლიტრი მინერალური წყალი “კ....”; მხარეთა შორის მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა.

შპს “კ...ის” პარტნიორმა შპს “რ...ის” დირექტორმა 2005 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “კ...ის” პარტნიორის ო. მ-ის, ი., ვ. და ყ. მ-ების მიმართ და მოითხოვა ქედის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ივლისის მორიგების აქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი., ვ. და ყ. მ-ების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ 2003 წლის სექტემბერში ქედის რაიონული სასამართლოს მიერ შპს “კ...ის” წესდებაში რეგისტრირებული ცვლილებების თანახმად საზოგადოების პარტნიორად ოთარ მ-ის წილი განისაზღვრა 48.46%-ით, ხოლო შპს “რ...ის” დირექტორის დ. ბ-ის წილი განისაზღვრა 51.54%-ით. აღნიშნული დადგენილების გამოტანისას სასამართლომ სხვა დოკუმენტებთან ერთად ისარგებლა შპს “კ....ის” პარტნიორთა კრების 2003 წლის 4 სექტემბრის ოქმით, რომლის თანახმად საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეედგინა მორიგების აქტი ანუ სასამართლო ვალდებული იყო მორიგების აქტის შედგენამდე შეესწავლა შპს “კ....ის” რეგისტრაციისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული დროისათვის საზოგადოებას ჰყავდა ორი დირექტორი თანაბარი უფლებებით. მორიგების აქტში დაფიქსირებული იყო კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებები, ასეთი შეთანხმებები კი ბათილია დადების მომენტიდან. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეების ყ., ვ. და ი. მ-ების მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი. მოსარჩელეთა მამის ჯ. მ-ის გარდაცვალების დროისათვის შპს “ტ...” მართალია იყო რეგისტრირებული, მაგრამ საზოგადოება არ ფუნქციონირებდა. ჯ.მ-ე გარდაიცვალა 1994 წლის 11 აპრილს, მორიგების აქტის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2005 წლის ივნისში.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “კ...ის” პარტნიორს შპს “რ...ის” დირექტორს დ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელზე უსაფუძვლობისა და დაუშვებლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “კ...ის” პარტნიორმა ო. მ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინებით ო. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 12 ივლისს ქედის რაიონული სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მორიგება მოსარჩელეების: ვ., ი., ყ. მ-ებსა და მოპასუხე შპს “კ...ის” დირექტორ ო. მ-ს შორის; მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტის შპს “კ...ის” დირექტორის ო. მ-ის მიერ გასაჩივრებული იქნა 2004 წლის 12 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2004 წლის 12 ივლისის მორიგების აქტი, რომლის ბათილობასაც მხარე ითხოვს სასამართლო განჩინებისაგან დამოუკიდებელი აქტია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2004 წლის 12 ივლისის მორიგების აქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და მისი განხილვა არ შეიძლება იმ განჩინებისაგან დამოუკიდებლად, რომლითაც მისი დამტკიცება მოხდა; მხარეთა მორიგებით მიღწეული საბოლოო სამართლებრივი შედეგი ამ განჩინებით დამტკიცდა და ამის გამო საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მართებულად ჩათვალა იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელით მხარე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. თავად სასარჩელო განცხადებიდანაც დასტურდება, რომ მხარე ერთის მხრივ მორიგების აქტისა და 2004 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმებას ითხოვს, აქვე აყენებს მოთხოვნას თავდაპირველი მოსარჩელეების ყ., ი. და ვ. მ-ების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულ სარჩელზე დავა სწორედ მხარეთა მორიგებით დამთავრდა 2004 წლის 12 ივლისს და არანაირი თავდაპირველი სარჩელი ან სხვა სარჩელი ამჟამად განსახილველ დავაში არ არსებობს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინების გაუქმებაა და სასარჩელო წარმოების გზით მისი განხილვა დაუშვებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “კ...ის” პარტნიორმა ო. მ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “კ...ის” პარტნიორის შპს “რ...ის” დირექტორის დ. ბ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი განჩინება. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასებები მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორად იქნა გაგებული სარჩელის საგანი და საფუძვლები. მოსარჩელე თავის სარჩელში მიუთითებდა, რომ 2004 წლის 12 ივლისის მორიგების აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. ო.მ-ს კერძო საჩივარიც ჰქონდა სასამართლოში შეტანილი, რაზეც პასუხი არ მიუღია. კასატორმა მიუთითა, რომ საზოგადოების პარტნიორთა თანხმობა ანუ კრების ოქმი 2004 წლის 12 ივლისის მორიგების დადებაზე არ არსებობს. ასევე არ არსებობს თვით ამ საზოგადოების დირექტორის ო.მ-ის ნება მორიგების გასაფორმებლად. გ. გ-ს ამ გარიგების დასადებად არ ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარმოებაზე, რომ ვ. მ-ე, ი. მ-ე და ყ. მ-ე ითვლებოდნენ არასათანადო მოსარჩელეებად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლები. კასატორის მითითებით, სასამართლომ მოცემულ საქმეზე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ო. მ-ე, როგორც მოპასუხე აღიარებდა სასარჩელო მოთხოვნებს და მხარს უჭერდა სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნებს. გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე, ასევე არ არის ნამსჯელი მოპასუხეთა ახსნა-განმარტებებზე და მათ მოსაზრებებზე, არ არის მითითებული მტკიცებულებებზე, რომლებიც გამოიკვლია სასამართლომ; საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის შეფასებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლები. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს “კ...ის” პარტნიორი ო. მ-ის წარმომადგენელი რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “კ...ის” პარტნიორი ო. მ-ის წარმომადგენელი რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “კ...ის” პარტნიორი ო. მ-ის წარმომადგენელი რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “კ...ის” პარტნიორ ო. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს “კ...ის” პარტნიორი ო. მ-ის წარმომადგენელი რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორ ო. მ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.