Facebook Twitter

ას-429-779-07 29 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ჩ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “-- -- --” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინება

დავის საგანი სარჩელში – ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა;

შეგებებულ სარჩელში _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „-- -- --“ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. ჩ-ს მიმართ და განმარტა, რომ 2003 წლის 4 დეკემბერს შპს „-- -- --“ და ნ. ჩ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ¹1, რომლის თანახმადაც შპს „-- -- --“ ივალდებულა ნ. ჩ-ს სასწავლებლად გამგზავრება ამერიკული ორგანიზაციის კულტურულ - გაცვლითი პროგრამით. დასახელებული ხელშეკრულების 3.10 და 4.1 მუხლის მიხედვით, ნ. ჩ-ს კომპანიის სასარგებლოდ ეკისრებოდა ჯარიმა პროგრამიდან დისკვალიფიკაციის ან პირადი სურვილით გამოთიშვის შემთხვევაში ერთი კვირის ვადაში „კომპანიის ოფისში“ (შპს „-- -- --“) გამოუცხადებლობისათვის 15 000 ლარის ოდენობით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2004 წლის 16 თებერვალს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება შპს „-- -- --“ და ნ. ჩ-ს მამას-თ. ჩ-ს შორის. თ. ჩ-მ, როგორც თავდებმა, იკისრა ვალდებულება 2004 წლის 4 დეკემბრის ¹1 ხელშეკრულების 2.10 და 4.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე ნ. ჩ-ს მიერ ამ ვალდებულების დარღვევის შეთხვევაში. განმცხადებელმა მიუთითა ასევე, რომ ნ. ჩ-მ თვითნებურად მიატოვა პროგრამა, არ გამოცხადდა ოფისში და არალეგალურად იმყოფება აშშ-ში. შპს „-- -- --“ სარჩელით მოითხოვა გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღება და თ. ჩ-სათვის 16 361,80 ლარის დაკისრება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადახდის ბრძანებით თ. ჩ-ს დაეკისრა 16 361,80 ლარის გადახდა შპს „-- -- --“ სასარგებლოდ.

2005 წლის 1 აპრილს თ. ჩ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გარიგების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „-- -- --“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ. ჩ-ს დაეკისრა 8000 ლარის გადახდა შპს „-- -- --“ სასარგებლოდ. თ. ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით თ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით თ. ჩ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 400 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა მის მიერ გადახდილი 30 ლარის გათვალისწინებით. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო თ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით თ. ჩ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 400 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა მის მიერ გადახდილი 30 ლარის გათვალისწინებით. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 128-129).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე თ. ჩ-ს გაეგზავნა 2007 წლის 8 ივნისს (ს.ფ. 130); კასატორს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 9 ივნისს (ს.ფ. 131), რომელსაც შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 15 ივნისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

რაც შეეხება თ. ჩ-ს მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ გადახდილი 30 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

თ. ჩ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 30 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.