ას-430-780-07 29 ივნისი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 7 ივნისს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეებმა: ჰ. გ-მ, გ. ჟ-მა და ი. თ-მ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ. ბ-ს მიმართ საქართველოს ... კავშირის შენობიდან _ მდებარე, ქ. თბილისი, ... ¹3-ში, უკანონოდ შეჭრილი მოპასუხის იძულებით გამოყვანის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მ. ბ-ი არ დაემორჩილა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ სამართლებრივ აქტებს, უკანონოდ შეიჭრა საქართვლოს ... კავშირის შენობაში და ხელს უშლის კანონიერ ხელმძღვანელობას უფლებამოსილების განხორციელბაში.
მოპასუხე მ. ბ-მა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეები მოითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას შეჩერებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ბ-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე _ ქ. თბილისში, ... ¹3-ში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით მ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის შეჩერება არ იწვევს თვით კავშირის მოქმედების შეჩერებას და შესაბამისად, ძალაშია კავშირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა, მოსარჩელეთა უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მ. ბ-ს სარჩელი ... სამინისტროს და მესამე პირების გ. ჟ-სა და ჰ. გ-ს მიმართ ¹1201 და ¹1470 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც საქართველოს ... კავშირის წევრების ა-ს, ზ-სა და სხვების სარჩელის წარმოებაში მიღებასთან ერთად შეჩერდა გასაჩივრებული ინდვიდუალური აქტის 2005 წლის 8 ივლისის ¹1201 ბრძანების მოქმედება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ¹1201 ბრძანების მოქმედების შეჩერების ნაწილში.
სააპელაციო სასამარლომ დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია საქართველოს ... შემოქმედებითი კავშირი, რომლის ხელმძღვანელები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, თანათავმჯდომარეები არიან: გ. ჟ-ი, ი. თ-ა და ჰ. გ-ა. ასევე დაადგინა, რომ თბილისში, ... ¹3-ში მდებარე უძრავი ქონების 396,67 კვ.მ. ფართობი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის საკუთრებაა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ბ-მა ვერ წარმოადგინა სადავო ფართის ფლობის უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.