საქმე №54აპ-16 ქ. თბილისი
დ-ე ხ. 54აპ-16. 7 ივნისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - რომან ბოლქვაძის
მსჯავრდებულ - ხ. დ-ს
ადვოკატ - ჯ. კ-ს
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ხ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით:
ხ. დ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ხ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და იმავე კოდექსის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 თვე და ხ. დ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4000 ლარი.
მსჯავრდებულ ხ. დ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 18 ივნისის ჩათვლით.
გაუქმდა ხ. დ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ი. ო-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, რაც საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 10 მარტიდან იმავე წლის 18 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა - 1000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
გაუქმდა მსჯავრდებულ ი. ო-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ლ. ღ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, რაც საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 10 მარტიდან იმავე წლის 18 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა - 1000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
გაუქმდა მსჯავრდებულ ლ. ღ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულებს: ხ. დ-ეს, ი. ო-სა და ლ. ღ-ეს მსჯავრი დაედოთ ხულიგნობაში, ესე იგი ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 00.20 საათზე, ..... რაიონის სოფელ ..... .....ს ცენტრში ი. ო-მა, ხ. დ-ემ და ლ. ღ-ემ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც რ. თ-ეს, ასევე ხულიგნობის აღმკვეთ პირს, ი. კ-ეს, რითაც დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ და ითხოვა მსჯავრდებულების: ი. ო-ის, ლ. ღ-სა და ხ. დ-ვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდა მსჯავრდებულ ხ. დ-ს საუარესო ცვლილება სასჯელის ნაწილში, ხოლო განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად, კერძოდ:
ხ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ხ. დ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ხ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ხ. დ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 18 ივნისის ჩათვლით.
5. 2016 წლის 21 იანვარს მსჯავრდებული ხ. დ-ე დააკავეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის ა/რ-ის სამმართველოს თანამშრომლებმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. კ-ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: ხ. დ-ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, აღიარა დანაშაული, ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და დაზარალებულებს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ხ. დ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. კ-ემ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება.
8. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა რომან ბოლქვაძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: დაზარალებულ რ. თ-ესა და მსჯავრდებულს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ატარებდა ორმხრივ ხასიათს; დაზარალებულ ი. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული რ. თ-ე იყო ნასვამი; ხ. დ-ეს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მსჯავრდებული 4 თვე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში.
3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ–ის 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ხ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: ხ. დ-ეს საქართველოს სსკ-ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ხ. დ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი.
6. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები უნდა შეიკრიბოს და ხ. დ-ეს უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა - 6 თვის ვადით. ხ. დ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 21 იანვრიდან და სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 18 ივნისამდე და 2016 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 7 ივნისის ჩათვლით, სულ - 8 თვე და 17 დღე; იგი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ხ. დ-ეს საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული ჯარიმა - 500 ლარით და განესაზღვროს ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ხ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს სასჯელის ნაწილში:
3. ხ. დ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ხ. დ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი.
5. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და ხ. დ-ეს განესაზღვროს ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა - 6 თვის ვადით.
6. ხ. დ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 21 იანვრიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 18 ივნისამდე და 2016 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 7 ივნისის ჩათვლით, სულ - 8 თვე და 17 დღე; იგი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7. ხ. დ-ეს საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული ჯარიმა - 500 ლარით და განესაზღვროს ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი