Facebook Twitter

ას-431-781-07 29 ოქტომბერი, 2007 წელი.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ო-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ .. .. (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ ი. ჭ-ეE

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჭ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. დ-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. დ-ი გამოსახლდა სადავო ბინიდან მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, რაც დ.დ-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 3 ივნისის განჩინებით მოსარჩელე ი. ჭ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით, .. .., ხოლო ი. ჭ-ე ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განჩინებით თანამოპასუხეებად საქმეში ჩაებნენ თ., ს. და გ. დ-ები, გ., ი. და ირ. ო-ები.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და .. .. სარჩელი დაკმაყოფილდა, დ., თ., ს. და გ. დ-ები, გ., ი. და ირ. ო-ები გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... მე-4ბ მ/რ-ის ¹25ა კორპუსში მდებარე ¹1 ბინიდან, რაც გაასაჩივრეს დ. დ-მა და გ. ო-მა.

Yთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით გ. ო-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ, თუმცა გ. ო-ი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს პროცესზე არ გამოცხადდა. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ გ. ო-ს გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობით, ვინაიდან იგი დაავადებულია ინსულინდამოკიდებული დიაბეტით ჰიპერტონიის ფონზე და 2006 წლის 5 ივლისს ჰქონდა შეტევა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და ჩათვალა, რომ თავისი მოსაზრება მხარემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გ. ო-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლი და საქმე განიხილა .. .. წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. სააპელაციო პალატამ დაარღვია ამავე კოდექსის 279-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, რადგან, დ. დ-ს ერაყში გრძელვადიან სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრების გამო, საქმის წარმოება არ შეაჩერა. სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით გ.ო-ი თავის შვილებთან ერთად საქმეში მოპასუხეებად ჩააბა მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, რის გამოც მათ ვერ ისარგებლეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებით და ვერ აღძრეს შეგებებული სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ საქმეში მოსარჩელედ არასწორად ჩართო .. .., ვინაიდან სადავო ბინა საჯარო რეესტრში მის სახელზე არ ირიცხება. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი, როდესაც ნება დართო .. .. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დ.დ-თან ერთად მოეთხოვა სადავო ბინიდან კასატორისა და მისი შვილების გამოსახლებაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. ო-ს სააპელაციო საჩივრის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2007 წლის 5 ივლისს, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა აპელანტი გ.ო-ი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც აღნიშნული მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ.ო-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა კასატორს კანონით დადგენილი წესით არ დაუსაბუთებია. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში გ.ო-ი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, 2006 წლის 5 ივლისს საქმის განხილვაზე მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის თაობაზე, რის გამოც მითითებულ საკითხზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება დ. დ-ს გრძელვადიან სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრების გამო, ვინაიდან დ.დ-ს სააპელაციო საჩივარზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და საქმე ამ ნაწილში არსებითად განიხილა.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ .. .. სათანადო მოსარჩელედ საქმეში არასწორად ჩააბა, ვინაიდან .. .., როგორც სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, უფლებამოსილია, იდავოს თავისი საკუთრების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

ასევე ვერ იქნება გაზიარებული გ. ო-ს მოსაზრება, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის დარღვევით, სააპელაციო სასამართლოში უკანონოდ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო ბინიდან დ.დ-სა და მისი თანმხლები პირების გამოსახლება. არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო გამოერკვია, თუ კონკრეტულად ვინ იგულისხმებოდა დ.დ-ს თანმხლებ პირებში და საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნათაგან გამომდინარე უზრუნველეყო მათი საქმის განხილვაში მონაწილება და მოპასუხეებად ჩაბმა, რაც სააპელაციო სასამართლომ კანონის დაცვით განახორციელა კიდეც.

დაუსაბუთებელია მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით საქმის განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენელი, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებული არ იყო. დასახლებული ნორმით, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა _ ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს ორგანიზაციის თანამშრომლებს ამ ორგანიზაციის მონაწილეობით მიმდინარე საქმეებზე გამოვიდნენ სასამართლოში მათი სახელით სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაშიც საქმეში მონაწილეობდა .. .. წარმომადგენელი, იურიდიული სამმართველოს სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გ. ც-ე, რომელიც, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სათანადო მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი იყო, სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა მითითებული სამინისტრო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განჩინებით კასატორ გ. ო-ს სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გადაუვადდა, ამდენად, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

გ. ო-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.