ას-433-783-07 16 ივლისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ჭ-ე-ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ფ-ე, ბ. ი-ი და ნოტარიუსი ნ.გ-ი
დავის საგანი _ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ი-მა 2005 წლის ოქტომბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა მ. ჭ-ე-ფ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მაისის განჩინებით ბ. ი-ის სარჩელით აღძრული საქმე ქ. ფ-ის და მ. ჭ-ე-ფ-ის მიმართ გამოსახლების შესახებ გაერთიანდა მ. ჭ-ე-ფ-ის სარჩელით აღძრული საქმესთან მოპასუხეების ქ. ფ-ის, ბ. ი-ის, ნოტარიუს ნ.გ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები ქ. ფ-ე და მ. ჭ-ე-ფ-ე გამოსახლდნენ საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹7-ში. მ. ჭ-ე-ფ-ს უარი ეთქვა სარჩელზე უსაფუძლობის გამო. გაუქმდა 2005 წლის განჩინება ბ. ი-ის სახელზე რიცხულ ბინაზე ყადაღის დადების შესახებ. ყადაღა მოეხსნა ბ. ი-ის სახელზე დადებულ ბინას, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹7-ში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ე-ფ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ე-ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ჭ-ე-ფ-ის სარჩელის _ 1999 წლის 10 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ჭ-ე-ფ-ის სარჩელი 1999 წლის 10 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
მ. ჭ-ე-ფ-მ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით მ. ჭ-ე-ფ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ჭ-ე-ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით მ. ჭ-ე-ფ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 157-158). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. ჭ-ე-ფ-ს და მის წარმომადგენელს (ს.ფ.159; 161), რაც 2007 წლის 13 ივნისს პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს რ.გ-ს (ს.ფ. 162), ხოლო 2007 წლის 14 ივნისს კასატორ მ. ჭ-ე-ფ-ს (ს.ფ. 160). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 20 ივნისის ჩათვლით; მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ჭ-ე-ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჭ-ე-ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.